LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რვადღიანი საკარანტინე ვადა არის საქართველოში შემოსულ ადამიანებზე და არა დაინფიცირებულებზე

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი აცხადებს, რომ რვადღიანი საკარანტინე ვადა არის საქართველოში შემოსულ ადამიანებზე და არა საქართველოში ინფიცირებულთან კონტაქტირებულებზე. ამის შესახებ ამირან გამყრელიძემ ბრიფინგზე განაცხადა. მისივე განმარტებით, მე-8 და მე-12 დღეს „პისიარ“ ტესტირებას სახელმწიფო საკუთარი ხარჯით ჩაატარებს.

„12-დღიანი საკარანტინე ვადა შეიცვალა 8 დღემდე, ანუ ხაზს ვუსვამ, რომ 8-დღიანი საკარანტინე ვადა არის საქართველოში შემოსულ ადამიანებზე და არა საქართველოში ინფიცირებულთან კონტაქტირებულებზე. საქართველოში შემოსული ყველა ადამიანი, ზოგიერთი გამონაკლისის გარდა, მიდის 8-დღიან კარანტინში. მერვე დღეს სახელმწიფოს ხარჯზე გაუკეთდებათ „პისიარ“ ტესტი და თუ ის უარყოფითია, მაშინ ისინი თავისუფლდებიან კარანტინიდან იმ პირობით, რომ მე-12 დღეს უნდა ჩაიტარონ ასევე ტესტი, ისევ სახელმწიფოს ხარჯზე“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

კარანტინში ყოფნის ვადა 8 დღემდე შემცირდა: გაჩნდა ახალი ვალდებულებები

შეგახსენებთ, რომ გუშინ, 7 სექტემბერს, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, საკარანტინე ვადა 12-დან 8 დღემდე შემცირდა.