LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ფარული თვალთვალი, შევიწროება, თავდასხმები ჟურნალისტებზე – რა ფაქტები მოხვდა HRW-ის ახალ ანგარიშში

229
კლიჩკო კიევიდან ევაკუაციაზე (8)

საერთაშორისო ორგანიზაცია „ჰიუმან რაიტს უოჩის“ HRW-ის 712-გვერდიან ანგარიშში (World Report 2023) ადამიანის უფლებების კუთხით თითქმის 100 ქვეყანაში არსებული მდგომარეობა არის შეფასებული და მათ შორის არის საქართველოც.

„ფორტუნა“ გთავაზობთ HRW-ის ანგარიშის იმ ნაწილს, რომელიც საქართველოს ეხება.

ახალი ანგარიშის თანახმად, საქართველოში მედიის თავისუფლებამ მარცხი განიცადა მასმედიის წარმომადგენლებზე თავდასხმის არაერთი ფაქტისა და კრიტიკული ტელევიზიის ხელმძღვანელის დაპატიმრების გამო. ასევე, ჩამოთვლილია ფაქტები სხვა გამოწვევებთან დაკავშირებითაც, რომელთა შორის მოხვდა: უკანონო თვალთვალი, შრომის უსამართლო პირობები, ძალადობა ქალებისა და ლგბტ თემის წინააღმდეგ,  ანგარიშვალდებულების ნაკლებობა სამართალდამცველი სტრუქტურების უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებასთან მიმართებით. ანგარიშში თავმოყრილია საქართველოში 2022 წელსა და 2021 წლის მიწურულს მომხდარი ფაქტები.

 

უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება

 

HRW ახალ ანგარიშში ნათქვამია, რომ გადაუჭრელ პრობლემად დარჩა სამართალდამცავთა დაუსჯელობა მათ მიერ ჩადენილი დანაშაულებისთვის. ტექსტში აღნიშნულია, რომ 2021 წლის დეკემბერში პარლამენტმა დაჩქარებული წესით გააუქმა სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური, რომელიც დამოუკიდებლად იძიებდა სამართალდამცავთა მიერ ჩადენილ დანაშაულებს. მის ნაცვლად ორი უწყება შეიქმნა, რომელთაგან ერთს ევალება სამართალდამცავთა მიერ უფლებამოსილების გადამეტების შემთხვევების მოკვლევა, ხოლო მეორეს პერსონალურ მონაცემთა დაცვა.

„ეს მოულოდნელი გადაწყვეტილება ხელისუფლებამ მას შემდეგ მიიღო, რაც სახელმწიფო ინსპექტორმა პატიმრობაში მყოფი ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის მიმართ შესაძლო არასათანადო მოპყრობისა და მონაცემთა დაცვის კანონმდებლობის დარღვევის გამოძიება დაიწყო.  ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარმა, დუნია მიატოვიჩმა, პარლამენტს მოუწოდა, არ მიეღო ეს კანონპროექტი, რადგან ის არ ყოფილა „სათანადოდ განხილული დაინტერესებულ მხარეებთან და ასუსტებდა დამოუკიდებლად მოქმედ ინსტიტუტს.“ – ვკითხულობთ ანგარიშის ტექსტში.

ამავე ანგარიშში მოყვანილია სხვა ფაქტებიც:

  • ოქტომბრის მდგომარეობით, სახალხო დამცველის აპარატში 70 საჩივარი იყო შესული ციხის პერსონალის და პოლიციის მხრიდან არასათანადო მოპყრობის თაობაზე. მათგან 61-ს შესაბამისი უწყებები იძიებდა. სახალხო დამცველის აპარატმა თხოვნით მიმართა საგამოძიებო უწყებას, გამოძიება დაეწყო დანარჩენ საჩივრებზე. ამ ანგარიშის მომზადების დროისთვის სისხლისსამართლებრივი დევნა არც ერთ მათგანზე არ დაწყებულა.
  • იანვარში ადგილობრივი ტელეარხებით გადაიცა ვიდეო, რომელშიც ჩანდა, როგორ სცემდა მეტროში პოლიციელი 17 წლის სმენადაქვეითებულ ბიჭს. მეორე პოლიციელს, რომელიც იქვე იდგა, არ უცდია მისი შეჩერება. შემთხვევა სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა გამოიძია და ივლისში სასამართლომ მოძალადე პოლიციელს 5 წლით პატიმრობა მიუსაჯა.
  • მაისში ახალგაზრდული საპროტესტო მოძრაობის „სირცხვილია“-ს ერთ-ერთმა ლიდერმა, გიორგი მჟავანაძემ, განაცხადა, რომ თბილისის პოლიციის განყოფილებაში, სადაც ის ჯარიმის დადგენილების წამოსაღებად მივიდა, პოლიციელებმა ბორკილები დაადეს და ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს. სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა, რომელიც ძალადობრივ სამოხელეო დანაშაულებს იძიებს, მოკვლევა დაიწყო, ხოლო შინაგან საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ მჟავანაძე დაუმორჩილებლობის გამო დააკავა.
  • ივნისში პარლამენტმა დაჩქარებული წესით მიიღო საკამათო ცვლილებები კანონში  ფარული თვალთვალის და მიყურადების შესახებ. მმართველი პარტიის მიერ ინიცირებული ამ კანონით დასაშვები გახდა ადამიანების უვადო ფარული მოსმენა და თვალთვალი ამ ადამიანების ინფორმირების გარეშე. ეს ნორმა 77 დანაშაულზე ვრცელდება, რომელთა შორისაც ახლა არის ტრეფიკინგი, არაადამიანური და ღირსების შემლახველი მოპყრობა და ნარკოდანაშაული.
  • აგვისტოში ვენეციის კომისიამ, ევროპის საბჭოს საკონსულტაციო ორგანომ კონსტიტუციურ საკითხებში, მოუწოდა ხელისუფლებას, გადახედოს ამ კანონს. კომისიის განცხადებით, „ფარული თვალთვალი გამონაკლის ზომად უნდა განიხილებოდეს“ და სახელმწიფოს მხრიდან „ფრთხილ ფორმულირებას და ვიწრო გაგებით ინტერპრეტირებას“  საჭიროებს. სექტემბერში პრეზიდენტმა კანონს ვეტო დაადო, მაგრამ მმართველმა პარტიამ ეს ვეტო სექტემბერშივე დაძლია.
  • სექტემბერში ოპოზიციურმა სატელევიზიო არხმა „ტვ პირველმა“ გაჟონილი მასალები გამოაქვეყნა, სადაც აღწერილია მასშტაბური თვალთვალი ოპოზიციურ პარტიებზე, რომელსაც, სავარაუდოდ, უსაფრთხოების სამსახური მმართველი პარტიის სასარგებლოდ ახორციელებდა. მასალებიდან ჩანს, რომ წამყვან პოლიტიკოსებს უთვალთვალებენ როგორც საჯარო, ასევე კერძო სივრცეებში.

 

მედიის თავისუფლება

 

HRW ანგარიში, რომელიც მედიის თავისუფლების საკითხს ეთმობა, წერს, რომ „მაისში სასამართლომ ერთ-ერთი წამყვანი კრიტიკული ტელეკომპანიის „მთავარი არხის“ დირექტორს ნიკა გვარამიას სამი წლითა და 6 თვით პატიმრობა მიუსაჯა. ის დამნაშავედ იქნა ცნობილი მენეჯერული გადაწყვეტილებების მიღებისას უფლებამოსილების გადამეტებისთვის, როდესაც სხვა კერძო ტელეკომპანიას ხელმძღვანელობდა“. ასევე, როგორც საერთაშორისო ორგანიზაცია მიუთითებს, „ხელისუფლება ამტკიცებდა, რომ მისი მენეჯერული გადაწყვეტილებების შედეგად კომპანიას შემოსავალი შეუმცირდა. საქართველოს სამოქალაქო საზოგადოებამ გადაწყვეტილება მწვავედ გააკრიტიკა და მას უკანონო და პოლიტიკურად მოტივირებული უწოდა“.

ამავე ქვეთავში აღნიშნულია, რომ ქვეყანაში გახშირდა ჟურნალისტებზე თავდასხმის და მათ საქმიანობაში ჩარევის შემთხვევები. ორგანიზაცია კონკრეტულ ფაქტებს ასახელებს:

  • მარტში „მთავარი არხის“ რეპორტიორს ემა გოგოხიას და მის ოპერატორს თავს დაესხა რამდენიმე ადამიანი, როდესაც ისინი იღებდნენ, როგორ შლიდნენ ზუგდიდში მუნიციპალიტეტის თანამშრომლები პოლიტიკური პარტიის ოფისის კედელზე დახატულ უკრაინის დროშას. ხელის შეშლის ამ ფაქტზე სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა გამოძიება დაიწყო.
  • ივნისში „ტვ პირველის“ ოპერატორს მურმან ზოიძეს თავს დაესხნენ ბათუმში. ამ ინციდენტთან დაკავშირებით სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა ორი პირი დააკავა.
  • ივლისში პროკურატურამ ინციდენტის გამოძიება დაიწყო, რომლის დროსაც ერთ-ერთმა პარლამენტარმა, სავარაუდოდ, ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა „ტვ პირველის“ დამფუძნებელს ვახტანგ წერეთელს.
  • მაისში საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლიდან გათავისუფლებულმა სამმა ჟურნალისტმა მაუწყებლის მენეჯმენტი დაადანაშაულა ცენზურასა და სარედაქციო პოლიტიკაში „უხეშ ჩარევაში“, განსაკუთრებით, რუსეთზე კრიტიკული მასალების მომზადებისას. რამდენიმე დღის შემდეგ იდენტური ბრალდება ამავე მაუწყებლის კიდევ ერთმა ყოფილმა ჟურნალისტმა გააკეთა.

 

შრომითი უფლებები

 

საერთაშორისო ორგანიზაცია „ჰიუმან რაიტს უოჩის“ შეფასებით, „კანონმდებლობის ბოლოდროინდელი გაუმჯობესების მიუხედავად, შრომის სამართლიანი პირობების უზრუნველყოფა საქართველოში შეშფოთების საგნად რჩება“.

როგორც ანგარიშშია აღნიშნული, ზეგანაკვეთური სამუშაოს რეგულირება სუსტია, სოციალური დაცვა მინიმალური, პროფკავშირებს არა აქვთ იურიდიული გარანტიები, რაც მათ სისტემურ ცვლილებებზე ეფექტიანი მოლაპარაკებების წარმართვის შესაძლებლობას მისცემდა, ხოლო „შრომის ინსპექციის“ ეფექტიანობას რესურსების სიმცირე აფერხებს.

„მინიმალური თვიური ხელფასი, რომელიც 20 ლარია (დაახლოებით 7 აშშ დოლარი), 12-ჯერ ნაკლებია საარსებო მინიმუმზე და 1999 წლის შემდეგ არ გადასინჯულა. დაბალ ხელფასებს ამძიმებს შრომითი კულტურაც, რომელიც ხელფასის მოპარვას ნორმად აქცევს. პროფკავშირებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების კოალიციის „საქართველოს ღირსეული შრომის პლატფორმის“ ანგარიშის თანახმად, მშრომელთა 88% ერთი ფორმის ხელფასის მოპარვის მსხვერპლი მაინც გამხდარა.

მოპარული ხელფასი განსაკუთრებით პრობლემურია ჯანდაცვის მუშაკებისთვის, რომლებიც ისედაც გადაღლილები არიან კოვიდ-19-ის პანდემიის გამო ზეგანაკვეთური მუშაობით. 2022 წელს შრომის ინსპექციამ აღმოაჩინა, რომ 86-მა კერძო კლინიკამ, რომლებმაც სახელმწიფოსგან სპეციალური დაფინანსება მიიღო ექთნების ხელფასების დანამატისთვის, ეს თანხები სხვა მიზნებით გამოიყენა. დადებითი ცვლილებაა ის, რომ მთავრობამ საჯარო კლინიკებში ექთნების მინიმალური ხელფასი გაზარდა“, – აღნიშნავს HRW აღნიშნავს.

HRW-ის შეფასებით, პრობლემად რჩება სამუშაო ადგილზე უსაფრთხოების უზრუნველყოფაც. „შრომის ინსპექციის“ მონაცემებით, იანვრიდან სექტემბრის ჩათვლით 23 ადამიანი დაიღუპა და 230 დაშავდა სამუშაო ადგილზე მომხდარი უბედური შემთხვევების შედეგად.

 

სექსუალური ორიენტაცია და გენდერული იდენტობა

 

ანგარიშის თანახმად, საქართველოში ლგბტ თემი კვლავ განიცდის „შევიწროებას, დისკრიმინაციასა და ძალადობას“.

  • მაისში, თბილისში, 5 ტრანსგენდერ ქალს სახლში დაახლოებით 30-კაციანი ჯგუფი ფიზიკურად გაუსწორდა. ქვებითა და აგურებით შეიარაღებული მოძალადეები თავს დაესხნენ ამ ქალებს და მათი ბინის მფლობელს, დააზიანეს მათი სახლი და სიკვდილით დაემუქრნენ მათ. ამ ანგარიშის მომზადების დროისთვის მიმდინარეობდა გამოძიება.
  • ივლისში თბილისის საქალაქო სასამართლომ სამი ადამიანი დააჯარიმა უფლებადამცველთა ორგანიზაციის „თბილისი პრაიდის“ ოფისის დარბევისთვის 2021 წლის ივლისში მასობრივი ანტი-ლგბტ თავდასხმების დროს. ამ თავდასხმებს ათობით ადამიანის დაშავება და „ღირსების მარშის“ გაუქმება მოყვა. სასამართლომ გაამართლა მოპასუხეები უფრო მძიმე, დევნისა და ორგანიზებული ჯგუფური ძალადობის ბრალდებების ნაწილში. პოლიციამ სულ 31 ადამიანი დააკავა ძალადობისთვის. სასამართლოებმა 26 ადამიანს მიუსაჯეს პატიმრობა იმ ჟურნალისტებზე ძალადობისთვის, რომლებიც ამ მოვლენებს აშუქებდნენ. თუმცა, ხელისუფლებას არ გამოუვლენია და დაუსჯია მასობრივი ძალადობის ორგანიზატორები.
  • 2021 წლის დეკემბერში ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ დაადგინა, რომ 2013 წელს საქართველოს სახელმწიფომ არ დაიცვა მშვიდობიანი დემონსტრანტები ჰომოფობიური და ტრანსფობიური ძალადობისგან, რითაც დაირღვა შეკრების თავისუფლება და არაადამიანური და ღირსების შემლახველი მოპყრობის და დისკრიმინაციის აკრძალვა. 2013 წლის 17 მაისს მოძალადეთა ბრბო თავს დაესხა აქტივისტთა ჯგუფს, რომელიც ცდილობდა ჰომოფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღის აღნიშვნას. ამ ძალადობის შედეგად ათობით ადამიანი დაშავდა.

 

ქალთა უფლებები

 

საერთაშორისო ორგანიზაციას ანგარიშში პროკურატურის მონაცემებზე დაყრდნობით წერს, რომ „იანვრიდან სექტემბრის ჩათვლით 13 ქალი მოკლეს და 11 ქალის მკვლელობა სცადეს ოჯახის წევრებმა“. ადგილობრივი უფლებადამცველი ორგანიზაციის „ადამიანის უფლებათა ცენტრის“ თქმით, სასამართლოები, ხშირად, გირაოთი ათავისუფლებენ მოძალადეებს, რომლებიც აგრძელებენ ძალადობის მსხვერპლი ქალების დაშიებას.

ანგარიშში მოხვდა  ხანუმ ჯეირანოვას საქმე.

„ჯგუფურად ჩადენილი დამამცირებელი მოპყრობის შემდეგ, სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა“ – 8 წლის შემდეგ ხანუმ ჯეირანოვას საქმეზე 4 კაცს პატიმრობა მიუსაჯეს

„2021 წლის ნოემბერში გაერო-ს ქალთა დისკრიმინაციის აღმოფხვრის კომიტეტმა (CEDAW)  დაადგინა, რომ საქართველოს სახელმწიფომ დაარღვია „ქალთა მიმართ დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ კონვენციის“ რამდენიმე მუხლი ხანუმ ჯეირანოვას საქმესთან დაკავშირებით. ჯეირანოვა 2014 წელს გარდაიცვალა თანასოფლელების მხრიდან საჯარო დამცირების და ფიზიკური ძალადობის შემდეგ. CEDAW-მ დაადგინა, რომ საქართველომ, მათ შორის, ვერ უზრუნველყო ჯეირანოვას მიმართ არასათანადო მოპყრობისა და მისი სიკვდილის გამოძიება და ამ დანაშაულზე პასუხისმგებელი პირების დასჯა; ასევე, ვერ დაიცვა ის გენდერული დისკრიმინაციისგან“

 

„საქართველოს ევროპული პერსპექტივა, სააკაშვილის პატიმრული ეპოპეა და ხელისუფლების რიტორიკა ფრონტის წინა ხაზზე“ – როგორ აფასებენ ექსპერტები 2022 წელს

 

საერთაშორისო აქტორები

 

HRW-ის ანგარიშში ხაზს უსვამს, რომ ივნისში, ევროკავშირის წევრობაზე საქართველოს განაცხადის პასუხად, ევროპულმა საბჭომ მზადყოფნა გამოთქვა, მიანიჭოს საქართველოს კანდიდატი ქვეყნის სტატუსი მას შემდეგ, რაც ის ევროკომისიის მიერ განსაზღვრულ თორმეტ პრიორიტეტს შეასრულებს. ამ პრიორიტეტებს შორისაა პოლიტიკური პოლარიზაციის შემცირება, ყველა სახელმწიფო ინსტიტუტის დამოუკიდებლობის და ანგარიშვალდებულების გაძლიერება, დამოუკიდებელი სასამართლოს უზრუნველყოფა, მედიის დამოუკიდებლობისა და პლურალიზმის გარანტირება, მოწყვლადი ჯგუფების უფლებების დაცვა და გენდერული თანასწორობის გაძლიერება.

12 რეკომენდაცია, რომელიც განისაზღვრა ჩვენი ქვეყნისთვის ზედმიწევნით შესრულდა: ირაკლი ღარიბაშვილი

„ივნისში ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია, რომელშიც გამოხატა უკმაყოფილება საქართველოში მედიის თავისუფლების „მნიშვნელოვანი გაუარესების“, მათ შორის დაშინების, ძალადობის და „მედიის წარმომადგენლების და მფლობელების წინააღმდეგ პოლიტიკურად მოტივირებული სისხლისსამართლებრივი გამოძიებების“ გამო და დაგმო გვარამიას დაპატიმრება.

ივნისში სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ გამოსცა დაკავების ორდერები ომის დანაშაულებისთვის, რომლებიც ჩადენილი იქნა 2008 წელს საქართველოსა და რუსეთს შორის კონფლიქტის დროს. დაკავების ორდერები გამოიცა სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო ადმინისტრაციის სამი წევრის მიმართ შემდეგი ბრალდებებით: თავისუფლების უკანონო აღკვეთა, წამება და არაადამიანური მოპყრობა, ადამიანის ღირსების შელახვა, მძევლების აყვანა და უკანონო გადაადგილება. ეჭვმიტანილები ჯერ არ დაუკავებიათ. ფიქრობენ, რომ ისინი ამჟამად სამხრეთ ოსეთის ან რუსეთის ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე იმყოფებიან. 2023 წელს სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პროკურორი ვარაუდობს გამოძიების შეკვეცას საქართველოში და ძალისხმევის მიმართვას დაკავების სამი ორდერის აღსრულებაზე.

სექტემბერში გაერო-ს ადამიანის უფლებათა კომიტეტმა მოუწოდა ხელისუფლებას, გამოიძიოს ადამიანი უფლებათა დარღვევები და დასაჯოს დამნაშავეები, გააძლიეროს ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლა და დაიცვას ადამიანები სექსუალური ორიენტაციის და გენდერული იდენტობის ნიშნით დისკრიმინაციისა და ძალადობისგან.

ივნისში აშშ-ის ხელისუფლების წარმომადგენლებმა გამოხატეს მხარდაჭერა ქვეყნის დემოკრატიული მისწრაფების მიმართ და, ამავე დროს, „ღრმა შეშფოთება საქართველოს დემოკრატიული ტრაექტორიის გამო“.

თებერვალში ვიზიტის შემდეგ დუნია მიატოვიჩმა გამოაქვეყნა ანგარიში, რომელშიც მოუწოდა საქართველოს ხელისუფლებას, უზრუნველყოს ანტიდისკრიმინაციული კანონმდებლობის ეფექტიანი განხორციელება და შრომითი და გარემოსდაცვითი უფლებების უკეთ დაცვა“, – წერია ტექსტში.

mazda magti 5g