LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Thirty Seconds to Mars-ის სტუმრობა საქართველოში და კონცერტი, რომელიც უამრავ თაყვანისმცემელს დაამახსოვრდა

458
Thirty-Seconds-to-Mars-

რეჟისორი, მსახიობი და მუსიკოსი – ჯარედ ლეტო მრავალპროფილიანი არტისტია, რომელსაც შინ “ოსკარიც” უდევს და ძმასთან ერთად წლების წინ ჩამოყალიბებული როკბენდით Thirty Seconds to Mars მთელ მსოფლიოში კონცერტებით მოგზაურობს, სიამოვნებით ურთიერთობს თაყვანისმცემლებთან, მათთან ერთად ცეკვავს სცენაზე, სადაც თავად უხმობს კონცერტებისას, საინტერესო ფესტივალებში მონაწილეობს, სადაც უამრავ ადამიანთან ურთიერთობის საშუალება აქვს, მათთან ერთად მედიტირებს და მუსიკის ენაზე საუბრობს. მუსიკა მისთვის საკუთარი არტისტული ბუნების ერთ-ერთი მძაფრი გამოხატულებაა, რასაც, მსახიობობასთან და სხვადასხვა პერსონაჟის ტყავის იდეალურად მორგებასთან ერთად, საკუთარი ბუნების წარმოჩენის საუკეთესო ინსტრუმენტად მიიჩნევს. მოდის აქტიური მიმდევარი “გუჩის” ერთ-ერთი სახეა და მუდამ ამ ბრენდის სამოსშია გამოწყობილი. მას თაყვანისმცემლები მთელ მსოფლიოში დასდევენ და მასთან ერთად სცენაზე ცეკვის საშუალებას ხელიდან არ უშვებენ…

13 აგვისტოს, “ბლექ სი არენაზე” როკბენდ Thirty Seconds to Mars-ის კონცერტზე, ქართველ მსმენელთან ერთად, უამრავ უცხოელს ნახავდით, რომლებიც სპეციალურად ღონისძიებისთვის ჩამოფრინდნენ საქართველოში. რამდენიმე ათასი მსმენელიდან თითქმის უმრავლესობამ ზეპირად იცოდა ის სიმღერები, რომლებიც ჯგუფმა არენაზე გამოსასვლელად შეიტანა რეპერტუარში.

ბევრი ფერადი ბურთი, სპეცეფექტები, რომლითაც ბლექ სი არენა ნამდვილად დაიკვეხნის, სცენიდან დარბაზში გადასროლილი ქაღალდის ფოიერვერკი, ათეულობით მაყურებლის სცენაზე აყვანა და საქართველოს დროშით სცენაზე ტრიალი… ეს ის პირველი ფრაზებია, რომელიც კონცერტის აღწერისას ნებისმიერ მსმენელს გაახსენდება. მაყურებლების განსაკუთრებული კატეგორია, ვისაც ჯარედ ლეტოსთან ერთად სცენაზე ცეკვის პატივი ხვდა წილად, ერთი შეხედვით სრულიად წარმოუდგენელ ამბავს უკვე დამთავრებული კონცერტის შემდგომ უზიარებდა ახლობლებსა და ჟურნალისტებს.

ემოციების პალიტრა, რომელიც ჯგუფის კონცერტმა შექმნა, ბლექ სი არენას ისტორიაში ფერადი ასოებით ჩაიწერა.

ჯარედ ლეტომ აღნიშნა, რომ საქართველო არის ის ქვეყანა, სადაც 10 წლის წინაც უნდა ჩამოსულიყვნენ და მომავალშიც აუცილებლად გვესტუმრებიან. თავის გამოსვლაში ცნობილმა მსახიობმა და მუსიკოსმა ისიც აღნიშნა, როგორი შესანიშნავი ვენიუა ბლექ სი არენა, რაც მანამდე არაერთ მსოფლიო ვარსკვლავს უთქვამს არენაზე პერფორმანსის შემდეგ…

კონცერტის დასრულების შემდეგ მსმენელი ერთმანეთს შთაბეჭდილებებს უზიარებდა – არენის დირექტორმა, ტატო ხარჩილავამ კი ჟურნალისტებთან ისაუბრა იმის შესახებ, როგორი საინტერესო გამოდგა Thirty Seconds to Mars-ის კონცერტი თანაბრად ქართველი და უცხოელი მსმენელისთვის.

შემდეგი ბლექ სი არენაზე ქართული კონცერტი იქნება. 17 აგვისტოს, ჯანსუღ და ვახტანგ კახიძეების სიმღერების სარამოა დაგეგმილი.

ფოტო, ვიდეო: “ბლექ სი არენას” ფეისბუქ-გვერდი (ფოტოკრედიტი: ალექს რუაძე)

ნინო მურღულია

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები