„ბიჭო, კითხვა მაქვს, ვაშაძეს მივმართავ, ცივილიზებული სამყარო მთელი ამ პერიოდის განმავლობაში არ გვეუბნებოდა, რომ რუსეთს სანქციები დაუწესეო?“ - ასე მიმართა, უმრავლესობის დეპუტატმა ირაკლი ზარქუამ „სტრატეგია აღმაშენებლის“ლიდერს გიორგი ვაშაძეს იურიდიულ საკითხთა კომიტეტზე, სადაც „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტზე პრეზიდენტის მოტივირებული შენიშვნებს განიხილავენ.
„თქვენი და თქვენი ხელმძღვანელისა და უფროსისგან განსხვავებით, ეს ქვეყანა რისკის და ომის წინაშე რომ დადგება, ჩვენ შევაკლავთ თავს, თქვენგან განსხვავებით, რომელიც კონფორმისტულად „ევროპებში" და საფრანგეთში გაიქცევა და ის, რასაც ახლა აკეთებთ, ქვეყნის საწინააღმდეგოდ გადაიქცევა“ - ასე მიმართა მმართველი გუნდის წევრმა ნინო წილოსანმა პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანს, გიორგი მსხილაძეს იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე, სადაც „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტზე პრეზიდენტის მოტივირებული შენიშვნებს განიხილავენ.
„მიზანი, რომელიც ამ კანონს გააჩნია, რომ უფრო მაღალი სტანდარტი იყოს დაწესებული საქართველოში უცხო ქვეყნიდან შემოსული თანხების გამჭვირვალობასთან დაკავშირებით, მიგვაჩნია, რომ ეს მიზანი არის ლეგიტიმური, თუმცა ამ მიზნის მისაღწევად შესაძლებელი იყო და დღესაც არის არსებულ კანონმდებლობაში შევიდეს ცვლილებები, რომელიც უზრუნველყოფს ამ მიზნის მიღწევას“ - ამის შესახებ საქართველოს სახალხო დამცველმა, ლევან იოსელიანმა პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე განაცხადა, სადაც „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტზე პრეზიდენტის მოტივირებული შენიშვნები განიხილება.