LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ფილმის „სხვისი სახლი“ შემოქმედებითი ჯგუფი მედიის წარმომადგენლებს შეხვდა

84

ეროვნულ კინოცენტრში ფილმის „სხვისი სახლი“ შემოქმედებითი ჯგუფი მედიის წარმომადგენლებს შეხვდა. ფილმი რამდენიმე დღის წინ კარლოვი ვარის საერთაშორისო კინოფესტივალზე საკონკურსო პროგრამაში East Of The West საუკეთესო ნამუშევრად აღიარეს და ფესტივალის პრიზით „ბროლის გლობუსით“ დააჯილდოეს.

კარლოვი ვარის ფესტივალი ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის წამყვანი და ყველაზე პრესტიჟული კინოფესტივალია, რომელიც ა-კლასის კატეგორიას მიეკუთვნება კანის, ბერლინის, ვენეციის, სან სებასტიანის, მონრეალის, შანხაის და ტოკიოს კინოფესტივალების მსგავსად.

გამარჯვებული ფილმის შესახებ არაერთი დადებითი რეცენზია დაიწერა, მათ შორის ცნობილ ამერიკულ გამოცემაში The Variety. “ფიპრესის“ კინოკრიტიკოსთა შეფასებით კი „სხვისი სახლი“ 3.40 ქულით კინოფესტივალზე წარმოდგენილი ფილმების რეიტინგის ლიდერი გახდა.

პრესკონფერენციას დაესწრო ფილმის რეჟისორი რუსუდან გლურჯიძე, პროდიუსერი და ეროვნული კინოცენტრის დირექტორი ზურა მაღალაშვილი, ფილმის მთავარი მხატვარი გოგი მიქელაძე, ასევე მსახიობები ია სუხიტაშვილი, სალომე დემურია, კატო ჯაფარიძე…

მედიის წარმომადგენლებს საშუალება ჰქონდათ დაესვათ კითხვები ფილმის შემოქმედებითი ჯგუფისთვის, ასევე მიეღოთ ინფორმაცია „სხვისი სახლის“ საფესტივალო კარიერის შესახებ.

„სხვისი სახლი“ ეროვნული კინოცენტრის კონკურსის გამარჯვებული პროექტია. იგი საქართველოს, რუსეთის, ხორვატიისა და ესპანეთის კოპროდუქციაა. ფილმი ხანმოკლე, მაგრამ გამანადგურებელ ომში ფიზიკურად გადარჩენილი ორი ოჯახის შესახებ მოგვითხრობს. ისინი იკავებენ ნაჩქარევად გამოთავისუფლებულ სახლებს, მაგრამ მშვიდობიან გარემოში ახალი ცხოვრების დაწყება არ შეუძლიათ. ომი ყოველდღიურ ცხოვრებაში გრძელდება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g