მმართველი გუნდის მიერ ორგანიზებულ საყოველთაო სახალხო შეკრებაზე „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის მიერ გაკეთებულ განცხადებებს ფსიქოლოგი ნათია ფანჯიკიძე სოციალურ ქსელში ეხმიანება.
ბიძინა ივანიშვილი : „საქართველო უნდა მართოს ქართველი ხალხის მიერ არჩეულმა ხელისუფლებამ”
როგორც ნათია ფანჯიკიძე აღნიშნავს, „სამწუხარო ისაა, რომ მის გვერდით, როგორც ჩანს, არავინაა ოდნავ მაინც გადამრწმუნებელი და მოსახლეობასთან შემრიგებლობის მომწოდებელი“.
„ვუსმინე ბიძინა ივანიშვილის გამოსვლას და ძალიან გულწრფელი ჩანდა. მას ნამდვილად სჯერა, რომ მოცვის ბაღი რომ გააშენა კაცმა/ქალმა დასავლური გრანტით, ან შშმ პირებისთვის გარემოს გაუმჯობესებაზე ზრუნავს, ისიც მისი მტერი და აგენტია.
მიუხედავად იმისა, რომ თავად ედგა გვერდით „ვარდების რევოლუციას“, მას სჯერა, რომ სააკაშვილი დასავლეთმა „დასვა“, თორემ შევარდნაძე ხალხს ყელში სულაც არ ჰყავდა ამოსული.
სჯერა, რომ საქართველო, რომლის ამ მდგომარეობით და ამ შეიარაღებით გაცამტვერება რუსეთს სამ დღეში შეუძლია, „გლობალური ომის პარტიას“ უნდა, რომ ომში ჩაერთოს, თითქოს რამე ძალა გაგვაჩნდეს, ცოტა მაინც შევაკავოთ ან გადავინაწილოთ ომის ტვირთი. არ ვიცი სადაურია „ომის პარტია“, არ დასახელებულა, მაგრამ ეჭვი კვლავ დასავლეთისკენ მიემართება და რასაც ვხედავთ, ისაა, რომ დასავლეთი არათუ გარეთ, არამედ ქვეყნის შიგნითაც მუდმივად სტაბილურობისა და პოლარიზაციის აღმოფხვრისკენ მოგვიწოდებს.
მას სჯერა, რომ დასავლეთი შეთქმულებას უწყობს, მიუხედავად იმისა, რომ სწორედ დასავლეთმა მრავალი წლის განმავლობაში უღიარა არჩევნების შედეგები, მეტიც, კანდიდატის სტატუსიც მისცა, რითაც, მათ შორისაც კი, გაუხანგრძლივა ძალაუფლება, ვისაც არც ერთი პარტია არ აინტერესებს, არჩევნებზეც არ დადის და მხოლოდ ქვეყნის კურსის საკითხზე რეაგირებს.
მიუხედავად იმისა, რომ სააკაშვილის შესახებ რამდენიმე ლობისტური კომპანიის გარდა, რომელსაც ოჯახი ქირაობს, არც ერთ წონიან პოლიტიკურ ფიგურას ხმა არ ამოუღია, განსაკუთრებით აშშ-დან, სტრასბურგის სასამართლომ კი სეფე სიტყვით „განკურნა მომაკვდავი“, მას სჯერა, რომ მთელი დასავლეთი სააკაშვილის დაბრუნებაზე ოცნებობს.
მიუხედავად იმისა, რომ თავად საფრანგეთის მოქალაქეა, მას სჯერა, რომ გრანტით ვინც ისარგებლა, „ღამურაა“ და ეროვნება აღარ აქვს.
რა ვუყოთ მის ამ რწმენას? ეს რწმენა კიდევ უფრო რომ განმტკიცდეს, ნაცები კი არა, რომლებიც ახლაც მშვენივრად, მთავრობაშიც, სასამართლოშიც და ყველგან, სადაც ძალაუფლებაა, კოხტად არიან მოკალათებული და მისი ნდობით სარგებლობენ, არამედ კანონით სახელშერქმეული, ათასობით „აგენტი“ რომელიც ხნავს, თესავს, სამედიცინო პროგრამას ახორციელებს და სხვა, შეიძლება აღმოჩნდეს პოლიტიკური ანგარიშსწორების მსხვერპლი.
სამწუხარო ისაა, რომ მის გვერდით, როგორც ჩანს, არავინაა ოდნავ მაინც გადამრწმუნებელი და მოსახლეობასთან შემრიგებლობის მომწოდებელი.
რა შეიძლება მოჰყვეს ყველაფერ ამას? სისტემის პოტენციური მსხვერპლები მორჩილად დაელოდებიან, როდის მოუწევთ ან ემიგრაციით თავის გადარჩენა, ან ვინ იცის ციხეც კი ბრალდებით „უცხო ძალის აგენტი”?
ვის უხარია დასავლეთთან ჩვენი ურთიერთობის გაფუჭების და ერის ასეთი გახლეჩის და დაპირისპირების მზარდი რისკი, ალბათ კარნახი არავის სჭირდება. იცინის პუტინი, იცინის, კვდება სიცილით.. იცინის მთავრობაზეც, ოპოზიციაზეც და ყველა ჩვენგანზე, რაც ძალიან, ძალიან სამწუხაროა.
ვუსმინე ბიძინა ივანიშვილის გამოსვლას და ძალიან გულწრფელი ჩანდა. მას ნამდვილად სჯერა, რომ მოცვის ბაღი რომ გააშენა…
Posted by Natia Panjikidze on ორშაბათი, 29 აპრილი, 2024