რადიო ჰოლდინგი ”ფორტუნა” საქართველოდან ერთადერთია, რომელიც პარიზში საერთაშორისო კონფერენცია Radiodays Europe-ში მონაწილეობს. ჰოლდინგს კონფერენციაზე მისი გენერალური დირექტორი თამარ ჩიგოგიძე წარმოადგენს.
„ეს არის უდიდესი პრივილეგია რადიო ჰოლდინგ ”ფორტუნასთვის” და ზოგადად, საქართველოსთვის მიიღოს მონაწილეობა მსოფლიო მნიშვნელობის უდიდეს რადიო კონფერენციაში. შთამბეჭდავია, როცა უსმენ რადიოს ლეგენდებს და ისმენ მათ რჩევებს, თუ როგორ უნდა იყო ღირებული, საინტერესო და მნიშვნელოვანი შენი მსმენელისთვის და რა სტრატეგიული ნაბიჯები უნდა გადაიდგას რადიოს განვითარებისათვის,“- განაუცხადა „ფორტუნას“ რადიო ჰოლდინგი ”ფორტუნას” გენერალურმა დირექტორმა თამარ ჩიგოგიძემ.
მისი თქმით, კონფერენციის მონაწილეები მსჯელობენ რადიოსათვის მნიშვნელოვან საკითხებზე, მათ შორის, ახალ ფორმატზე, რადიო ბრენდინგზე, ციფრული და მობილური ტექნოლოგიის პირობებში რადიოს განვითარების საკითხებზე და სხვა
Radiodays Europe წარმოადგენს ყველაზე ფართო და მნიშვნელოვან საერთაშორისო კონფერენციას მსოფლიოში. აქ სპიკერებად მოწვეულები არიან პროფესიონალი, დიდი გამოცდილების მქონე სპეციალიტები, რომლებიც საკუთარ ცოდნას უზიარებენ კონფერენციის 1500 მონაწილეს. წლევანდელი კონფერენციის თემებია – ”რადიოს მომავლის ხედვა”, „რადიო ბრენდინგი”, „აუდიოს გავლენა ტვინზე,“ ”რადიო მანქანაში” და სხვა.
კონფერენცია Radiodays Europe-ი პირველად 2010 წელს კოპენჰაგენში გაიმართა და მეექვსე წელია ევროპის სხვდასხვა ქალაქში ტარდება. წლევანდელ კონფერენციაში 62 ქვეყნიდან 1 500 დელეგატი მონაწილეობს. Radiodays Europe-ის ფარგლებში დაგეგმილია 50-ზე მეტი სესია და 100-ზე მეტი სპიკერის პრეზენტაცია.
2017 წელს რადიოს მენეჯერები ერთმანეთს ამსტერდამში შეხვდებიან.