“ფანასკერტელის ინდექსი” უმნიშვნელოდ შემცირდა და 12,68 პუნქტი შეადგინა, რაც იმას ნიშნავს, რომ მედიკამენტების ფასი ფარმაცევტულ ბაზარზე 2016 წლის 10 ივნისიდან 2016 წლის 10 ივლისის მონაცემებით 2,4%-ით შემცირდა. ამის შესახებ ინფორმაციას „ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაცია აფბა“ ავრცელებს, რომელიც არასამთავრობო ორგანიზაცია „ჯანდაცვის პლატფორმასთან“ ერთად მედიკამენტების ბაზარზე არსებული ფასების მონიტორინგს აწარმოებს.
ორგანიზაციებმა ბოლო კვლევაში ივნისის მონაცემები მაისში დაფიქსირებულ მონაცემებს შეადარეს.
”აფბას” ინფორმაციით, დაკვირვებადი 200 დასახელების მედიკამენტიდან, 8 მათგანზე ფასი შემცირდა, ხოლო დანარჩენზე ფასები უცვლელია.
”ფასების ცვლილებაზე, როგორც წესი, რამოდენიმე ფაქტორი ახდენს გავლენას. პირველ რიგში, ეს არის თავად ფარმაცევტული კომპანიები, რომელთაც მოგების მაქსიმიზაციისთვის საკუთარი თამაშის წესები გააჩნიათ. მეორე, ეს არის ლარის კურსის ცვლილება ორ ძირითად ვალუტასთან, ევროსთან და აშშ დოლართან მიმართებაში და მესამე ფაქტორი, მთავრობის პოლიტიკა, მოახდინოს ბაზრის დივერსიფიცირების სტიმულირება და ამ გზით აიძულოს კომპანიები ფასების პოლიტიკას გადახედონ. უკანასკნელი 8 თვის განმავლობაში, რა პერიოდშიც „ფანასკერტელის ინდექსი“ ქვეყნდება, სამივე ფაქტორის გავლენა იგრძნობოდა, რამაც ინდექსის, მეტწილად დაღმავალი ტრენდი განაპირობა” – აცხადებენ ორგანიზაციაში.