დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილე აცხადებს, რომ კომპანია “ფაიზერთან” ვაქცინის მოწოდებასთან დაკავშირებით მოლაპარაკებები საკმაოდ კარგად მიდის და იმედს გამოთქვამს, რომ დაპირებულ დოზებს საქართველო ზაფხულში მიიღებს.
პაატა იმნაძემ ამის შესახებ ონლაინპრესკონფერენციაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ზუსტ თარიღს, ამ ეტაპზე, ვერ დაასახელებს, რადგან, მომწოდებლისგან მოწოდების თარიღი დადასტურებული ჯერ კიდევ არ არის:
“ფაიზერთან საკმაოდ კარგად მიდის მოლაპარაკება, ძალიან მნიშვნელოვანი იყო რამდენიმე სატელეფონო ურთიერთობა პრემიერმინისტრთან და ფაიზერის აღმასრულებლებს შორის. დიდი იმედი გვაქვს, რომ ფაიზერის ვაქცინა ზაფხულში გვექნება, ზუსტ თარიღებს, ჯერჯერობით, ვერ დაგისახელებთ, რადგან, ჯერ კიდევ არაა მომწოდებლისგან დადასტურებული.” – თქვა იმნაძემ.
შეგახსენებთ, კომპანია “ფაიზერმა” გადაცემა “ბიზნეს ფორმულას” კიდევ ერთხელ დაუდასტურა, რომ საქართველო “ფაიზერის” ვაქცინის 1 მილიონზე მეტ დოზას მიიღებს.
“ფორმულას” ცნობითვე, როგორც კომპანიაში განმარტავენ, საქართველოს მთავრობასთან მოლაპარაკებები უკვე დასრულებულია და ხელშეკრულების გაფორმების ეტაპზე გადადიან.
მანამდე, 17 მაისს, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა, რომ საქართველო “ფაიზერის” მილიონ დოზას, სავარაუდოდ, ზაფხულში მიიღებს.
