LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ბოლო ერთ თვეში ძალიან ვინერვიულე… ყველაფერს ვკითხულობ, რასაც ჩემზე წერენ, მაგრამ არასდროს ვპასუხობ“ – მარინა ბერიძე სტუმრად „ვიზიტორში“

9
marineberidze345

გადაცემის ლაივი LIVE

რადიო „ფორტუნა პლუსის“ გადაცემა „ვიზიტორის“ სტუმარია მარინა ბერიძე, რომელმაც არაერთ საინტერესო თემაზე ისაუბრა. განიხილა მუსიკალური პროექტები და გეგმებზეც გაამახვილა ყურადღება.

პანდემიის პერიოდზე გვესაუბრე..

მე ავადმყოფურად ოპტიმისტი ადამიანი ვარ და იმდენად მაშინებს, როდესაც სხვა სასოწარკვეთაში ვარდება, რომ ვცდილობ ის ადამიანი „ამოვქაჩო“. გავაკეთე ტრიო – პაპუნა შარიქაძე, სოფო ბათილაშვილი და ლიზა რამიშვილი. ისინი უნიჭიერესები, თავისი საქმის უბადლო შემსრულებლები არიან.  სიახლე გამომივიდა და მართლა საოცრება გამოვიდა, მაგრამ ეს იმიტომ გავაკეთე, რომ ეს ბავშვები გადამერჩინა პანდემიის დროს. ისინი კვირაში სამჯერ 5-5 საათით მოდიოდნენ ჩემთან. ვმეცადინეობდით, სულს ვბერავდი, რაღაც ახლის ძიებაში ვიყავით ყველანი ერთად და საოცარი პროექტი გამოვიდა, რომელსაც ალბათ კიდევ დრო სჭირდება და გამოვამზეურებთ. რა დავარქვათ, რა დავარქვათ და გადავწყვიტეთ „Step by Step“. ეს არის ნამდვილი კლასიკური ტრიო,  ისინი მღერიან ბალადებს,  დიდი აურზაურით გამოვიტანთ ამას მაყურებლის წინაშე.  ნატა ნაყოფიაზე აღფრთოვანებული ვარ, ახალგაზრდა გოგოა, რომელსაც უზარმაზარი განათლება აქვს მიღებული ამერიკაში და ევროპაშიც. სრულიად შემთხვევით აღმოვაჩინე, რომ თვითონ წერს. ახალი ნიჭიერი ახალგაზრდები მოდიან ჩემთან სახლში შემოქმედებითი მეგობრობა მაკავშირებს მასთან. აღმოჩნდა, რომ საოცარ სიმღერებს წერს ქართულ ენაზე, ძალიან პრობლემატურს. ვაკვალიანებ ახალ თაობას, რომლებსაც ეს სჭირდება. მე არ ვიცი ეს რამდენად კომერციული იქნება. სხვათა შორის სულ ვამბობ, მე რაც მომწონს, 20 ლაიქი აქვს. მაგრამ ის 20 ლაიქი ძალიან მნიშვნელოვანია. იმდენად გასახარი იყო ეს პატარა ბავშვები, რომ მოდიოდნენ, მთავრდებოდა გადაცემა და აღარ მიდიოდნენ, უკრავდნენ და უკრავდნენ როიალზე. რთული წელი იყო იმიტომ, რომ სრულიად ახალგაზრდა ადამიანებთან დავჯექი წამყვანად, რომლებიც „აზრზე არ იყვნენ“.

შენ ხარ ის ადამიანი, რომელმაც ახალგაზრდებს მისცა საშუალება, შეესრულებინა ქართული სიმღერა..

მე სწორედ იმ დროს მოვესწარი, როდესაც ინგლისური არავინ იცოდა და ფურცელზე ქართლი ასოებით წერდა ტექსტს. ინგლისურის პედაგოგი მყავდა აყვანილი. ახლა კი სხვა დროა. იმ პერიოდში მივხვდი, რომ ქართული სიმღერა გვეკარგებოდა. მე და ნიკა გვარამიას ერთდროულად დაგვარტყა თავში. რომ არა ზვიად ბოლქვაძე, ვერაფერი გამოგვივიდოდა. ახალგაზრდებს არ აიტაცებდნენ ასე, ეს მუსიკალური ენა მათი უნდა ყოფილიყო. მახსოვს „ჯეოსტარში“ ძალიან დიდი ვაჭრობა მომიწია, რომ ქართული ტურები დაემატებინათ. დავრწმუნდი, რომ პანდემიის დროს პროექტი არ უნდა დაიწყო. მეუბნებოდნენ, რომ ონლაინ კასტინგი გამეკეთებინა, თუმცა უარი ვთქვი. მერე მოდიან „იუთუბერები“, ხმითაც კი ბაძავენ. მათ ვერ გადააკეთებ და აი ქართულში ვერავის მიბაძავ. ქართული სიმღერა არის ყველაზე რთულად შესასრულებელი, იმიტომ რომ იქ ჩანს გემოვნება, არასწორმა სუნთქვამ შეიძლება დაგღუპოს.

მარინა რატომ ხდება რომ ეს ნიჭიერი ადამიანები, ფინალისტები, ნახევარ ფინალისტები და გამარჯვებულებიც კი აღარ აგრძელებენ შემოქმედებით საქმიანობას?

ეს ბაზრის გამო ხდება. არ არის მუსიკალური ბაზარი. ასევე ისინი ჩვენ გარეშე რჩებიან. თავის ჭკუაზე ირჩევენ რეპერტუარს. უაზროდ გავარდება, ჩაწერს სიმღერას და ამ სიმღერით ვერაფერს აღწევენ, შემდეგ კი ანებებენ თავს.

ვინ არიან ის ბავშვები, ვისთან მუშაობაშიც მთელ გულსა და სულს დებ?

„ჯეოსტარელებიდან“ ყველაზე ახლოს ვარ სუხიტასთან, ერთი გემოვნება გვაქვს, ძალიან კომფორტულად ვგრძნობ თავს და კარგად მომყვება. ასევე ოთო ნემსაძე, შემდეგ კი გადაუხვია. ახლა კი სოფო ბათილაშვილთან, ქეთი ორჯონიკიძესთან ვმუშაობ,  ჩვენ ერთ ენაზე ვსაუბრობთ, ყველაფერს გავუკეთებ, რაც კი შემეძლება. ეკა მამალაძე, ასეთი შემდგარი მომღერალი, მოვა ხოლმე ჩემთან,  ვისაუბრებთ და საუბარში მოდის ყველაფერი, ვგიჟდები ნიკოლოზ რაჭველზე. ახლა უკვე ჩემი შვილიშვილების გემოვნებაშიც შევძვერი. მაინტერესებს, რას უსმენენ. მათ უკვე „იავნანა“ აღარ უნდათ.

რას იტყვი სარესტორნო მუსიკაზე?

ძალიან კარგია რესტორანში, თუმცა ამის ატანა სცენაზე, ეს უკვე ძალიან დიდი დანაშაულია. ასევე მინდა ვთქვა, რომ არ არსებობს ცუდი სიმღერა, არსებობს ცუდი შემსრულებელი და არსებობს ცუდი „არანჟიროვშიკი“.

როდესაც შენზე ნეგატიურს კითხულობ, რა რეაქცია გაქვს?

ყველამ მინდა იცოდეს, რომ ყველაფერს ვკითხულობ, რასაც ჩემზე წერენ, მაგრამ არასდროს ვპასუხობ და არც ვუპასუხებ. მე მიყვარს ჩემი საქმით დარწმუნება. გინდა ამბიციური დამიძახეთ, გინდა არაამბიციური. არ დამთავრდა 30 წელიწადი – „და თვითონ რატომ ვერ მღერისო?“, „არ მღერის და თუ მღერის ცუდად და როგორ უნდა შეაფასოს სხვაო“ – აი ეს მაგიჟებს. მე მაქვს სტუდია „ანა-ბანა“ და ბავშვების აყვანისას ვაკეთებ ხოლმე კასტინგს, რატომ უნდა დახარჯოს მშობელმა ფული ტყუილად. ამიტომ პირდაპირ თქმა ჯობია.

რატომ ეშინიათ შენი, თუ დაფიქრებულხარ ამაზე და ასევე მაინტერესებს ყველაზე მეტად რა გაბრაზებს?

მე ძალიან ახალგაზრდა ვიყავი, როცა უკვე კარიერა მქონდა. ძალიან ბევრ კონკურსზე დავდიოდი ჩემს ვოკალისტებთან ერთად. მე იქ ვუყურებდი ჟიურის წევრებს, იქ ჟიური მოსაფერებლად არ იჯდა. უკიდეგანო უგემოვნებას გამოვყავარ წყობილებიდან, ასევე თუ ქეიფობს კასტინგზე და თუ ამბიციურია.

რას იტყვი იმ სკანდალზე, როდესაც პირდაპირ ეთერში გაცეცხლდი?

ბახვა ისეთი საყვარელი ბიჭია, არ მეგონა, რომ ასეთი რეაქცია ექნებოდა, შეიძლება მეც ზედმეტი მომივიდა. საუბარია ეკა მამალაძის ნომერზე. ამ ნომრის შექმნაზე ძალიან დიდი ენერგია დახარჯე. მე ის კი არ მეწყინა, რომ ვინმემ მე არ მახსენა, არა, მე ეს ნომერი ეკას გავუკეთე და გიგაშვილს. ძალიან ვნანობ, რომ გავბრაზდი. მე უბრალოდ უნდა დამერეკა ბახვასთვის და მეთქვა რომ შეცდომა იყო. მაგრამ საბოლოოდ ყველას ყველაფერი ეშლება, მათ არ ეშლებათ ვინც არაფერს აკეთებს, მეც შემშლია და მე ის ადამიანი ვარ, რომელმაც ბოდიშის მოხდა იცის. ყოველთვის ჩემ თავში ვეძებ შეცდომას. სიძულვილის ნაპერწკალი კი ყველაფერში გიშლის ხელს.

სკანდალებში ხშირად ერევი ხოლმე, განიხილავ ხოლმე მეგობრებთან ამას?

არა არ განვიხილავ. თუმცა ამ ბოლო ერთ თვეში ძალიან ვინერვიულე. წნევა მაგრად მიწევს, ვერ ვხვდები, რა უნდათ. არის რაღაცეები, რაც უნდა დაივიწყო, უკვე 10 წელია გასული და არ მინდა არც კარგის არც ცუდის გახსენება, არაფრის გაგონება არ მინდა. მე ამ თემას არ შევეხები.

რას იტყვი ევროვიზიაზე? როგორი იყო შენი აზრით ჩვენი კონკურსანტი? რატომ ხდება, რომ ბოლო ადგილს იკავებენ ხოლმე ისინი?

არადა სტარტი კარგი გვქონდა. იყო სოფო ხალვაში, სოფო ნიჟარაძე. მე მაინც მგონია, რომ პროფესიონალებმა უნდა ამზადონ ევროვიზიაზე გასასვლელი კონკურსანტები. მე დღემდე მახსოვს ნინა სუბლატის გამოსვლა. საოცარი იყო. რაღაც კონცეფციაში მოგვდის შეცდომა.

თუ შეხვდი ჩვენს კულტურის მინისტრს, თეა წულუკიანს?

არა მას არ ვიცნობ, არასდროს შევხვედრილვარ არც კი ვიცი რა გიპასუხო. ის არცერთ კონცერტზე და არცერთ სპექტაკლზე არ მინახავს. ერთი რამე მინდა ვთქვა, თუ სურს რომ, საქართველოსთვის ყველაზე დიდი რამე გააკეთოს, მან „ნიჭიერთა ათწლედის“ განვითარებას უნდა შეუწყოს ხელი. იმიტომ რომ ეს არის მთელი საქართველოს მასშტაბით ნიჭიერი ადამიანების სამჭედლოა. ამას თუ გააკეთებს, ხელებს ავწევ.

რას გეგმავთ ნანი ბრეგვაძის იუბილესთან დაკავშირებით?

გეტყვით იმას, რომ ეს იქნება წინანდალში და იქნება მხოლოდ ნანი და ნიკოლოზ რაჭველი.

როგორ ახერხებ, რომ მუდამ კარგად გამოიყურები?

ალბათ ბერიძეების და ჩოლოყაშვილების გენია და ამით ვამაყობ. და ასევე ის რომ ძალიან მიყვარს სიცოცხლე და ადამიანები.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები