LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ვფიქრობ, ირუ „ევროვიზიაზე“ ღირსეულად წარგვადგენს“ – „ვოისის“ მონაწილე მარიამ ბუგიანიშვილი სტუმრად „ფორტუნა პლუსში”

8
მარიამ-ბუგიანიშვილი

„ფორტუნა პლუსის“ გადაცემა „ვიზიტორის“ სტუმარია პროექტ „ვოისის“ მონაწილე მარიამ ბუგიანიშვილი.

მარიამ,  გვიამბე საკუთარ თავზე?

მე ვარ 22 წლის ჩვეულებრივი გოგო, რომელსაც თავისი მიზნები აქვს და ამ მიზნების მისაღწევად ბევრს შრომობს, ბევრს მღერის. 6-7 წელია მუსიკა ჩემს ცხოვრებაში დიდ როლს თამაშობს, მამაჩემი მომღერალია. სიმღერა დავიწყე ძალიან პატარა ასაკიდან, ჩემი ნიჭი მამაჩემმა აღმოაჩინა.

სამი წლის ვიყავი „არ დაიდარდოს“ ვუსმენდი და წავიმღერე, მამაჩემი შემოტრიალდა, დღემდე მახსოვს, როგორ გაოცდა. მამა ანსამბლ რუსთავში მღეროდა. 5 წლის ასაკში ნინო ჩაჩავასთან დავიწყე სიმღერაზე სიარული. „ვოისშიც“ ის გვამეცადინებდა, ეს ძალიან სასიამოვნო იყო. პედაგოგებმა დიდი ძალისხმევა ჩადეს ჩვენში.

გვიამბე, ვინ გირჩია პროექტში მონაწილეობის მიღება?

მე-12 კლასში ვიყავი, როცა სიმღერის სურვილი გამიჩნდა. გავიგე, რომ „ვოისში“ მიღება დაიწყო, დავურეკე ჩემს მასწავლებელს, მისი აზრი მაინტერესებდა, ვიყავი თუ არა მზად. გავაგზავნე მონაცემები და მამას ყველაზე ბოლოს ვუთხარი, რადგან პროექტებთან სხვანაირი დამოკიდებულება ჰქონდა. როცა მამა მოვიდა საგულშემატკივროდ, ის ტიროდა. გვერდში დამიდგა ძალიან. საკონკურსო სიმღერა ნანა მორჩილაძის დახმარებით შევარჩიე,  ედიტ პიაფის  la vie rose. არ ვიცოდი, ვინ შემომიტრიალდებოდა, შემოტრიალდა დათო ევგენიძე, არაჩვეულებრივია მასთან ურთიერთობა, ძალიან სასიამოვნოა მასთან მუშაობა. რომ შემოდიოდა,  დიდი ემოცია მოდიოდა. გვამხნევებდა და დღემდე გვერდში გვიდგას.

რა ხდებოდა კულისებს მიღმა?

ძალიან ბევრი ბავშვი გავიცანი, დავმეგობრდით, დღემდე ვურთიერთობთ. პროექტში ერთმანეთს ვამშვიდებდით, გვერდში ვედექით. ერთმანეთს სულ სიმართლეს ვეუბნებოდით.

რა გრძნობა დაგეუფლა ფინალში, როდესაც დატოვე პროექტი, როცა სამი იდექით სცენაზე?

ძალიან რთული იყო, მე ერთი ვიყავი, ისინი სამნი. ბოლომდე ვეცადე, რომ ჩემი თავი წარმომეჩინა. როდესაც „ტრიო ალეგრო“ გავიდა, გული ძალიან არ დამწყდა. მამას ჩემი ნამღერი მოეწონა, როცა რეპეტიციის დროის სახლში წავიმღერებდი ხოლმე, მეუბნებოდა, რომ ცოტა მეტად გამომეშვა ხმა.

თუ აპირებ კიდევ სხვა პროექტებში მონაწილეობის მიღებას?

პროექტმა დიდი გამოცდილება მომცა. სცენის შიში დამაძლევინა. მეორე ლაივზე მივხვდი უკვე, როგორი თამამიც ვიყავი და რა თავისუფლად შევასრულე სიმღერა. ეს არის მომღერლისთვის წინ გადადგმული ნაბიჯი. სცენაზე უმთავრესი შინაგანი ემოციების გამოხატვაა. პროექტი რომ დავტოვე, მომეცა მოტივაცია, მომინდა რომ სხვა პროექტში მიმეღო მონაწილეობა. რა თქმა უნდა, არ გავჩერდები, ჟინი მაქვს, უნდა გავაძლიერო ჩემი ხმა. მამამ შემომთავაზა ერთობლივი სიმღერის ჩაწერა და მე ეს ძალიან მინდა.

როგორ ფიქრობ, რამდენად ღირსეული გამარჯვებული ჰყავს „ვოისს“, ირუ ხეჩანოვის სახით?

მოდი ასე ვიტყვი, ყველას თავისი ფავორიტი ჰყავს. მეც მყავდა, ლიკუნა თუთისანი, ,,ფორტუნას” რჩეული. ირუს წარმატებებს ვუსურვებ და ვფიქრობ, რომ ღირსეულად წარგვადგენს „ევროვიზიაზე“.

 

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები