„ფორტუნა პლუსი“ – ერთ-ერთი ყველაზე სტაჟიანი რადიო ქართულ FM სივრცეში, დღეს 26 წლის გახდა. უკვე 26 წელიწადია ყველა უახლეს მსოფლიო და ქართულ ჰიტს, თანამედროვე კომპოზიციებს, რომლებსაც გემოვნებით არჩევენ მსმენელისთვის. მათ, ვისაც თანამედროვე ჰიტების მოსმენა სურს, იცის, რომელ FM -ზე უნდა მომართოს საკუთარი რადიომიმღები – ეს არის 103.5. რადიოსადგური, რასაკვირველია, აგრძელებს საინტერესო სიახლეების დამკვიდრებას, ახალ პროექტებზე მუშაობას და ახალი სეზონისთვისაც ემზადება.

რადიოჰოლდინგ „ფორტუნას“ გენერალური დირექტორი, თამარ ჩიგოგიძე:
„დღეს „ფორტუნა პლუსისთვის“ განსაკუთრებული დღეა!.. უკვე 26 წელია, რაც ეს რადიო ეთერშია – 26 წელი მუსიკის, ენერგიის, ახალი იდეებისა და ერთგული მსმენელის გვერდით.
ამ წლების განმავლობაში ბევრი რამ შეიცვალა — მუსიკა, ტექნოლოგიები, მედია, მსმენელის ჩვევები – მაგრამ „ფორტუნა პლუსი“ ყოველთვის დარჩა უახლესი სიმღერების ტალღაზე.
ჩვენ არამხოლოდ მივყვებით მუსიკალურ ტენდენციებს- ჩვენ ვკარნახობთ გემოვნებას.
ყველაზე მეტად კი მინდა ეს დღე ჩვენს გუნდს მივულოცო. რადიოს წარმატებას ქმნიან ადამიანები – მათი გემოვნება, შრომა, იდეები და ყოველდღიური ენერგია.
მადლობა ყველას, ვინც „ფორტუნა პლუსის“ ისტორიას ქმნიდა და დღესაც აგრძელებს მის შექმნას. მადლობა ჩვენს მსმენელსაც – რომ ამდენი წელია გვირჩევთ, გვისმენთ და ჩვენთან ერთად იცვლებით.
გილოცავთ „ფორტუნა პლუსის“ დაბადების დღეს!
26 წელი ეთერში- და წინ კიდევ ბევრი საინტერესო გველის“.

რეზო კაკულია, „ფორტუნა პლუსის“ მენეჯერი:
ჩვენი რადიოსადგური ფორმატულად სიახლეებზეა ორიენტირებული, პირველ რიგში, მუსიკალური თვალსაზრისით, ასე რომ, მთელი ამ წლების განმავლობაში ვცდილობდით ვყოფილიყავით ფლაგმანი რადიოსადგური უახლესი ჰიტების მხრივ და 103.5 იყო და არის ტალღა, სადაც მსმენელი პირველად ისმენს როგორც უცხოელი არტისტების ახალ სინგლებს, ასევე ადგილობრივი შემსრულებლების სიახლეებს. ყოველდღიურ რეჟიმში ვუყვებით მსმენელს მსოფლიო შოუბიზნესის სიახლეებს, ვაჟღერებთ საინტერესო და საჭირო ინფორმაციას სხვადასხვა სფეროდან.
ჩემს გუნდს – „ფორტუნა პლუსის“ რადიოწამყვანებს მინდა მივულოცო იუბილე და ვუთხრა, რომ მათი დიდი დამსახურებაა ის, რომ 25 წელია, ჩვენი რადიოსადგური არ კარგავს პოპულარობას, ყოველთვის ტრენდშია და ყოველდღიურად უამრავი ადამიანის გუნება-განწყობილებას უკეთესობისკენ ცვლის.