Ford-მა 2026 წლის განმავლობაში ამერიკის ბაზარზე უკვე 11,27 მილიონზე მეტი ავტომობილი გაიწვია. გამოცემა Motor1-ის ინფორმაციით, კომპანიამ წლის პირველ ნახევარში 50 სხვადასხვა სერვისული კამპანია გამოაცხადა, რის შედეგადაც შეკეთებას 11 271 100 ავტომობილი დაექვემდებარება.
თუ ეს ტენდენცია გაგრძელდება, Ford-ი შესაძლოა კიდევ ერთხელ გახდეს აშშ-ის ავტოინდუსტრიის ლიდერი გაწვეული ავტომობილების რაოდენობით. კომპანიამ მსგავსი რეკორდი უკვე 2025 წელს დაამყარა.
Ford-ი სერვისული კამპანიების რაოდენობით ამერიკულ ავტოინდუსტრიაში ლიდერი 2022 და 2023 წლებშიც იყო, ხოლო 2024 წელს პირველ ადგილზე გავიდა იმ ავტომობილების რაოდენობით, რომლებმაც ტექნიკური ხარვეზების გამო სერვისცენტრებს მიმართეს.
2025 წელს კომპანიამ ისტორიული რეკორდიც დაამყარა – წლის განმავლობაში 153 გაწვევის კამპანია გამოცხადდა, რომლებმაც თითქმის 13 მილიონი ავტომობილი მოიცვა.
2026 წლის ყველაზე მასშტაბური გაწვევა 4,38 მილიონ ავტომობილს შეეხო. მიზეზი პროგრამული ხარვეზი გახდა, რომლის გამოც მისაბმელის განათების სისტემა შესაძლოა გამართულად არ მუშაობდეს, რაც მოძრაობის უსაფრთხოებას საფრთხეს უქმნის.
კომპანია პარალელურად ხარისხის კონტროლის გამკაცრებაზეც მუშაობს. ცოტა ხნის წინ Ford-მა განაცხადა, რომ ყველა საწარმოში ძრავების ყოველდღიური დაშლისა და დეტალური შემოწმების პრაქტიკა დანერგა, რათა წარმოების პროცესში შესაძლო დეფექტები უფრო ადრეულ ეტაპზე აღმოაჩინოს და მომავალში გაწვევების რაოდენობა შეამციროს.