როგორც კი რუსეთი უკრაინაში შეიჭრა, ოსკაროსანი მსახიობი და რეჟისორი, შონ პენი კიევში გაემართა, რათა ომის შესახებ დოკუმენტური ფილმი გადაიღოს, ის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდა. 61 წლის პენის საქციელმა საზოგადოება აღაფრთოვანა, ის ფრონტის ხაზთან უკრაინელ მებრძოლებს გადამღებ ჯგუფთან ერთად შეუერთდა.
61 წლის შონ პენი ფრონტის ხაზთან უკრაინელ მებრძოლებს გადამღებ ჯგუფთან ერთად შეუერთდა
ახლახან ცნობილი გახდა, რომ პენისგან ინტერვიუ რუსმა ჟურნალისტმა, ქსენია სობჩაკმა აიღო.
„ერთი წლის წინ ჩემთვის რომ გეთქვათ, რომ შონ პენთან ვიჯდებოდი და ომის შესახებ ვისაუბრებდი, ვერაფრით დავიჯერებდი“, – აცხადებს ქსენია.
საბჩაკმა შონს ჰკითხა, იაზრებდა თუ არა იმ რისკებს, რის ქვეშაც მსახიობი ცხელ ზონაში ჩასვლით აღმოჩნდებოდა, რაზეც მსახიობმა უპასუხა:
„მე ვფიქრობ, რომ ყველა ჯანსაღად მოაზროვნე ადამიანი ფიქრობს რისკებზე. მოვლენებმა, რომლებიც უკანასკნელი რამდენიმე საათის განმავლობაში ვითარდება, გული გამიტეხეს და გამანადგურეს, საოცარია, რისი მომსწრენიც ჩვენ ვართ ახლა. ეს არის საოცარი ქვეყანა, საოცარი ხალხით, ისინი მთელი მსოფლიოსთვის მაგალითები გახდნენ. უხეში შეცდომა უკვე დაშვებულია, თუ ეს ყველაფერი არ შეჩერდება, მჯერა, პუტინი მთელი კაცობრიობის წინაშე ყველაზე საშინელ დანაშაულს ჩაიდენს. თუკი უკრაინას მარტო დავტოვებთ ამ ბრძოლაში, ჩვენ ამერიკულ სულს დავკარგავთ. ახლა ვფიქრობ, რომ ჩემს ცხოვრებაში უმთავრესი მომენტი დადგა“, – აცხადებს პენი