LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ფაიზერის“ და „ასტრაზენეკას“ ვაქცინების შერევა ძლიერ დაცვას უზრუნველყოფს – „ნიუ იორკ თაიმსი“

100
vaqcnbc

წინასწარი კვლევის თანახმად, კოვიდ-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინების, „ფაიზერისა“ და „ასტრაზენეკას“ შერევა ვირუსისაგან ძლიერ დაცვას უზრუნველყოფს.   ამის შესახებ „ნიუ იორკ თაიმსი“ წერს.

ბრიტანული ვაქცინის შესწავლის საწყისი შედეგები მიანიშნებს, რომ სხვადასხვა ბრენდის ვაქცინების შერევამ შეიძლება გამოიწვიოს ძლიერი დამცავი იმუნური რეაქცია ვირუსის წინააღმდეგ. საცდელი პერიოდის განმავლობაში იმ მოხალისეებში, ვისაც ერთი დოზა „ფაიზერის“ და მეორე დოზა „ასტრაზენეკას“ ვაქცინა გაუკეთდათ, დიდი რაოდენობით ანტისხეულები და იმუნური უჯრედები წარმოიშვა.

ოქსფორდის უნივერსიტეტის ვაქცინების ექსპერტის, დოქტორ მეთიუ სნეიპის განცხადებით, კვლევის პირველ ეტაპში 830 მოხალისე მონაწილეობდა. მათ პირველი დოზის მიღებიდან 4 კვირის განმავლობაში აკვირდებოდნენ. კვლევამ უჩვენა, რომ  თუკი „ასტრაზენეკას“ ვაქცინით აცრიდან მეორე დოზამდე შუალედი 12 კვირა იქნება, იგი უკეთეს იმუნურ პასუხს გამოიწვევს. აღსანიშნავია, რომ იმ პირებში, ვისაც სხვადასხვა ვაქცინა გაუკეთდათ, უფრო ხშირი იყო გვერდითი ეფექტები, მაგალითად შემცივნება, თავის ტკივილი, კუნთების ტკივილი და ა.შ, თუმცა არც ეს გრძელდებოდა დიდხანს.

დოქტორ  სნეიპის თქმით იმ ადამიანებში, ვინც ორი დოზა „ფაიზერით“ აიცრა, დაახლოებით 10-ჯერ მეტი ანტისხეული გამოამუშავდა იმათთან შედარებით, ვინც მხოლოდ „ასტრაზენეკათი“ აიცრა. იმ შემთხვევაში კი, როდესაც პაციენტები შერეულ დოზებს იღებდნენ, დაახლოებით ხუთჯერ მეტი ანტისხეული წარმოექმნებოდათ, ვიდრე მხოლოდ „ასტრაზენეკათი“ აცრილებს.

კვლევამ ასევე დაადგინა, რომ სხვადასხვა ვაქცინების გამოყენებით ორგანიზმში იმუნური უჯრედების ბევრად მაღალი დონე იქმნება კორონავირუსზე თავდასხმისთვის, ვიდრე ერთი და იგივე ვაქცინის ორი დოზის გაკეთების შემთხვევაში. ჯერჯერობით დადგენილი არ არის, თუ რატომ აქვს დოზების შერევას მეტი ეფექტი.

დოქტორ სნეიპის თქმით, მკვლევრები მსგავსი ცდის ჩატარებას „ნოვავაქსსა“ და „მოდერნაზე“ გეგმავენ.

 

პოპულარულები