„ეკონომიკის დუღილს” რაც შეეხება, ეს არის ოფიციალური მონაცემები, რომლის შესაბამისადაც ეკონომიკური ზრდა მიმდინარე წელს, 8 თვეში არის 12 პროცენტი”, – ასე უპასუხა ფინანსთა მინისტრმა ლაშა ხუციშვილმა ჟურნალისტების კითხვას, ფასების ზრდის ფონზე, მაინც “დუღს თუ არა საქართველოს ეკონომიკა”.
ლაშა ხუციშვილის თქმით, საქართველოს ეკონომიკის აღდგენა ძალიან სწრაფი ტემპით მიმდინარეობს.
„12%-იანი ეკონომიკური ზრდა საქართველოს ძალიან დიდი ხანია არ ჰქონია, სულ ერთი შემთხვევა იყო ერთი წლის განმავლობაში, როდესაც საქართველოს 12 პროცენტიანი ეკონომიკური ზრდა ჰქონდა. შესაბამისად, თუ რეგიონს და მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანას გადავხედავთ, საქართველოს ეკონომიკა პანდემიის შემდგომ პერიოდში ერთ-ერთი ყველაზე მაღალი აღდგენის ტემპით ხასიათდება. შესაბამისად, ეს რიცხვები თავისთავად მეტყველებს იმაზე, რომ ეკონომიკის აღდგენა ძალიან სწრაფი ტემპით მიმარდინარეობს. ეს აღდგენის ტემპი აუცილებლად აისახება ქვეყნის ზოგად ეკონომიკურ სიტუაციაზეც”, – განაცხადა ხუციშვილმა.
მინისტრმა ინფლაციის მაჩვენებლებზეც ისაუბრა და თქვა, რომ მომდევნო წელს ინფლაციის მაჩვენებელი მნიშვნელოვნად დაიწყებს შემცირებას. როგორც მან განმარტა, გეგმა და პროგნოზები, რომელიც ამ მიმართულებით ეროვნულ ბანკს გააჩნია, რეალობას შეესაბამება.
