ცალსახად შეგვიძლია ვთქვათ, რომ მიმდინარე წელს სრულად მოხდება იმ ეკონომიკური კლების კომპენსირება, რაც გვქონდა გასულ წელს, – ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა ლაშა ხუციშვილმა განაცხადა. მისივე თქმით, პირველი კვარტლისგან განსხვავებით, ახალი ეკონომიკური რეალობა გვაქვს და ნავარაუდები 3.5%-იანი ეკონომიკური ზრდა 6.5%-მდე გაიზარდა.როგორც ხუციშვილმა განმარტა, აღნიშნული ეკონომიკური რეალობის ასახვა ხდება ლარის კურსზეც და ამ კუთხით მომდევნო პერიოდი უფრო სტაბილური იქნება.
„ლარის კურსის კონკრეტულ ნიშნულთან დაკავშირებით ფინანსთა სამინისტრო პროგნოზებს არ აკეთებს. ამის კონკრეტული პროგნოზირება არის შეუძლებელი, თუმცა შეგვიძლია ვისაუბროთ იმ ფაქტორებზე, რომლებიც ახდენს ლარის კურსზე გავლენას. ახალი რეალობა გვაქვს ეკონომიკური მიმართულებით პირველი კვარტლისგან განსხვავებით, როდესაც გაკეთდა პროგნოზები, მათ შორის საერთაშორისო ორგანიზაციების მხრიდან. საუბარი იყო იმაზე, რომ საქართველოს ეკონომიკური ზრდა უნდა ყოფილიყო 3.5%, ჩვენ ამის მიუხედავად დაგეგმილი გვქონდა 4.3%. დავიწყეთ საუბარი, რომ ეს პროგნოზები გადაიხილებოდა, ჩვენ ვხედავდით ცვლილებებს დადებითი მიმართულებით, აპრილის თვიდან მოყოლებული პროგნოზებს გადავხედეთ და ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი გავზარდეთ 6.5%-მდე. ასევე წარვადგინეთ პოზიტიური სცენარის შემთხვევაში რა იქნებოდა ეკონომიკური ზრდა და ეს არის 10%-ზე მეტი მაჩვენებელი, რაც საკმაოდ დიდი მაჩვენებელია. ცალსახად შეგვიძლია ვთქვათ, რომ მიმდინარე წელს სრულად მოხდება იმ ეკონომიკური კლების კომპენსირება, რაც გვქონდა გასულ წელს. ეს მოგვცემს საშუალებას, რომ საქართველოს ეკონომიკის აღდგენა მოხდეს იმაზე სწრაფად, ვიდრე ეს იყო ნავარაუდები”, – აღნიშნა ლაშა ხუციშვილმა.
