პორტუგალიის დედაქალაქში ევროპის ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული მუსიკალური კონკურსი იწყება.
ევროვიზიის სიმღერის რიგით 63-ე კონკურსის პირველი ნახევარფინალური შოუ ლისაბონში დღეს გაიმართება, სადაც 19 ქვეყნის რჩეული მუსიკოსი ფინალში მოსახვედრად იბრძოლებს.
პირველი ნახევარფინალის პირდაპირი ტრანსლირება საზოგადოებრივი მაუწყებლის „პირველი არხის“ ეთერში 23:00 საათიდან დაიწყება. მანამდე კი, 22:30 საათზე ეთერში გავა ევროვიზიის დღიურები.
18 კონკურსანტისთვის დღეს საქართველოს ხმის მიცემა არ შეუძლია. ქვეყანას არჩევანის გაკეთების საშუალება 10 მაისს მიეცემა, როდესაც ევროვიზიის მეორე ნახევარფინალი გაიმართება და მაყურებლის წინაშე საქართველოს წარმომადგენლები – ჯგუფი „ირიაო“ წარდგება. ევროვიზიის წესების მიხედვით, ქვეყანას თავისი წარმომადგენლების ხმის მიცემა არ შეუძლია. ამიტომ, არჩევანი სხვა ქვეყნის წარმომადგენლებზე უნდა შეაჩერონ. მაყურებელთან ერთად არჩევანს გააკეთებს კომპეტენტური ჟიურიც. საქართველოს მოსახლეობას ხმის მიცემა ფინალურ კონცერტზეც შეეძლება.
თითო ნახევარფინალიდან ფინალში 10 ქვეყნის წარმომადგენელი გადადის. ფინალში მათ უერთდებიან დიდი ხუთეულის ქვეყნები და გამარჯვებული ქვეყნის წარმომადგენელი. ფინალში ხმის მიცემა შეუძლია 43-ვე ქვეყანას, რომელიც ევროვიზია 2018-ში მონაწილეობს.
წელს ევროფესტივალზე საქართველოს ეთნო-ჯაზ ბენდი „ირიაო” წარმოადგენს, რომელიც მეორე ნახევარფინალში, 10 მაისს იმღერებს. „ირიაო“ შეასრულებს სიმღერას – „შენი გულისთვის“.
„ალტის არენას“ სცენაზე მეორე ნახევარფინალში 18 კონკურსანტი მონაწილეობს. მაყურებელი და ჟიური მათ შორის საუკეთესო ათეულს შეარჩევს, რომელიც ფინალში 12 მაისს იმღერებს.
წელს ევროფესტივალში 43 ქვეყანა მონაწილეობს. აქედან ხუთი ქვეყნის – დიდი ბრიტანეთის, გერმანიის, იტალიის, საფრანგეთისა და ესპანეთის კონკურსანტები, ისევე როგორც მასპინძელი პორტუგალია, საკუთარ ქვეყანას ფინალურ ეტაპზე წარადგენენ.
გუშინ, ევროვიზია 2018-ის მონაწილეებისთვის ლისაბონის მთავარ მოედანზე კონცერტი გაიმართა. „ირიაოს“ გამოსვლას მაყურებელი ოვაციებით შეხვდა.
ამასთან, ორი დღით ადრე, „ევროვიზიის” კონკურსანტებმა წითლის ნაცვლად სიმბოლური დატვირთვის მქონე ლურჯ ხალიჩაზე გაიარეს.
1tv.ge