LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მაკა ზამბახიძე: ,,მასთან პატარა გოგოსავით ვგრძნობ თავს”

4
45420193_2189569381053583_1846339189952479232_n

– რა სიახლეებია შენს ცხოვრებაში?

– რამდენიმე თვეა, ვთანამშრომლობ მამულიჩასთან. ის გახდა ჩემი პროდიუსერი. ვმუშაობთ ლაივ-ბენდ, Non Stop-თან ერთად. ძნელია დღევანდელ პირობებში იმუშაო ჯგუფთან ერთად და გააკეთო პროგრამა, თუმცა, ჩვენ ეს გამოგვდის, რისთვისაც დიდი მადლობა მამულიჩას. სწორედ მამულიჩას იდეა იყო, ბენდში ჩემი შვილის, სალომეს აყვანა. როგორც რატის და ჩემი ხმები არანორმალურად უხდებოდა ერთმანეთს, ისეა სალომეს შემთხვევაშიც. მასთან ერთად თითქოს ჩემი ტემბრი ვიპოვე.

– როდესაც დაიშალა ,,დუეტი ჯორჯია” და დარჩი მარტო, როგორი იყო ის პერიოდი შენთვის?

– ძალიან რთული იყო, თუმცა მე პატივი ვეცი რატის გადაწყვეტილებას, რომელსაც სიმღერების სოლო შესრულება სურდა. მაშინ ჩემს გულში მთელი ეიფორია იყო. მეორე დღეს გავიღვიძე მარტო სახელით და გვარით, აბსოლუტურად არაფერი აღარ გამაჩნდა, რა თქმა უნდა, შოკი იყო და მჭირდებოდა რეაბილიტაცია.

– რატისთვის თუ გიკითხავს იგივე?

– არა, არ მიკითხავს იმიტომ, რომ მას ჰქონდა ბევრი სამუშაო. რატი უფრო დატვირთული იყო იმ პერიოდში, მაგრამ ჩემკენაც ყველაფერი უკეთესობისკენ შეიცვალა. არასდროს არ ვგეგმავ წინასწარ არაფერს. ბოლომდე ვშრომობ და მადლობელი ვარ იმით, რომ საინტერესო რაღაცები გამოჩნდა ჩემს ცხოვრებაში, რამაც შემივსო სიცარიელე. არ ვფიქრობდი, მაშინ რომ დუეტი უნდა დაშლილიყო იმიტომ, რომ ძალიან დიდი რესურსი ჰქონდა, თუმცა ყველაფერი ხდება.

– ახლა როგორ გრძნობ თავს?

– ახლა ძალიან კარგად ვარ იმიტომ, რომ ვარ პროფესიონალი ადამიანის ხელში და ერთმანეთს ძალიან კარგად ვეწყობით და მგონი, მამულიჩაც კმაყოფილია ჩემით. (იღიმის)

– მაკა ზამბახიძე ჩამოყალიბდა, როგორც ცალკე ბრენდი…

– მომღერლისთვის მთავარი რეპერტუარია, აქამდეც ვწერდი სიმღერებს, მაგრამ საჭიროა ჰიტები, რაზეც ვმუშაობთ. ვწერთ ახალ სიმღერას საახალწლოდ, ერთიც მოსატანი გვაქვს.

– ახალი წელი მოდის… ემზადები საახალწლოდ?

– ახალ წელზე ვგიჟდები და ყოველ წელს უფრო მიჩნდება სურვილი ჩემი ხის სახლი მოვრთო გრანდიოზულად. უფრო პოზიტიური ვხდები. მიყვარს საჩუქრების გაკეთება. ახლა განსაკუთრებულად ვემზადებით, რადგან დიდი პროგრამა გვაქვს. მე და ლელა წურწუმია ვმღერით ჩვენ-ჩვენი პროგრამით ერთად ერთ-ერთ საღამოზე.

– საზოგადოებას აინტერესებს შენი პირადი ცხოვრება. ცნობილი გახდა, რომ გაბედნიერდი და ხარ ძალიან ბედნიერი…

– ხანდახან სიტყვებს ვერ ვპოულობ. არ მიყვარს ხოლმე ამ თემაზე საჯაროდ საუბარი. ვფიქრობ, რომ შენი პირადი არ უნდა მოახვიო სხვას თავს. ფოტოების დადება დავიწყეთ ნელ-ნელა, მაგრამ საჯაროდ გამოჩენა არ უყვარს.

– როგორ აფასებს შენს შემოქმედებას?

– ძალიან კრიტიკულად. არანაკლებია მამულიჩაზე. (იღიმის) ორ ადამიანს უნდა მოვაწონო ჩემი ნამუშევარი.

– ასაკობრივი სხვაობა რამდენია?

– არ ვიცი, ჩემი ტოლია ან ჩემზე დიდიც. (იღიმის) მასთან პატარა გოგოსავით ვგრძნობ თავს. ბევრ რაღაცას მასწავლის და მეც ვსწავლობ.

– რამ შეიძლება გაგაბრაზოს?

– უხარისხობამ. მიყვარს ყველაფერი ხარისხიანი, მოწესრიგებული.

– სიმღერის ტექსტი თუ დაგვიწყია?

– არა, მაგრამ როცა ყოფილა მსგავსი შემთხვევა სხვა სიტყვით ჩამინაცვლებია.

– ვისთან ერთად ჩაწერდი დუეტს?

– აღარ არის ცოცხალი.

– უიტნი ჰიუსტონი?

– უიტნი ჰიუსტონთან ვერც გავბედავდი სიმღერას. ჯორჯ მაიკლთან ერთად ვიმღერებდი.

– რომ არა მომღერალი, ვინ იქნებოდი?

– ბავშვობაში ექიმის ამპლუა მხიბლავდა, მაგრამ მაინც ხელოვანი ვიქნებოდი, მოცეკვავე.

– ფიქრობ, რომ იღბლიანი ხარ?

– ჩემს ცხოვრებას ვუკავშირებ ღმერთს, ღმერთის გარეშე ჩემს ცხოვრებაში არაფერი არ მოხდებოდა, სურვილი ამისრულა, ბავშვობიდანვე მინდოდა სცენაზე ვმდგარიყავი და ის მეკეთებინა, რასაც ახლა ვაკეთებ.

წარმატებებს გისურვებთ!

გადაცემის აუდიოჩანაწერი:

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები