საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა მცხეთა-მთიანეთის მხარეში, სოფელ ძეგვში მდებარე წმინდა გიორგი მთაწმინდელის სახელობის დედათა მონასტერთან არსებული სარეაბილიტაციო ცენტრის ბენეფიციარებს დამდეგი შობა-ახალი წელი მიულოცეს.
საგამოძიებო სამსახურის უფროსმა მიხეილ მაღლაკელიძემ და უწყების სხვა ხელმძღვანელმა პირებმა, თანამშრომლებთან ერთად, ცენტრში მცხოვრები პირები მოინახულეს და საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლების სახელით საკვები პროდუქტები და პირველი საჭიროების ნივთები გადასცეს.

მიხეილ მაღლაკელიძემ ცენტრის აღსაზრდელებს სწავლაში წარმატება, ხოლო მოხუცებს ჯანმრთელობა და დღეგრძელობა უსურვა.
ცენტრის დირექტორმა ნანა გოგოჭურმა ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის წარმომადგენლებს საჩუქრებისთვის მადლობა გადაუხადა.

სოციალურად დაუცველი, მზრუნველობას მოკლებული ადამიანებისთვის თანადგომისა და მხარდაჭერის გამოხატვის მიზნით, ყოველი წლის ბოლოს, საგამოძიებო სამსახური საქველმოქმედო აქციას ახორციელებს, რომელშიც სამსახურის ყველა თანამშრომელია ჩართული.
