საბა კვირკველია მოსკოვის „ლოკომოტივის“ გულშემატკივართა რჩეულია. ეს გამოკითხვის შედეგად გახდა ცნობილი.
რუსეთის ჩემპიონი „ლოკომოტივის“ ფეხბურთელებს გუნდის გულშემატკივრები შეხვდნენ – საქართველოს ნაკრების მცველს სწორედ აქ გადასცეს ფანების მიერ „ლოკომოტივის“ საუკეთესო მოთამაშისთვის დაწესებული ტრადიციული სიმბოლური პრიზი – „ფოლადის რელსები“ („ლოკომოტივი“ ხომ რუსეთის რკინიგზის გუნდია). პრიზი 26 წლის ქართველ ფეხბურთელს ფანკლუბის წარმომადგენლებმა გადასცეს.
გულშემატკივართა გამოკითხვაში კვირკველიამ აბსოლუტური უმრავლესობით გაიმარჯვა.
გასულ სეზონში საბა კვირკველიამ „ლოკომოტივის“ შემადგენლობაში 29 მატჩი ჩაატარა და ორი გოლი გაიტანა, პრემიერლიგის სიმბოლურ ნაკრებში 15-ჯერ მოხვდა და საბოლოოდ, წლის სიმბოლურშიც დაასახელეს და სეზონის ხუთ საუკეთესო მოთამაშეს შორისაც.