„ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, როდესაც საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელი არჩევნებამდე ორი კვირით ადრე შეგაქვს, ეს ფაქტი ყველაფერზე მეტყველებს.
ამ განცხადებით კობახიძე ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის სარჩელს გამოეხმაურა და თქვა, რომ მის უკან პოლიტიკური ინტერესი ძალიან ნათლად იკითხება.
ირაკლი კობახიძის განცხადებით, საია-ს სარჩელის შეტანა შეეძლო როგორც არჩევნებამდე სამი თვით ადრე, ასევე არჩევნების შემდეგაც.
„ფიცი გვწამს და ბოლო გვაკვირვებს. როდესაც არჩევნებამდე ორი კვირით ადრე შეგაქვს სარჩელი საკონსტიტუციო სასამართლოში, ეს ფაქტი ყველაფერზე მეტყველებს. მათ ასეთი სარჩელის შეტანა შეეძლოთ სამი თვის წინ ან სამი თვის შემდეგ. ზუსტად იმ მომენტში შეიტანეს სარჩელი, როდესაც საარჩევნო აგიტაციის კუთხით ყველაზე ცხელი დრო იყო.
არავითარი დაბრკოლება მათ არ ჰქონდათ, შეეძლოთ სამი თვის დაგვიანებით შეეტანათ, თუ ისინი ზრუნავდნენ მომდევნო 2025 წლის თვითმმართველობის არჩევნებზე. ღიმილისმომგვრელია ეს ყველაფერი.
აქედან გამომდინარე ძალიან ნათლად იკითხება პოლიტიკური ინტერესი ამ სარჩელის უკან, რაზეც ჩვენ ყურადღება გავამახვილეთ“ , – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
შეგახსენებთ, რომ ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ, ვახუშტი მენაბდის, ვასილ ჟიჟიაშვილის, გვანცა საკანელაშვილისა და ნონა ქურდოვანიძის სახელით საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართა.
ამ სარჩელით საია ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის დადგენილი მაჟორიტარული საარჩევნო ოლქების საზღვრების არაკონსტიტუციურად ცნობას ითხოვს.
წარდგენილი სარჩელით, საია ასაბუთებს, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის დადგენილი მაჟორიტარული საარჩევნო ოლქების საზღვრები არღვევს ხმის თანაბარი წონის პრინციპს, რის გამოც, გასაჩივრებული ნორმები საარჩევნო და თანასწორობის უფლებებთან მიმართებით არაკონსტიტუციურად უნდა გამოცხადდეს.
