Ford-მა თავისი მობილური აპლიკაციისთვის ახალი ფუნქცია Start Inhibit წარადგინა, რომელიც ავტომობილის მფლობელს საეჭვო აქტივობის შემთხვევაში ძრავის დისტანციურად დაბლოკვის საშუალებას აძლევს.
ახალი სერვისი ორფაქტორიანი ავთენტიფიკაციის პრინციპით მუშაობს და მისი გამოყენება თვეში 8 აშშ დოლარის ფასად, გამოწერის საფუძველზე იქნება შესაძლებელი.
სისტემა ავტომობილის მფლობელს სმარტფონზე შეტყობინებას უგზავნის ყოველ ჯერზე, როდესაც მანქანის კარი იღება ან ძრავა ირთვება.

თუ მფლობელი ჩათვლის, რომ ავტომობილზე არასანქცირებული წვდომა განხორციელდა, მას შეუძლია აპლიკაციის საშუალებით ძრავა დისტანციურად დაბლოკოს.
ამის შემდეგ ავტომობილის ხელახლა დაქოქვა მხოლოდ მაშინ იქნება შესაძლებელი, თუ მულტიმედიური სისტემის ეკრანზე აპლიკაციის მიერ გენერირებული ერთჯერადი უსაფრთხოების კოდი შეიყვანება. ამ შემთხვევაში ავტომობილის სტანდარტული გასაღები აღარ იმუშავებს.
აღსანიშნავია, რომ უსაფრთხოების მიზნით სისტემა მოძრაობისას ძრავას არ თიშავს – ფუნქცია მხოლოდ მას შემდეგ აქტიურდება, რაც ავტომობილი გაჩერდება და ძრავის ხელახლა ჩართვის მცდელობა მოხდება.

თუ ავტომობილი მაინც მოიპარეს, Start Inhibit-ის გამომწერს შეუძლია Ford-ს მიმართოს, რათა კომპანიამ ავტომობილის მდებარეობის მონაცემები სამართალდამცავ ორგანოებს გადასცეს.

ახალი ფუნქცია უკვე ხელმისაწვდომია Ford-ის ახალ მოდელებზე, ხოლო ძველი ავტომობილებისთვის მისი გამოყენება პროგრამული უზრუნველყოფის უახლეს ვერსიამდე განახლებას მოითხოვს.