ჩინეთში 52 წლის მასწავლებელი ბაი ძიანი „ჩინეთის სუპერ მამად“ აღიარეს – მან 276 ბავშვი იშვილა და სპორტიც შეაყვარა. მის ისტორიას გამოცემა South China Morning Post ავრცელებს.
პირველი ბავშვი ძიანმა ჯერ კიდევ 1995 წელს შეიფარა. მაშინ მამაკაცს სკოლაში მუშაობა ახალი დაწყებული ჰქონდა და ერთ მოსწავლეს მიაქცია ყურადღება – ბიჭი ხშირად აცდენდა გაკვეთილებს და თანაკლასელებს საჭმელს ჰპარავდა. მოგვიანებით გაირკვა, რომ მშობლებმა ის მიატოვეს, რის შემდეგაც მასწავლებელმა ბავშვს საკუთარ სახლში ცხოვრება შესთავაზა.
ამის შემდეგ ძიანმა სულ უფრო მეტ ობოლს გაუწოდა დახმარების ხელი. მათ სარჩენად დამატებით მუშაობდა, ფულს სესხულობდა და მხარდაჭერას დედასა და დებს სთხოვდა. ყველა აღსაზრდელს სპორტს აჩვევდა – ყოველდღე დილის 4:30-ზე აღვიძებდა და სარბენად მიჰყავდა. ამინდის მიუხედავად, ბავშვები ყოველდღიურად 12 კილომეტრზე მეტს დარბოდნენ.

ძიანის აზრით, სპორტი საუკეთესო გამოსავალია ბავშვებისთვის, რომლებსაც ფინანსური ან საგანმანათლებლო სირთულეები აქვთ. თავადაც, კოლეჯში ჩაბარება სწორედ სირბილში მიღწეული წარმატებების წყალობით შეძლო. „სპორტი სამართლიანია – რასაც დათესავ, იმას მოიმკი“, – ასე ასწავლის ის ბავშვებს.
მისი ბევრი აღსაზრდელი პროფესიონალი სპორტსმენი გახდა. სხვები უნივერსიტეტების ლექტორები, სახელმწიფო მოხელეები ან სამხედრო კარიერის მქონე პირები არიან.
46 წლის ასაკში ძიანმა დაქორწინება საბოლოოდ გადაწყვიტა. მანამდე მისი პარტნიორები ვერ ეგუებოდნენ მის ცხოვრების წესს და საქველმოქმედო საქმიანობას. 2020 წელს ძიანს ვაჟი შეეძინა. „დაღლილობას საერთოდ ვერ ვგრძნობ. მიყვარს ბავშვები და სპორტი – ყოველდღე იმას ვაკეთებ, რაც მიყვარს“, – ამბობს ის.