არაფერი განსაკუთრებული არ ხდება, ეს არის მოკლევადიანი რყევა, – ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა ლარის კურსთან დაკავშირებით განაცხადა. მისი თქმით, ლარის კურსის გაუფასურებასთან დაკავშირებით საგანგაშო არაფერია და შექმნილი ვითარება ყველა ქვეყანას ახასიათებს. როგორც მინისტრმა აღნიშნა, აჟიოტაჟის გამო ვალუტის კურსის გაუფასურების ნიშნული ბუნებრივზე მაღლა ადის ხოლმე, თუმცა შემდეგ ისევ დაბლა იწევს.
„როდესაც ვამბობთ, რომ ეკონომიკის ფუნდამენტური მაჩვენებლები არის კარგი, ამას რასაკვირველია, ვასაბუთებთ ციფრებით. ზედიზედ 3 წელია მცირდება მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი და 2017 წელთან შედარებით განახევრდა. ასევე, 3 წელია ზედიზედ ექსპორტი იზრდება. აპრილის მონაცემებით, 30% იანი ზრდა იყო. ესეც სერიოზული მაჩვენებელია. ამ მიმართულებით სვლა უნდა განვაგრძოთ. ამის პარალელურად, ტარდება დედოლარიზაციის ღონისძიებები. დოლარზე დამოკიდებულება ალბათ, სრულად არ გაქრება, მაგრამ ეს ტენდენციები რომ გაგრძელდეს, ჩვენ უფრო დაცულები ვიქნებით ყველა ტიპის რყევისგან.
მოკლევადიანი რყევები ზოგადად ახასიათებს პრაქტიკულად ყველა ქვეყანას, მითუმეტეს განვითარებად და მცირე ეკონომიკის მქონე ქვეყნებს. ამ რყევებს ზოგჯერ აჟიოტაჟი მოჰყვება ხოლმე და უფრო მაღალ ნიშნულზე ადის ხოლმე, ვიდრე მისი ბუნებრივი მდგომარეობაა. მერე ჩამოდის და დგება იქ, სადაც უნდა დადგეს. დაახლოებით, იმავეს ველოდებით ახლაც. არაფრი განსაკუთრებული არ ხდება, ეს არის მოკლევადიანი რყევა. მას პასუხად აქვს გრძელვადიანი ეკონომიკური პოლიტიკა და მაგ მიმართულებით გეუბნებით, რომ ყველაფერი მიდის სწორად,“ – განაცხადა მაჭავარიანმა.