LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ფორტუნა პლუსი“ 21 წლის იუბილეს სიახლეებით ხვდება

10083
page

„ფორტუნა პლუსი“ პირველ სექტემბერს 21 წლის გახდა. პანდემიური ვითარებიდან გამომდინარე, რასაკვირველია, ამ თარიღს ფართოდ ვერ აღნიშნავენ, თუმცა ახალი სეზონი იწყება და ეთერში, ძველი გადაცემების აღდგენის პარალელურად, რომლებიც აგვისტოს დასვენების გამო ეთერში აღარ გადიოდა, სექტემბრიდან „ფორტუნა პლუსის“ ეთერში, Fm 103.5-ზე, დაემატება ორი ახალი გადაცემაც.

რეზო, ამ რადიოს მემატიანე ხარ, რადგან მისი დაარსების დღიდან მუშაობ. გილოცავთ იუბილეს.  

რეზო კაკულია:

ორგზის აცრილი რეზო მოგესალმებით (იღიმის). პირველ რიგში, დიდი მადლობა მოლოცვისთვის. როგორია 21 წელი აქ მუშაობა? ასე მოხდა, რომ პირველი დღიდან აქ ვარ, დავიწყე, როგორც წამყვანმა და მალევე გავხდი რადიოსადგურის მენეჯერი და იმ დღიდან ჩემს გუნდთან ერთად მოვდივარ. ამ გუნდში ბევრი ისეთი წამყვანია, რომელიც თითქმის პირველი დღიდან მუშაობს „ფორტუნა პლუსზე“ – მათ შორის არიან გიგა ბატკუაშვილი, ქეთა ქორიძე, მიკი ჯეჯელავა და პაატა დათუნაშვილი, ჩვენი დიჯეები ასევე არიან ნიკო ცალანი, მერიკო ნიკოლაიშვილი და ანი გიგაური. ძალიან სასიამოვნოა ის, როცა ამდენი წელი მუშაობ, რაღაცას აკეთებ და მას ასეთი შედეგი აქვს. შედეგზე კი მეტყველებს რადიოს რეიტინგი. „ფორტუნა პლუსი“ ყოველთვის ლიდერ რადიოებს შორისაა და გვყავს მსმენელთა დიდი რაოდენობა, ვმაუწყებლობთ მთელ საქართველოზე. უახლესი ჰიტების ტალღა გვაქვს და თუკი ადამიანს რაიმე სიახლის გაგება უნდა მსოფლიო შოუბიზნესიდან, ან ახალი სიმღერის მოსმენა, იცის, რომ უნდა ჩართოს „ფორტუნა პლუსი“.

რთულია, რომ ამდენი წელი არ ჩამორჩე მოვლენებს და ყველა ახალი არტისტი დროზე „გამოიცნო“, რომ ეთერში მოახვედრო…

„ფორტუნა პლუსის“ 99% უცხოური რეპერტუარისგან შედგება. ზედმიწევნით კარგად ვიცი ეს სფერო და ისიც, რა მოეწონება ქართველ მსმენელს. მსოფლიოს ოფიციალურ ჩარტებში, იქნება ეს „ბილბორდი“ თუ დიდი ბრიტანეთის ოფიციალური ჩარტი, ზოგჯერ სათავეში მოექცევა ხოლმე ისეთი კომპოზიციები, რაც საქართველოში პოპულარული ვერ ხდება. აქ ჯერ მაინც მელოდიით უსმენენ და მერე ტექსტის გამო, მიუხედავად იმისა, რომ ახალმა თაობამ ძალიან კარგად იცის ინგლისური ენა. ათი წლის წინ ფეხის აწყობა სიახლეებისთვის რთული იყო, ბეჭდურ მედიაშიც ვეძებდი ბევრ რამეს, დღეს კი ყველაფერზე წვდომა გაადვილებულია. ამასთან, ჩვენ გვაქვს მსოფლიოში ცნობილ ხმის ჩამწერ სტუდიებთან პირდაპირი კავშირი და კომპოზიციებს ისინი თავად გვიგზავნიან. კვირაში ერთხელ სიახლეები ჩამოდის, მე კი შეიძლება, 30 კომპოზიციიდან მხოლოდ სამი ამოვარჩიო, რომელიც ჩვენი რადიოს მსმენელის გემოვნებას მოერგება. ეს ყველაფერი გამოცდილებიდან და მრავალწლიანი მუშაობიდან მოდის. 25 წელია უკვე, Fm დიაპაზონზე ვარ.

სიახლეებს გვთავაზობთ ახალ სეზონზე?

ჩვენი დაბადების დღე ემთხვევა ახალი სეზონის დაწყებასაც. რასაკვირველია, აღვადგენთ ყველა იმ გადაცემას, რაც აგვისტოს თვეში დასვენების გამო შეჩერებული იყო დროებით, დაგვემატება ორი ახალი გადაცემა, ერთი ელექტრონული მუსიკის შესახებ, რომელიც მოიცავს დიჯეების ლაივსეტებსაც, ვინაიდან კორონავირუსის გამო კლუბები არ მუშაობს, ისინი ახალ ნამუშევრებს ჩვენთან წარადგენენ, მეორე გადაცემა სხვადასხვა საინტერესო ინფორმაციას გააცნობს მსმენელს.

ინტერვიუ: ნინო მურღულია

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები