შინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 16 დეკემბერს, კახეთში მომხდარი ინციდენტის დროს, 1960 წელს დაბადებული ქ.მ. მოსამართლის განჩინების საფუძველზე თბილისში დააკავეს. გამოძიებით დადგინდა, რომ ქ.მ.-მ სოფელ ველისციხესთან პოლიციის ავტომანქანა დააზიანა.
ცნობილია, რომ 17 დეკემბერს, პოლიციელისთვის ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენების გამო დააკავეს წინა ხელისუფლების მაღალჩინოსანი, ქვემო ქართლის ყოფილი გუბერნატორი დავით კირკიტაძე.
შსს-ში გამართულ ბრიფინგზე, ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორმა ვლადიმერ ბორცვაძემ განაცხადა, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის პოლიციის დეპარტამენტმა, 16 დეკემბერს, ველისციხეში გამართულ აქციაზე, პოლიციელზე თავდასხმისთვის, ფიზიკური შეურაცხყოფისა და ქონების დაზიანებისთვის სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლით, მოსამართლის განჩინებით დააკავა გაერთიანებული ოპოზიციის მხარდამჭერი დავით კირკიტაძე.