“ფერისცვალების შემდეგ მიწაში წყალი მოიმატებს და მოსახლობას სასმელი წყლის პრობლემები მოეხსნება,” – ასე უპასუხა კასპის მერმა მანუჩარ მერებაშვილმა მოსახლეობას, რომელიც წყლის პრობლემის მოგვარებას ითხოვს.
კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ კავთისხევში, ქვემო ჩოჩეთის უბანში, სასმელი წყალი ორ დღეში ერთხელ მიეწოდებათ, ისიც მხოლოდ 1 ან 2 საათის განმავლობაში.
ირკვევა, რომ კავთისხევში დგას 600 ტონიანი ავზი, რომელსაც სისტემატიურად ავსებენ, რომლითაც ზედა უბნელები სარგებლობენ, მათ შორის, სოფლის გამგებლის ოჯახიც.
მოსახლეობა ამბობს, რომ წყლის პრობლემის მოგვარების ნაცვლად, სოფლის გამგებელმა გაკეთებული გზის მეორედ გაკეთება მოითხოვა.
,,მერიამ კი მიპასუხა, წყალი თვითონ კასპს არა აქვს და თქვენ რას ითხოვთო? თქვენი სოფლის გამგებელმა ერთი გზის მოხრეშვა მოინდომაო. ძალიან გასაკვირია, როცა სოფელში კეთილმოწყობილი გზაა, ჩემი სოფლის გამგეობა რატომ ითხოვს გზის მოხრეშვას, როდესაც სოფელი წყლის გარეშე გაუსაძლის მდგომარეობაშია.” – აცხადებს ადგილობრივი მცხოვრები.
ჩოჩეთის უბნელები ამბობენ, რომ მიუხედავად წყლის სიმცირისა, ყოველთვიურ გადასახადს 1 ლარის ოდენობით თითო სულზე, მაინც იხდიან.
,,ჩვენს სოფელში რომ წყლის პრობლემა მოგვარებული იყოს, ამ ერთ ლარს აღარ გადავიხდიდით. არსებობს რაღაც სამსახური, რომელსაც 1 ლარს მომსახურების სანაცვლოდ ვუხდით. თუმცა, რის სანაცვლოდ ვიხდით, როდესაც წყალი არა გვაქვს? როგორც ჩანს, არ უნდათ ამ საკითხის მოგვარება, რადგან იმ თანხას დაკარგავენ, რომელსაც ყოველთვიურად აგროვებენ.” – აცხადებს ქვემო ჩოჩეთის უბანში მცხოვრები მოქალაქე.
კასპის მერი მანუჩარ მერებაშვილი კი ამბობს, რომ კავთისხევში, ჩოჩეთის უბანში, სასმელი წყლის სიმცირე გვალვის პერიოდს უკავშირდება:
„19 აგვისტოს ფერისცვალების დღესასწაულია, სწორედ ამ პერიოდიდან იწყებს ტემპერატურა დაწევას, ნალექი მოვა, მიწაში წყალი მოიმატებს და მოსახლობას სასმელი წყლის პრობლემები მოეხსნება“- თქვა მანუჩარ მერებაშვილმა.
კასპის მერის ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსი, აჩიკო გიგოლაშვილის განცხადებით კი პრობლემა თავად კავთისხეველებმა უნდა მოაგვარონ:
,,ზოგ ოჯახში ამ წყლით ნაკვეთებს რწყავენ. ეს თვითონ სოფლელებმა უნდა დაარეგულირონ” – აცხადებს აჩიკო გიგოლაშვილი.