LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

facebook-ბულინგი დასჯადია – ინტერნეტდაცინვაზე გამოძიება დაიწყო 

მეგობრების წრეში არცთუ წარმატებულად წაღიღინებული სიმღერა ან წაკითხული ლექსი  – საქვეყნო დაცინვის საგანი, თქვენ კი კიბერბულინგის მსხვერპლი შეიძლება, გახდეთ.  რომელიმე სატელევიზიო შოუში ან კონკურსში წარუმატებელი გამოსვლის შემდეგ დაცინვა გაცილებით ფართომასშტაბიანი ხდება. ათასობით გაზიარება და დამცინავი კომენტარი სოციალურ ქსელში მორალური და ფსიქოლოგიური წნეხის ქვეშ აქცევს არამარტო მსხვერპლს, არამედ დამაბრკოლებელი გარემოება ხდება სხვა ადამიანებისთვისაც. ადამიანები, ინტერნეტდაცინვის შიშის გამო, ხშირად უარს ამბობენ, გამოსცადონ საკუთარი შესაძლებლობები.

 

ინტერნეტბულინგის შემთხვევები ქართულ რეალობაში

ვირუსულად გავრცელებული დამცინავი შინაარსის ფოტო/ვიდეო მასალის არაერთი მაგალითი ახსოვს ქართულ სოციალურ ქსელებს.
გოგო რომანტიკული შინაარსის ლექსით, ნატა გულიაშვილის ცეკვა ერთ-ერთ სატელევიზიო შოუში, ხინკლებიანი ქალბატონი პლიაჟზე და დილის მზეს მიფიცხებული პატარა ზღვის სანაპიროზე, რომლის მშობლებსაც აგრესიული „ანათემა“ მოუწყო ინტერნეტმომხმარებლებმა.
ინტერნეტბულინგის დამახასიათებელი ნიშანი მისი მასშტაბურობაა. ძნელია დამცინავი და შეურაცხმყოფელი კომენტარების კონტროლი. ხშირად კომენტარების ავტორის ვინაობა უცნობია, მასალა სწრაფად ვრცელდება და ინტერნეტსივრციდან ამოღება დროში იწელება.

ინტერნეტბულინგის მსხვერპლია ნატა გულიაშვილიც, რომელიც ერთ- ერთ სატელევიზიო შოუში ცეკვის გამო. საქვეყნო დაცინვის ობიექტი გახდა.  

მას მომხდარის გახსენება უმძიმს და  ამბობს,  რომ  იმ ინტერნეტპორტალებზე, სადაც  ვიდეოა განთავსებული, დღემდე გრძელდება შეურაცხმყოფელი კომენტარები, რაც მას სულიერ ტანჯვას აყენებს.

„შოუში ცეკვის შემდეგ არაერთხელ ვთხოვე ტელეკომპანიას, მოეხსნა ჩემი ვიდეო. ინტერნეტში დაწყებული დამცინავი კამპანიის შემდეგ ორჯერ ვცადე თვითმკვლელობა. ჩემი ოჯახის დანგრევასაც მომხდარს ვუკავშირებ, რადგან მეუღლემ ვერ გაუძლო საზოგადოების ზეწოლას.  დღემდე არ მქონდა ინფორმაცია,  რომ ინტერნეტგვერდების ადმინისტრაციისთვის ან სხვა უწყებისთვის შემეძლო მიმართვა და ვიდეოს ამოღება, რადგან მძიმე მორალურ ზიანს მაყენებს,“ – ამბობს „ფორტუნასთან“ ნატა გულიაშვილი.

სიტუაცია რთულია,  როცა ინტერნეტსამყაროში დაცინვის მსხვერპლი მოზარდი ხდება.

ორგანიზაცია „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ ინფორმაციით, გამოძიება დაიწყო საქმეზე,  ჯერჯერობით დაუდგენელმა პირმა სოციალურ ქსელ Facebook-ში შექმნილ ჯგუფებში არასრულწლოვნების პირადი ცხოვრების ამსახველი ფოტოსურათი უნებართვოდ განათავსა,  რასაც მოჰყვა ბავშვების მიმართ უცენზურო კომენტარები და  დამცირება. ფოტოსურათი ხელმისაწვდომი გახდა არასრულწლოვანთა თანაკლასელებისთვისაც და შედეგად,  ერთ-ერთი არასრულწლოვნი ბულინგის მსხვერპლი გახდა  სკოლაშიც. 

ორგანიზაციის იურისტის, ანა თავხელიძის, ინფორმაციით,  ძიება ღირსების შემლახავი და არაადამიანური მოპყრობის მუხლით დაიწყო.  პირს,  რომელმაც ფოტოები უკანონოდ განათავსა ქსელში, სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა ემუქრება. საქმე შესაძლოა, პრეცედენტულიც გახდეს.

„ქართულ ინტერნეტსივრცეში არაერთი შემთხვევა ფიქსირდება,  როცა ადამიანები, გავრცელებული ვიდეომასალისა და ფოტოსურათის გამო, დამცირების მსხვერპლნი გახდნენ. შესაძლოა, მოზარდი მომხდარმა თვითმკვლელობამდეც მიიყვანოს. მნიშვნელოვანია, დამნაშავეებმა იცოდნენ, რომ მსგავსი მასალის გავრცელება კანონით საკმაოდ მკაცრად ისჯება და ეს პრევენციის ერთ-ერთი მექანიზმიც იქნება,“ – ამბობს ანა თავხელიძე.

 

თუ ინტერნეტბულინგის მსხვერპლი გახდით…

პირის ფარული გადაღების/გავრცელების ან მისი პერსონალური ინფორმაციის გასაჯაროების დროს, რასაც დამცირება, შეურაცხყოფა მოჰყვა, იურისტის რეკომენდაციით, დაუყოვნებლივ უნდა მიმართოთ პოლიციას. მასალის ინტერნეტიდან დაუყოვნებლივი ამოღება სამართალდამცველმა  უწყებამ უნდა უზრუნველყოს. ძიების შემდეგი ეტაპი კი გამავრცელებლის გამოვლენა და დასჯაა.

ინტერნეტბულინგის არასამართლებრივი პრევენციის კიდე ერთი მეთოდი საკუთარი პერსონალური ინფორმაციის კონტროლია. სასურველია, მოზარდებსაც ავუხსნათ და თავადაც გავუფრთხილდეთ პირად ფოტო/ვიდეო მასალას და სხვა პერსონალურ ინფორმაციას. ვეცადოთ, სოციალურ ქსელში პირად ინფორმაციაზე  ნუ ექნებათ წვდომა  სრულიად უცხო ადამიანებს. კიბერბულინგის დროს, გარდა სამართალდამცველი უწყებისა, სასურველია, მივმართოთ კონკრეტული ვებგვერდის ადმინისტრაციასაც.

 

 

თამუნა გოგუაძე 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g