ფიფა მსოფლიო ჩემპიონატის ფორმატის შეცვლის შემდეგ დამატებით 640 მილიონ დოლარს გამოიმუშავებს. ფიფა-ს პრეზიდენტის, ჯანი ინფანტინოს განცხადებით, ორგანიზაციის დირექტორთა საბჭოს წევრთა უმეტესობამ მსოფლიო ჩემპიონატის ფინალური ეტაპის გაფართოების იდეა დადებითად შეაფასა. ახალი ფორმატით მუნდიალი სავარაუდოდ 2026 წელს შედგება, 40 ან 48 გუნდის შემადგენლობით.
თავად ინფანტინო მიიჩნევს, რომ მსოფლიოს პირველობა რაც შეიძლება წარმომადგენლობითი უნდა იყოს და 48-გუნდიან ფორმატს ემხრობა, რომელიც ფინანსურადაც უფრო მომგებიანი იქნება. აღნიშნული ფორმატის მიხედვით, ფიფა დამატებით 640 მილიონი დოლარის მოგებას მიიღებს. ასეთ შემთხვევაში მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონატის მოსალოდნელ მოგებასთან შედარებით მსოფლიო ფეხბურთის ორგანიზაციის მისაღები სარგებელი 20%-ით გაიზრდება.
აღსანიშნავია ისიც, რომ ფიფას სურს მატჩების დაწყების დრო იმ ქვეყნების ინტერესებს მოარგოს, რომელთა ნაკრებებიც შეხვედრაში მონაწილეობენ და შესაბამისად, შეხვედრები ამ ქვეყნების მოსახლეობისათვის ყველაზე ხელსაყრელ დროს დაინიშნება.
1998 წლიდან მსოფლიოს ჩემპიონატზე 32 საუკეთესო გუნდი მონაწილეობს. მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონატს 14 ივნისიდან 15 ივლისის ჩათვლით რუსეთი უმასპინძლებს.