LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

FAO-მ პოსტსაბჭოთა ქვეყნების აგროსასურსათო ვაჭრობის ანგარიში წარმოადგინა

66

FAO-მ პოსტსაბჭოთა ქვეყნების აგროსასურსათო ვაჭრობის ანგარიში წარმოადგინა. გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციამ (FAO) გაანალიზა აგროსასურსათო იმპორტ-ექსპორტის დინამიკა ისეთ 12 პოსტსაბჭოთა ქვეყანაში, როგორებიცაა – საქართველო, აზერბაიჯანი, სომხეთი, ბელარუსი, ყაზახეთი, ყირგიზეთი, მოლდოვა, რუსეთი, ტაჯიკეთი, თურქმენეთი, უზბეკეთი და უკრაინა. ასევე, განხილულ იქნა ამ ქვეყნების მონაწილეობა სახვადასხვა საერთაშორისო სავაჭრო შეთანხმებებში, ცვლილებები სასოფლო-სამეურნეო სავაჭრო პოლიტიკაში და სოფლის მეურნეობის მხარდამჭერ პროგრამებში.

როგორც ორგანიზაციაში აცხადებენ, კვლევის მიხედვით, სამიზნე ქვეყნებში მაკროეკონომიკური არასტაბილურობა და რთული გეოპოლიტიკური ვითარება – მსოფლიო ბაზარზე ნავთობის ფასების შემცირებასთან ერთად – განაპირობებენ აგროსასურსათო ვაჭრობის შეფერხებას და სურსათზე ფასების ზრდას. აგროსასურსათო ვაჭრობა რეგიონში უაღრესად მგრძნობიარეა ნებისმიერი ტიპის საფასო შოკების მიმართ. ამ კონტექსტში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ვალუტის გაცვლითი კურსებისა და ენერგომატარებლებზე საერთაშორისო ფასების ცვალებადობა.

როგორც გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციაში განმარტავენ, წლიური ანგარიში – პოსტსაბჭოთა ქვეყნების აგროსასურსათო სავაჭრო პოლიტიკის მიმოხილვა (2015-2016 წლები) FAO-ს მხარდაჭერით 2014 წელს დაფუძნებული ევროპისა და ცენტრალური აზიის სოფლის მეურნეობის ექსპერტთა ჯუფის ერთობლივი მუშაობის შედეგია.

FAO-ს ინფორმაციით, კვლევის მიხედვით, რეგიონის ყველა ქვეყანაში ეკონომიკური ზრდის ტემპების შემცირების თანმდევი პროცესია ეროვნული ვალუტების დევალვაცია აშშ დოლარისა და ევროს მიმართ. გამომდინარე იქედან, რომ ამ ქვეყნების სასურსათო მოხმარებაში იმპორტის წილი მაღალია, შიდა ბაზრებზე სურსათის ფასები გაიზარდა. რეგიონში მსყიდველუნარიანობისა და აგროსასურსათო პროდუქტებზე მოთხოვნის შემცირებამ განაპირობა როგორც ექსპორტის, ისე იმპორტის შემცირება.

“ჩვენ ასევე აღმოვაჩინეთ ცვლილებები რეგიონის სავაჭრო ნაკადების გეოგრაფიაში. რამდენიმე პოსტსაბჭოთა ქვეყანაში აღინიშნა აგროსასურსათო ექსპორტის ნაკადების გადამისამართება რეგიონის გარეთ“, – განაცხადა FAO- ს სავაჭრო ეკონომისტმა და კვლევის ერთ-ერთმა ავტორმა ირინა კობუტამ.

როგორც გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციაში განმარტავენ, სამიზნე რეგიონის აგროსასურსათო ექსპორტში რუსეთის, როგორც მომხმარებლის ხვედრითი წილი მცირდება და იზრდება მსოფლიოს სხვა ქვეყნების (სამიზნე რეგიონის გარეთ) შესაბამისი მაჩვენებელი. მაგალითად, 2015 წლის განმავლობაში სომხეთის, საქართველოსა და მოლდოვას მთლიან აგროსასურსათო ექსპორტში რუსეთის წილი შემცირდა საშუალოდ 8%ი-თ. ამავდროულად, აზერბაიჯანის აგროექსპორტში რუსეთის ფედერაციის წილი 13 პროცენტული პუნქტით გაიზარდა და 52 %-ს მიაღწია. ასევე დაფიქსირდა მოლდოვას აგროსასურსათო ექსპორტში ევროკავშირის ქვეყნების ხვედრითი წილის ზრდა – 2014 წლის 42 %-დან 2015 წელს 54 %-მდე. რეგიონში კვლავაც მოქმედებს სხვადასხვა სავაჭრო სანქციები. მაგალითად, რუსეთში მთლიანად ან ნაწილობრივ აკრძალულია აგროსასურსათო იმპორტი რიგი ქვეყნებიდან – ალბანეთი, ავსტრალია, კანადა, ევროკავშირშის ქვეყნები, ისლანდია, ლიხტენშტეინი, მონტენეგრო, ნორვეგია, უკრაინა და აშშ. აღნიშნული აკრძალვა ძალაში იყო კვლევის პერიოდში და გაგრძელებულ იქნა 2017 წლის 31 დეკემბრამდე.

„ანგარიში მოიცავს 12-ვე სამიზნე ქვეყნის ძირითადი აგროსასურსათო სავაჭრო მაჩვენებლების ინდივიდუალურ მიმოხილვას, როგორიცაა მონაცამები სავაჭრო ნაკადების შესახებ, იმპორტ/ექსპორტის თანხობრივი მოცულობები და სხვა. გამოვყოფთ რამდენიმე ძირითად მაჩვენებელს: რეგიონის ყველა სამიზნე ქვეყანაში, გარდა ტაჯიკეთისა და უზბეკეთისა, 2015 წელს დაფიქსირდა იმპორტისა და ექსპორტის მოცულობის დაღმავალი ტენდენცია. განსაკუთრებით მკვეთრი შემცირება მოხდა ყირგიზეთში, საქართველოში, ყაზახეთში, თურქმენეთსა და ბელარუსში. ტაჯიკეთში და სომხეთში აგროსურსათის წილი მთლიან იმპორტში განსაკუთრებით დიდია.

2015 წელს სამიზნე ქვეყნების მთლიან ექსპორტსა და იმპორტში აგროსურსათის ხვედრითი წილი წინა წელთან შედარებით მნიშვნელოვნად არ შეცვლილა. გამონაკლისს წარმოადგენს უკრაინა რომლის მთლიან ექსპორტში აგროსურსათის წილი 7,3 %-თ გაიზარდა და 38 %-ს მიაღწია.  სომხეთში, საქართველოში, მოლდოვასა და უზბეკეთში, აგროსურსათის ხვედრითი წილი მთლიან ექსპორტში 25%-ზე მეტი იყო, მაშინ როცა ყაზახეთსა და რუსეთში შესაბამისი მაჩვენებელი 5%-ზე ნაკლები იყო.

ტაჯიკეთი ერთადერთი ქვეყანაა რეგიონში, სადაც 2015 წელს აგროსასურსათო ექსპორტის წლიური ზრდა დაფიქსირდა – 192-დან 204 მლნ აშშ დოლარამდე, რაც დიდწილად ბამბის ექსპორტის ზრდით იყო გამოწვეული. რეგიონის სხვა ქვეყნებში აგროსურსათის იმპორტი ამავე პერიოდში კვლავ აღემატებოდა ექსპორტს. თუმცა, შესაბამისი საგარეო სავაჭრო დეფიციტი ქვეყნების უმეტესობაში შემცირდა“, – ნათქვამია ინფორმაციაში.

FAO-ს ანგარიშში მოცემულია ინფორმაცია ტარიფების, არასატარიფო ბარიერების, სავაჭრო შეთანხმებებში მონაწილეობისა და მიმდინარე სავაჭრო მოლაპარაკებების შესახებ.

2015 წლის მეორე ნახევარსა და 2016 წლის დასაწყისში პოსტსაბჭოთა ქვეყნების აგროსასურსათო ვაჭრობაში ინტეგრაციული პროცესების გაძლიერება შეინიშნებოდა. მაგალითად, ყაზახეთი მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში (WTO) გაწევრიანდა. ყირგიზეთი ევრაზიის ეკონომიკური კავშირის წევრი გახდა. საქართველოსთან, უკრაინასა და მოლდოვასათვის ამოქმედდა ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმება (DCFTA).

ანგარიშის მიხდვით, 2017 წლისათვის ნავარაუდევია რეგიონში რიგი ახალი ორმხრივი სავაჭრო შეთანხმებების ამოქმედება. ასევე, მოსალოდნელია აგროსასურსათო სავაჭრო პოლიტიკის კუთხით კოორდნაციის გაუმჯობესება, ევრაზიული ეკონომიკური კავშირის წევრ ქვეყნებს შორის.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g