LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ფაროსანას ე. წ. ხაფანგებს დაუგებენ

116
ფაროსანა-1

„მოიზიდე და გაანადგურე“  – ეს სადგურები დასავლეთ საქართველოს იმ სოფლებში დამონტაჟდება, სადაც აზიური ფაროსანას მაღალი კონცენტრაცია დაფიქსირდა. ამის შესახებ ინფორმაციას სურსათის ეროვნული სააგენტო ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, სააგენტო საკარმიდამო ნაკვეთებში ჩატარებული მონიტორინგის პირველი ეტაპის შედეგების გათვალისწინებით იქნება სოფლები შერჩეული.

სადგურების ანუ ხაფანგების განთავსების ვადებსა და ადგილმდებარეობაზე აზიური ფაროსანას საკოორდინაციო მართვის ცენტრის ხელმძღვანელმა ლაშა შალამბერიძემ იმერეთის, სამეგრელოსა და გურიის მონიტორინგის ჯგუფებთან ერთად იმსჯელა. საკოორდინაციო მართვის ცენტრში მონიტორინგის შედეგები შეაჯამეს და დაგეგმილი ღონისძიებები განიხილეს.

„ამ ეტაპზე, მავნებელი ჯერ კიდევ არის პასიური და მოზამთრე ფაზაშია. პირველი ეტაპის შედეგებით განისაზღვრა ის სოფლები, სადაც მოხდება „მოიზიდე და გაანადგურე“ ხაფანგების დამონტაჟება, რაც შესაძლებლობას მოგვცემს, მივიღოთ დეტალური ინფორმაცია მავნებლის რაოდენობისა და გავრცელების არეალის შესახებ. მნიშვნელოვანია, რომ მონიტორინგის მეორე ეტაპი მოიცავს სოფლის ტერიტორიებსა და ტყის პირებზე „მოიზიდე და გაანადგურე სადგურების“ დამონტაჟებას“, – განაცხადა ლაშა შალამბერიძემ.

შეხვედრაზე ითქვა, რომ სადგურების დამონტაჟება ხელს შეუწყობს მავნებლის რაოდენობის შემცირებასა და გავრცელების ზუსტი არეალის დადგენას.

აზიური ფაროსანას იდენტიფიკაციის მიზნით, სურსათის ეროვნული სააგენტოს ფიტოსანიტარებმა მონიტორინგი საკარმიდამო ტერიტორიებსა და მიტოვებულ შენობებში ჩაატარეს.

2019 წელს სახელმწიფო აზიური ფაროსანას გასანადგურებლად და სხვა სოკოვან დაავადებებთან საბრძოლველად 45 მილიონ ლარს დახარჯავს.

magti 5g