აგვისტოს შუა რიცხვებში, აშშ-ის ქალაქ მონტერეიში (კალიფორნიის შტატი), RM Sotheby’s-ის აუქციონზე Ferrari Luce-ის პირველი სერიული ეგზემპლარი გაიყიდება. იტალიური ავტომწარმოებელი აუქციონიდან მიღებულ თანხას სრულად საქველმოქმედო მიზნებს მოახმარს. ექსპერტების შეფასებით, ავტომობილის ფასმა შესაძლოა 1,1 მილიონ დოლარს მიაღწიოს.
მყიდველი მიიღებს უკვე წინასწარ აწყობილ ავტომობილს, თუმცა ის სტანდარტული ვერსია არ იქნება. ეგრეთ წოდებული „Chassis 0“ Ferrari-ს ინდივიდუალური პერსონალიზაციის განყოფილებამ Tailor Made განსაკუთრებული დიზაინით დაამუშავა.

ელექტრო სუპერქარი შეღებილია ექსკლუზიურ ნახევრად მქრქალ ფერში Madreperla, რომელიც სპეციალურად Luce-ისთვის შეიქმნა. მასში გამოყენებული სპეციალური პიგმენტი განათების მიხედვით ფერს მწვანიდან იისფრამდე ცვლის. ინტერიერი გაფორმებულია Le Mans Metallic in Perla ფერის ბუნებრივი ტყავით.
უნიკალურია ასევე სალონის დეკორატიული ჩანართები, სპეციალურად დამზადებული ბორბლების დისკები და თეთრ ფონზე შესრულებული Ferrari-ს ლოგო.

აღსანიშნავია, რომ ეს კონკრეტული ავტომობილი ამერიკული ბაზრის სპეციფიკაციითაა აწყობილი და თავდაპირველად აშშ-ში იქნება რეგისტრირებული. თუ აუქციონს სხვა ქვეყნის მყიდველი მოიგებს, ავტომობილის ტრანსპორტირება და შესაბამის ქვეყანაში მისი ლეგალიზაცია თავად მოუწევს.