LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Forbes-მა მსოფლიოს ყველაზე გავლენიანი ქალების 2023 წლის რეიტინგი გამოაქვეყნა

195
09

ამერიკულმა Forbes-მა მსოფლიოს ყველაზე გავლენიანი ასი ქალის სია გამოაქვეყნა. გამოცემის რეიტინგში ზედიზედ მეორე წელია, რაც ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი ლიდერობს. მას ევროპის ცენტრალური ბანკის პრეზიდენტი კრისტინ ლაგარდი, ამერიკის შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტი კამალა ჰარისი და იტალიის პრემიერი ჯორჯა მელონი მოჰყვებიან.

მეხუთე ადგილზე შოუბიზნესის წარმომადგენელი, მომღერალი ტეილორ სვიფტი მოხვდა, რომელიც გასული წლის რეიტინგში მხოლოდ 79-ე ადგილს დასჯერდა. სვიფტის აღმასვლა უმეტესწილად მისი ეკონომიკური გავლენის დამსახურებაა. ანალიტიკოსთა პროგნოზით, რეკორდული, $850-მილიონიანი შემოსავლის მქონე Eras-ს ტური აშშ-ის ეკონომიკას $5 მილიარდზე მეტს მოუტანს.

2023 წლის ყველაზე გავლენიანი ქალების რეიტინგი ოთხი ძირითადი კრიტერიუმის მიხედვით განისაზღვრა, ესენია: ფული, მედია, გავლენა და გავლენის სფეროები. პოლიტიკური ლიდერების შემთხვევაში ყურადღება ძირითადად მოსახლეობის დამოკიდებულებასა და მთლიან შიდა პროდუქტზე გამახვილდა, კორპორაციული ხელმძღვანელების შეფასებისას კი გადამწყვეტი კომპანიების შემოსავლების, ღირებულებისა და თანამშრომლების რაოდენობის მაჩვენებლები აღმოჩნდა.

მსოფლიოს ყველაზე გავლენიანი ასი ქალის რეიტინგის პირველ ათეულში ასევე მოხვდნენ: სამედიცინო კომპანიის CVS Health-ის აღმასრულებელი დირექტორი კარენ ლინჩი, საერთაშორისო საინვესტიციო ბანკის Citigroup-ის აღმასრულებელი დირექტორი ჯეინ ფრეიზერი, საფინანსო მომსახურების საერთაშორისო კორპორაციის Fidelity Investments-ის აღმასრულებელი დირექტორი აბიგაილ ჯონსონი, საავტომობილო კომპანიის General Motors-ის აღმასრულებელი დირექტორი მერი ბარა და Bill & Melinda Gates Foundation-ის თანათავმჯდომარე მელინდა ფრენჩ გეიტსი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g