LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ფინეთის ლაპლანდიაში იხსნება კომპლექსი, სადაც მოხვედრა მხოლოდ სპეციალური მიწვევით იქნება შესაძლებელი

125
Octola III

ექსკლუზიურობა, ფუფუნება და კონფიდენციალურობა სტუმარმასპინძლობის სფეროში ხშირად გადამეტებულად გამოყენებული ცნებებია, თუმცა ფინეთის ლაპლანდიაში მდებარე ერთ კონკრეტულ კომპლექსს ნამდვილად აქვს საფუძველი, სამივე მათგანზე იქონიოს პრეტენზია.

Octola III“, რომელიც მიმდინარე წლის დეკემბერში გაიხსნება, სულ რაღაც ექვს სტუმარს უმასპინძლებს. თუმცა იმედი არ გქონდეთ, რომ მას მარტივად, ონლაინ რეჟიმში დაჯავშნით – კომპლექსში მოხვედრა მხოლოდ სპეციალური მიწვევით იქნება შესაძლებელი.

„Octola Private Wilderness“-ის პორტფოლიოს უახლესი ობიექტი ზღვის დონიდან 500 მეტრის სიმაღლეზე მდებარეობს, ყოფილი რადიოლოკაციური სადგურის, ფინეთის ლაპლანდიის დაცულ ტერიტორიაზე.

კომპლექსი დაპროექტებულია ფინური არქიტექტურული ბიუროს „UKI Architects“ მიერ, ცნობილი ლაპლანდიელი არქიტექტორის, ჰანუ ვოუტილაინენის ხელმძღვანელობით. რეზიდენცია ჰარმონიულად აერთიანებს თანამედროვე ნორდიკულ დიზაინსა და ბუნებრივ მასალებს, რაც შთაგონებულია გარემომცველი ლანდშაფტით. მიუხედავად განცალკევებული მდებარეობისა, „Octola III“ სულ რაღაც 20 წუთის სავალზეა ენონტეკიოს არქტიკული აეროპორტიდან (Enontekiö Arctic Airport), საიდანაც ტრანსფერი კერძო ტრანსპორტით ხორციელდება.

ლაპლანდიის ერთ-ერთ ყველაზე მაღალ მთაზე განთავსებული „Octola III“ ფინეთზე, ნორვეგიასა და შვედეთის ტერიტორიებზე პანორამული ხედებით იწონებს თავს. სიმაღლეზე მდებარეობა ასევე იდეალურ პირობებს ქმნის არქტიკის ერთ-ერთი უდიდესი ბუნებრივი მოვლენის – ჩრდილოეთის ციალის სანახავად.

„Octola III“-ში ვიზიტი მოიცავს პერსონალური შეფმზარეულისა და სპეციალური მასპინძლის მომსახურებას, ხოლო გამაჯანსაღებელი (wellness) კომპონენტი ეფუძნება ტრადიციულ ნორდიკულ კონტრასტებს ცხელსა და ცივს შორის.

სტუმრებს შეუძლიათ მონაცვლეობით ისარგებლონ ტბის პირას მდებარე შეშის საუნითა და სპეციალურად მოწყობილი ყინულოვანი წყლის აუზით, შემდეგ კი განიტვირთონ მოსასვენებელ ოთახში, სადაც განთავსებულია ბილიარდი, დარტსი, სასმელებით სავსე ბარი და არსებობს დახურული სივრცეც „სუოპუნკში“ (suopunki), ტრადიციულ ლასოს ტექნიკაში სავარჯიშოდ.

„Octola III“-ის სტუმრებისთვის გათვალისწინებულია სხვადასხვა აქტივობაც, რომლებიც ინდივიდუალურად იგეგმება თითოეული ჯგუფისთვის. აქტივობები მოიცავს თოვლმავალებით გასეირნებას, ველურ ბუნებაში მოგზაურობას, ჩრდილოეთის ირმებთან ინტერაქციას, ჩრდილოეთის ციალზე დაკვირვებასა და მეზობელ კაუტოკეინოში (Kautokeino) სტუმრობას, რომელიც მკვიდრი მოსახლეობის ერთ-ერთ კულტურულ ცენტრადაა მიჩნეული. აქ ვიზიტორებს შეუძლიათ გაეცნონ ტრადიციულ ხელოსნობას, ადგილობრივ ისტორიას და მიიღონ ინფორმაცია ირმების მწყემსობის მრავალსაუკუნოვანი ტრადიციების შესახებ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები