საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, დახურულ სივრცეებში სოციალური და სარიტუალო ღონისძიებების ჩატარების მონიტორინგს შრომითი ინსპექციის სამსახური შს სამინისტროსთან ერთად განახორციელებს. ეკატერინე ტიკარაძის განმარტებით, საჯარიმო სანქციები უფრო გამკაცრდება. ამის შესახებ მინისტრმა საკოორდინაციო საბჭოს სდომის დასრულების შემდეგ ისაუბრა.
„შეზღუდვები არის კვლავ იგივე, რაც იყო დღემდე. იკრძალება 200 კაცამდე თავშეყრა. ამისათვის ჩვენ ვართ მზად. მანამდე ვიღებდით შეტყობინებას და ამ შეტყობინებაზე ვრეაგირებდით, როგორც სიტყვიერი გაფრთხილებით, ასევე ჯარიმებით, მაგრამ ამიერიდან შრომითი ინსპექციის სამსახური შინაგან სამინისტროსთან ერთად განახორციელებს უფრო დეტალურ მოკვლევას და შესაბამისად, საჯარიმო სანქციებიც გაცილებით უფრო მკაცრი იქნება“, – განაცხადა მინისტრმა.
ქორწილებსა და ქელეხებზე კონტროლი ისევ მკაცრდება
ტიკარაძის განმარტებით, დღემდე არსებული კვლევების საფუძველზე, შესაძლებელი გახდა საკარანტინე პერიოდის შემცირებაც.
„რამდენიმე კვირის წინ ჩვენ არ გვქონდა საკმარისი მტკიცებულება იმის შესახებ, რომ კარანტინის ვადის შეზღუდვა არ გამოიწვევდა ინფექციის გავრცელებას. დღეისათვის ჩვენ გვაქვს კვლევები როგორც ევროპის ქვეყნებიდან, ასევე საკუთარი გამოცდილებიდან დაყრდნობით და შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ინფექციის გამოვლენა შესაძლებელია მერვე დღეს, მაგრამ უფრო მეტი სიზუსტისთვის გვესაჭიროება ასევე მე-12 დღეს ჩატარებული ტესტირებაც“, – აღნიშნა ტიკარაძემ.
კარანტინში ყოფნის ვადა 8 დღემდე შემცირდა: გაჩნდა ახალი ვალდებულებები
მისივე განცხადებით, თუ მოქალაქეს 8-დღიანი საკარანტინე პერიოდის დასრულების შემდეგ, მე-12 დღეს კორონავირუსი დაუდასტურდება, მას სტაციონარში გადაიყვანენ, ხოლო თუ სტაციონარში მკურნალობის აუცილებლობა არ იქნება, პაციენტი საკარანტინე სივრცეში, ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ გააგრძელებს მკურნალობას.
„თუ მე-12 დღეს მოქალაქეს დაუდასტურდა კორონავირუსი, ის გადაგვყავს სტაციონარში, ექიმები იწყებენ შესაბამის მკურნალობას, იმ შემთხვევაში თუ მას მსგავსი დახმარება ესაჭიროება. ხოლო იმ შემთხვევაში, თუ შესაძლებელია პაციენტის მკურნალობა საკარანტინო პირობებში, ასევე ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ, რა თქმა უნდა, მივიღებთ შესაბამის გადაწყვეტილებას. ამ გადაწყვეტილებაზე ჩვენ უკვე რამდენიმე კვირაა გვაქვს დაწყებული მუშაობა, ჯანდაცვის სამინისტრო იყო ინიციატორი, რომ მსგავსი ცვლილება განხორციელებულიყო. გამომდინარე იქიდან, რომ უკვე არაერთმა ქვეყანამ მიიღო მსგავსი გადაწყვეტილება და ითვლება, რომ ეს არის საკმაოდ უსაფრთხო და უკვე კვლევებზე დაყრდნობილი ღონისძიებები, საკოორდინაციო საბჭომ მოგვცა ამასთან დაკავშირებით თანხმობა. ჩვენ უკვე გავაგრძელებთ დადგენილებაში ცვლილების შეტანას და ცვლილების შეტანისთანავე ეს ღონისძიება ამოქმედდება“, – განმარტავს მინისტრი.
