გასულ კვირას ტომ ჰენქსმა 66-ე დაბადების დღე აღნიშნა. ჰენქსი, რომელიც დღეს ჰოლივუდის ერთ-ერთ ყველაზე ნიჭიერ და პატივცემულ მსახიობად ითვლება, ამერიკული კინოაკადემიის ხუთგზის ნომინანტი და ორი პრემიის მფლობელია.
„ფილადელფია“ (Philadelphia, 1994)
– პირველი „ოსკარი“ 37 წლის ჰენქსმა 1994 წელს მიიღო, როცა ისეთი მსხვილი კალიბრის მსახიობები დაჯაბნა, როგორიც დენიელ დეი-ლუისი, ენტონი ჰოპკინსი და ლიამ ნისონია, რომელიც „შინდლერის სიით“ ცდილობდა ამერიკული კინოს უმაღლესი პრემიის მოპოვებას. აღსანიშნავია, რომ ჯონათან დემის „ფილადელფია“ პირველი მსხვილი ჰოლივუდური პროექტია, რომელმაც პირველმა ისაუბრა ღიად შიდსზე, ჰომოსექსუალიზმზე და არა მხოლოდ გაქირავების ლიდერი გახდა, არამედ კრიტიკის მაღალი შეფასებაც დაიმსახურა, რომელთაც ვერ დამალეს ტომ ჰენქსით აღფრთოვანება.
16 კილოგრამის დაკლებით და შიდსით დაავადებული იურისტის განსახიერებით, რომელსაც თითქოს არაკომპეტენტურობის, სინამდვილეში კი, სექსუალური ორიენტაციისა და მომაკვდინებელი სენის გამო ათავისუფლებენ მსხვილი იურიდიული ფირმიდან, ჰენქსი სისტემასთან ბრძოლისა და სტერეოტიპების ნგრევის ერთგვარ სიმბოლოდ იქცა, რადგან სწორედ მას მიბაძეს კოლეგებმა, როცა ყოველგვარი უხერხულობის გარეშე ალაპარაკდნენ მანამდე აკრძალულ თემებზე.
„ფორესტ გამპი“ (Forrest Gump, 1995)
– მეორე „ოსკარი“ ჰენქსმა კომედიურ დრამაში „ფორესტ გამპი“ შესრულებული როლისთვის მიიღო. აღსანიშნავია, რომ სპენსერ ტრეისის შემდე ჰენქსი მეორე გახდა, ვინც ერთმანეთის მიყოლებით ორჯერ დაჯილდოვდა კინოაკადემიის პრემიით საუკეთესო მსახიობის ნომინაციაში. მსახიობს ისევ სერიოზული ბრძოლის გაწევა მოუხდა, რადგან მორგან ფრიმენი, ჯონ ტრავოლტა და თავად პოლ ნიუმენი უწევდნენ კონკურენციას, თუმცა ჰენქსი ამჯერადაც საუკეთესო აღმოჩნდა.
მართალია, რობერტ ზემეკისის სენტიმენტალური სუპერჰიტი კრიტიკოსთა ნაწილმა მსხვილი კინოსტუდიების საავტორო კინოზე დაუმსახურებელ გამარჯვებად შეაფასა, მაგრამ ჰენქსის ოსტატობა ყველამ ერთნაირად მოიწონა, რადგან სწორედ მისი გულუბრყვილო, თუმცა საოცრად დადებითი პერსონაჟი იქცა მე-20 საუკუნის ამერიკის განსახიერებად, თავად ტომ ჰენქსმა კი, ნაციონალური მონაპოვრის სტატუსი შეიძინა.