სოფლის ტურიზმის ფესტივალი „განდაგანა“, რომელიც ბათუმში დღეს უნდა გამართულიყო, უამინდობის გამო გადაიდო. ინფორმაციას აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი ავრცელებს. ფესტივალი ევროპის მოედანზე 6-7 ოქტომბერს ჩატარდება.
მცირედი ცვლილებებია მუსიკალურ პროგრამაშიც. ზვიად ბოლქვაძის, სოფო ბათილაშვილისა და ბენდი „ნიუტონი-ს” მუსიკალური ნომრები, რომლითაც ფესტივალი უნდა დახურულიყო, 7 ოქტომბერის ნაცვლად, ხვალ გაიმართება. უცვლელი რჩება ფესტივალის ძირითადი პროგრამა.
სოფლის პროდუქტების გამოფენა-გაყიდვა, მხიარული შეჯიბრებები, მასტერკლასები და ფოლკლორ შოუ – მცირე ჩამონათვალია იმ ღონისძიებებისა, რასაც ფესტივალი სტუმრებს სთავაზობს. ორი დღის განმავლობაში, მთიანი აჭარის ხუთივე მუნიციპალიტეტი მხოლოდ მისთვის დამახასიათებელი პროდუქტებით, ხილით, ტკბილეულით, ხელნაკეთი ნივთებითა და ტრადიციებით ევროპის მოედანზე იქნება წარმოდგენილი.
ფესტივალის სტუმრებს საშუალება ექნებათ ადგილობრივი ფოლკლორული ანსამბლების – „ბერმუხა“, „ელესა“, „ხორუმი“, „ათძალი“, „კოლხა“ , „მაჭახელა“, „ქობულეთი“, „ფესვები- სა” და „შუახევი-ს” ფოლკლორულ წარმოდგენებს დაესწრონ. 7 ოქტომბერს, ფესტივალი ბენდების „ასეა სულ“ და „ლურჯი იალქანი“ მუსიკალური პროგრამით დასრულდება.
ორივე დღის განმავლობაში სტუმრებს საშუალება ექნებათ ჩაერთონ მხიარულ შეჯიბრებებსა და მასტერკლასებში: განდგანას ცეკვისა და კულინარიული მასტერკლასი, ჩურჩხელის ამოვლება, ჭაჭის გამოხდა, სოფლის ბოულინგი გოგრებით, შეშის დაჩეხვა, სინორისა და ბორანოს მომზადება. კვირას გაიმართება ყურძნის დაწურვის ტრადიციული ცერემონიაც, რომელში მონაწილეობის მიღებაც ნებისმიერ მსურველს შეუძლია. სოფლის ტურიზმის ფესტივალი განდგანა აჭარაში 2015 წლიდან იმართება და მისი მიზანი მთიანი აჭარის პოპულარიზაციაა.