დღეს თბილისში, ფიროსმანის ქუჩაზე კაცი ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრეს.
გავრცელებული ინფორმაციით, შუახნის მამაკაცს მიმავალი ავტომობილიდან ესროლეს. სროლის შემდეგ ავტომობილი, რომელშიც თავდამსხმელი იჯდა, ავტობუსს დაეჯახა.
„აქ მდგარა ეს ბიჭი და მანქანით მოვიდნენ, ესროლეს სამი ტყვია და მერე გაქცევა რომ მოინდომა, ეტყობა, ავტობუსს დაეჯახა და გაიქცა“, – ამბობს თვითმხილველი „მთავარ არხთან“ საუბრისას.
დაჭრილ მამაკაცს სხეულის სხვადასხვა არეში სამი ცეცხლნასროლი ჭრილობა აქვს მიყენებული, ის სასწრაფო დახმარების ბრიგადამ სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანა.
შემთხვევის ადგილზე ამ დრომდე მუშაობენ ექსპერტ კრიმინალისტები.
როგორც „ფორტუნას“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 19-108-ე და 236-ე მუხლებით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობის მცდელობასა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.
ფოტო: მთავარი არხი