კიევის ოლქში, დესნიანსკის რაიონში, მარტოხელა მოხუცი ქალი საკვების გარეშე დარჩა, მაგრამ იპოვა გზა, რომ თავისი უმწეო მდგომარეობა ხალხისთვის ეცნობებინა – ამის შესახებ კიევის პოლიცია იუწყება.
როგორც უკრაინული მედია წერს, დესნიანსკის რაიონში მდებარე მაღალსართულიანი კორპუსის მცხოვრებლებმა პოლიციას მიმართეს შეტყობინებით, რომ მათ 84 წლის მეზობელს დახმარება სჭირდებოდა. ქალმა ბინის ფანჯრიდან დახმარების თხოვნით ისროლა წერილი, რომელიც მზრუნველმა გამვლელებმა იპოვეს და პოლიციას შეატყობინეს.
მეზობლებმა პოლიციას მისცეს ჩანაწერი, რომელიც პენსიონერმა ფანჯრიდან გადააგდო, წარწერით – „საჭმელი დამიმთავრდა, ბინა ნომერი 403“.
„ფურცელზე მხოლოდ რამდენიმე სიტყვა ეწერა, საიდანაც გაირკვა, რომ ქალს საჭმელი არაფერი ჰქონდა. მე და ჩემი პარტნიორი მაშინვე მივედით მითითებულ მისამართზე, თან წავიყვანეთ ჰუმანიტარული დახმარება და საკვები. გავარკვიეთ, რომ ბებია მარტო ცხოვრობს და მეხსიერების დაქვეითებას განიცდის“, – თქვა პოლიციის უფროსმა ლეიტენანტმა ევგენი შილნიკოვმა.
როგორც ინფორმაციაში ვკითხულობთ, ახლა პოლიცია პერიოდულად სტუმრობს ლუდმილას, რათა მიუტანოს მისთვის საჭირო ნივთები და პროდუქტები, ასევე დარწმუნდეს, რომ ის კარგად არის.
სამართალდამცველებმა მადლობა გადაუხადეს კიევის მზრუნველ ხალხს, რომელთა სიფხიზლემ ადამიანის სიცოცხლე გადაარჩინა.
როგორც ადრე UNIAN-მა იტყობინებოდა, 3 მაისს ასევე ცნობილი გახდა, რომ კიევის ოლქის მოტიჟინში 70 წლის ქალმა უკრაინის შეიარაღებული ძალების არტილერია ოკუპანტების აღჭურვილობას „დაუმიზნა“. მან უკრაინის სამხედროებს მტრის ობიექტების მდებარეობა შეატყობინა.