ფონდ „იავნანას“ დამფუძნებლის, პაატა ბურჭულაძის ადვოკატმა სოსო ბარათაშვილმა პროკურატურისგან მიღებული პასუხი გაასაჩივრა და მთავარ პროკურორს განცხადებით მიმართა.
ბურჭულაძის ადვოკატის განცხადებით, საუბარია პროკურატურაში 7 მარტს შეტანილ მოთხოვნაზე, დაიწყოს გამოძიება პროკურორის ყოფილი მოადგილის, ლაშა ნაცვლიშვილის მიერ საქმეში არსებული კონფიდენციალური მტკიცებულებები გავრცელების გამო. ადვოკატის თქმით, ნაცვლიშვილმა უფლებამოსილებას გადაამეტა და მის წინააღმდეგ გამოძიება უნდა დაწყებულიყო.
ადვოკატისთვის გაგზავნილ პროკურატურის პასუხში წერია, რომ გარემოებების შესწავლის შედეგად, გამოძიების დაწყების წინაპირობები არ არსებობს. სწორედ აღნიშნული პასუხი გაასაჩივრა დღეს პაატა ბურჭულაძის ადვოკატმა.
მთავარმა პროკურატურამ ფონდ „იავნანას“ ხელმძღვანელი პირების მიერ დიდი ოდენობით თანხების შესაძლო მითვისება-გაფლანგვის ფაქტზე გამოძიება გასული წლის 20 სექტემბერს დაიწყო.