LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ფერმერები აგროსესხს გამარტივებული პირობებით მიიღებენ

45

„თიბისი ბანკი“ ფერმერებს აგროსესხს გამარტივებული პირობებით სთავაზობს. ბანკის ინფორმაციით,  ფერმერებს სახელმწიფოსგან შეუძლიათ გრანტის სახით მიიღონ შესაძენი ნერგების ღირებულების 70%, ხოლო თანამედროვე სარწყავი სისტემის გასამართად საჭირო თანხის –  50%. დარჩენილი თანხის მოზიდვა მათ ”თიბისი ბანკისგან” შეუძლიათ, რომელიც პროგრამაში მონაწილე პირებს სესხზე შეღავათიან პირობებს სთავაზობს.

”მათ, ვისაც საქართველოს რეგიონებში ბაღების გაშენება სურს, ”თიბისი ბანკი” საინტერესო სიახლეს სთავაზობს. პროგრამაში ”დანერგე მომავალი“ მონაწილე ფერმერებს, შეუძლიათ თანხის ნაწილი ”თიბისი ბანკისგან” გამარტივებული პირობებით ისესხონ. სახელმწიფო პროგრამის ”ბაღების კომპონენტი“ მრავალწლიანი კულტურების ახალი ბაღების გასაშენებლად ბენეფიციარებისთვის ფინანსური და ტექნიკური დახმარების გაწევას გულისხმობს.  კერძოდ, სესხის თანხა განსაზღვრულია 10 000 ლარამდე, საპროცენტო განაკვეთი 18%-დან, მსესხებელს ეძლევა შესაძლებლობა შემოსავლების დადასტურების გარეშე, მხოლოდ მიწის ნაკვეთის უზრუნველყოფით ან/და შემოსავლების დადასტურების შემთხვევაში უზრუნველყოფის გარეშე მიიღოს ზემოთხსენებული სესხი.  სესხის მისაღებად აუცილებელი პირობაა, რომ ბენეფიციარს მფლობელობაში ჰქონდეს მინიმუმ 1 ჰა მიწის ფართობი საქართველოს შემდეგ რეგიონებში: კახეთი, შიდა ქართლი, ქვემო ქართლი, მცხეთა მთიანეთი, სამცხე ჯავახეთი, იმერეთი, სამეგრელო-ზემო სვანეთი, გურია, აჭარა, რაჭა-ლეჩხუმი – ქვემო სვანეთი”, – განუცხადეს ”ფორტუნას” ”თიბისიში”.

მათივე ინფორმაციით, გასაშენებელი მრავალწლოვანი კულტურების ჩამონათვალი დიდია და შეზღუდვა მხოლოდ ვაზის გაშენებაზე მოქმედებს.

„თიბისი ბანკი” 2015 წლიდან აქტიურად არის ჩართული აგრო მიმართულების დაფინანსებაში. ჩვენს კლიენტებს არაერთი პროექტი შევთავაზეთ სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან ერთად, რაც აგრო სექტორში ჩართულ ადამიანებს თავიანთი საქმიანობის განვითარებაში ეხმარება.  ამჯერად, შევიმუშავეთ პროექტი „დანერგე მომავალი თიბისი ბანკთან ერთად“, რაც ფიზიკურ პირებს საშუალებას აძლევს დარჩენილი სამუშაოების დასასრულებლად ისარგებლონ აგრო სესხის გამარტივებული პირობებით და შეღავათიანი საპროცენტო განაკვეთით. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ წვლილი შევიტანოთ ქვეყნის აგრო სექტორის განვითარებაში და საშუალება მივცეთ ფიზიკურ პირებს განავითარონ საკუთარი ბიზნეს მიმართულებები“, – განაცხადა ”თიბისი ბანკის” გენერალური დირექტორის მოადგილე ნინო მასურაშვილმა.

პროგრამაში ჩართული ბენეფიციარები სახელმწიფოსგან ტექნიკურ დახმარებასაც მიიღებენ, კერძოდ, მათ შეუძლიათ გაიარონ ტრენინგები და კონსულტაციები.

„სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტო ახორციელებს არაერთ პროექტს „ერთიანი აგროპროექტის“ ფარგლებში, რომელიც გათვლილია გრძელვადიან განვითარებაზე და მისი მიზანია ხელი შეუწყოს სოფლის მეურნეობის დარგში კონკურენტუნარიანობის ამაღლებას, მაღალხარისხიანი პროდუქციის წარმოების სტაბილურ ზრდას, სურსათის უვნებლობის და სასურსათო უსაფრთხოების უზრუნველყოფას. საქართველოს სოფლის მეურნეობის კონკურენტუნარიანობის ასამაღლებლად და ფერმერთა და სოფლად მცხოვრებთა სოციალური მდგომარეობის გასაუმჯობესებლად საჭიროა ინვესტიციების მოზიდვა. ამისათვის აუცილებელია კერძო სექტორისა და საფინანსო ორგანიზაციების აქტიური ჩართულობა ისეთი ინოვაციური, მდგრადი და ქმედითი მოდელების განხორციელების პროცესში, რომლებიც სტიმულს მისცემენ სოფლის მეურნეობაში ინვესტიციების მოზიდვას“, – აღნიშნა სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოს დირექტორმა მარიანა მორგოშიამ.

ბანკის პრესსამსახურის ცნობით, პროექტის ”დანერგე მომავალი” მიზანია საქართველოში გაიზარდოს სასოფლო-სამეურნეო მიწების ეფექტური გამოყენება მრავალწლოვანი კულტურების გაშენების გზით, რის შედეგადაც ჩანაცვლდება იმპორტირებული პროდუქცია და გაიზრდება საექსპორტო პოტენციალი, გაადვილდება გადამამუშავებელი საწარმოების ნედლეულით უზრუნველყოფის შესაძლებლობა და გაუმჯობესდება სოფლად მოსახლეობის სოციალური და ეკონომიკური მდგომარეობა.

დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ დეტალური ინფორმაცია მიიღონ, ან კონსულტაცია გაიარონ, როგორც ”თიბისი ბანკის” ფილიალებში, ასევე სატელეფონო ცენტრის მეშვეობით.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g