LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საინტერესო ფაქტები რაიან მერფის ცნობილი ფილმიდან „ჭამე, ილოცე და შეიყვარე“ და 10 მილიონი მთავარი როლისთვის

4971
„ჭამე, ილოცე, გიყვარდეს“

მართალია, ხანგრძლივი კარიერის მანძილზე ჯულია რობერტსმა უამრავი ბრწყინვალე პერსონაჟი განასახიერა, მაგრამ მელოდრამაში „ჭამე, ილოცე და შეიყვარე“ შესრულებული როლი ნამდვილ სიურპრიზად იქცა მაყურებლისთვის.

ელიზაბეტ გილბერტის რომანის მიხედვით დადგმულ ფილმში ახალგაზრდა ქალის ისტორია მოთხრობილი, რომელიც მოულოდნელად აცნობიერებს, რომ ერთი შეხედვით უზრუნველყოფილი ყოველდღიურობა სინამდვილეში აბსოლუტურად არ შეესაბამება იმ ცხოვრებას, რომელზეც ოდესღაც ოცნებობდა. ლიზი ჩვეულ გარემოს ტოვებს და  საკუთარი თავის ძიებაში ებმება მეტად ავანტიურულ თავგადასავალში.

აღსანიშნავია, რომ გილბერტის რომანი, რომელიც გამოსვლიდან სულ რამდენიმე თვეში იქცა ბესტსელერად, ოპრა უინფრის საყვარელი წიგნების ნუსხაში მოხვდა. სწორედ მაშინ დაინტერესდა რობერტსი გილბერტის ნამუშევრით და უფლებაც შეიძინა ფილმის გადასაღებად. მელოდრამამ 204 მილიონი დოლარი მოაგროვა მსოფლიო გაქირავებაში, რობერტსმა კი, 10 მილიონი მიიღო მთავარი როლის შესრულებისთვის.

მართალია, ფილმის დადგმა რობერტსმა ძველ მეგობარს გარი მარშალს შესთავაზა, მაგრამ „ლამაზმანისა“ და „გაქცეული პატარძლის“ ავტორმა უარი თქვა შეთავაზებაზე, რადგან ნაკლებად მოიხიბლა ევროპასა და აზიაში მოგზაურობით, თუმცა, შემხვედრი წინადადებით მიმართა რობერტს და საკუთარ ფილმში „წმინდა ვალენტინის დღე“ მონაწილეობა სთხოვა, რასაც რობერტსი სიამოვნებით დათანხმდა, გილბერტის რომანის ეკრანიზება კი, რაიან მერფის გადააბარა.

ფილმის გადაღება 2009 წლის აგვისტოში დაიწყო ნიუ-იორკში და ჯერ კანადის პატარა ქალაქ კობლ-ჰილში, მერე იტალიურ ნეაპოლსა და რომში გაგრძელდა, ერთი წლის შემდეგ კი, ინდოეთსა და ინდონეზიის კუნძულ ბალიზე დასრულდა.

ბალიზე გამგზავრებას რობერტსი მხოლოდ იმ პირობით დათანხმდა, თუ პროდიუსერები ოჯახის წევრებთან ერთად მოგზაურობის უფლებას მისცემდნენ. სხვათა შორის, თავად რობერტსის განცხადებით, იტალიაში მუშაობისას ისე გაიტაცა ადგილობრივი კერძების დაგემოვნებამ, რომ მთელი 10 ფუნტით მოიმატა წონაში.

მსოფლიო აღიარების მიუხედავად, უკმაყოფილო დარჩნენ ხავიერ ბარდემის თამაშით ბრაზილიელები, რომელთაც ესპანელ მსახიობს პორტუგალიური ენა, ფილმის პროდიუსერებს კი, არჩევანი დაუწუნეს. ამასთანავე, ლიტერატურულ ორიგინალში ფელიპე 15 წლითაა ელიზაბეტზე უფროსი, მაშინ როცა რეალობაში ბარდემი და რობერტსი ერთი ასაკის არიან.

80-მილიონიანი ბიუჯეტის მიუხედავად, უზარმაზარი თანხა დაზოგა შემოქმედებითმა ჯგუფმა, რადგან გადასაღები პავილიონების გამართვის ნაცვლად ბუნებრივ დეკორაციებსა და რეალურად არსებულ ლოკაციებზე მოაწყო გადაღებები. მაგალითად, პიცერია L’ Antica Pizzeria da Michele ნეაპოლში, რომელიც ადგილობრივების საყვარელ ადგილად ითვლებოდა, დღეს ნამდვილი ტურისტული მექაა, კამეო-როლი შეასრულა პიცერიის დამაარსებლის ანტონიო კონდუროს შვილიშვილმა მიკელემაც, რომელიც სულ რამდენიმე წამით გამოჩნდა ეკრანზე.

ვუდი ალენის „ყველა ამბობს, რომ მე შენ მიყვარხარ“ და სტივენ სოდერბერგის „ოუშენის 12 მეგობრის“ შემდეგ, რაიან მერფის „ჭამე, ილოცე, შეიყვარე“ ჯულია რობერსტის მესამე „რომაული“ ფილმია. სხვათა შორის, მსახიობთა დასმა მეტად სოლიდურ ვარსკვლავებს მოუყარა თავი, რადგან რობერტსი, ბარდემი და დელიას როლის შემსრულებელი ვიოლა ჯონსი „ოსკარის“ მფლობელები, რიჩარდ ჯენკინსი და ჯეიმს ფრანკო კი, კინოაკადემიის პრემიის ნომინანტები არიან.