LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

10 ყველაზე აქტუალური კითხვა მთავრობას: როგორ უნდა მოვიქცეთ საგანგებო მდგომარეობის დროს

489
92128252-2479986462103338-7622714163168542720-o

საქართველოში საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების შემდეგ, მოსახლეობა, რომელიც მთავრობის განკარგულებას ემორჩილება, ჯერ კიდევ ბოლომდე ვერ გარკვეულა საგანგებო მდგომარეობის, კარანტინის, თვითიზოლაციის თუ სხვა შეზღუდვების მნიშვნელობაში. მთავრობის მისამართით ყველაზე ხშირად დასმულ კითხვებზე პასუხის კიდევ ერთხელ გაცემა საზოგადოების ნაწილისთვის მაინც საჭირო გახდა. ამიტომ მთავრობის ადმინისტრაციამ საკუთარ გვერდზე გამოაქვეყნა ის კითხვები, რომელსაც მოქალაქეები ხშირად წერენ.

 

1. რა შემთხვევაშია ავტომობილით გადაადგილება ნებადართული?

ნებადართულია მსუბუქი ავტომობილებით (მათ შორის ტაქსებით) მგზავრობა, იმ შემთხვევაში, თუ ავტომობილში იქნება მხოლოდ 3 ადამიანი, მათ შორის 2 უნდა იჯდეს უკანა სავარძელზე. ამასთან, საღამოს 9 საათიდან დილის 6 საათამდე სრულად იკრძალება გადაადგილება, როგორც ქვეითად, ისე – სატრანსპორტო საშუალებით.

2. როგორ შეიძლება მანქანით 3-ზე მეტი წევრისგან შემდგარი ოჯახის ქალაქგარეთ გაყვანა?

მსუბუქი ავტომობილით მხოლოდ 3 პირის მგზავრობაა დასაშვები. ეს შეზღუდვა ეხება ოჯახის წევრებსაც, მათ შორის – ბავშვებს.

 3. რა შემთხვევაშია ნებადართული საჯარო სივრცეში 3-ზე მეტი პირის შეკრება?

3-ზე მეტი ფიზიკური პირის თავშეყრა შესაძლებელია მხოლოდ დაშვებული ეკონომიკური საქმიანობების განხორციელებისას. მათ შორის, სურსათისა და სამედიცინო/ფარმაცევტული საქონლის/პროდუქტის რეალიზაციისას, ობიექტის სპეციფიკის გათვალისწინებით, არანაკლებ 2 მეტრის სოციალური დისტანციის დაცვით, ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციების შესაბამისად.

ეს შეზღუდვა არ ეხება: სამედიცინო დაწესებულებებში, საჯარო დაწესებულებებში, თავდაცვის ძალებში, სპეციალურ პენიტენციურ დაწესებულებებში, სამართალდამცავ ორგანოებში პირთა თავშეყრას, მათზე დაკისრებული ფუნქციების შესრულების მიზნით; ასევე, სამშენებლო-ინფრასტრუქტურული სამუშაოების შესრულებას.

4. როდის შეუძლია 70 წელზე მეტი ასაკის მოქალაქეს სახლიდან გასვლა?

70 წელს ზემოთ მოქალაქეებს სახლიდან გასვლა შეუძლიათ მხოლოდ მაშინ, თუ ისინი მიდიან სურსათისა და სამედიცინო/ფარმაცევტული პროდუქტის შესაძენად. ასევე, ისეთი სამედიცინო მომსახურების მისაღებად, რომელსაც სახლიდან გაუსვლელად ვერ მიიღებენ. ეს შეზღუდვა არ ეხებათ სამედიცინო დაწესებულების თანამშრომლებს. იმ შემთხვევაში თუ, 70 წელს გადაცილებული მოქალაქეები არიან მარტოხელები, მათ დაეხმარება ეკონომიკის სამინისტრო (საქართველოს ფოსტა) და ჯანდაცვის სამინისტრო, ასევე ადგილობრივი მუნიციპალიტეტები. ასეთ შემთხვევაში მოქალაქეებმა უნდა დარეკონ ცხელ ხაზზე – 144.

5. როდის და ვისთვისაა აუცილებელი პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ტარება?

ნებისმიერ ფიზიკურ პირს, ნებისმიერ დროს გადაადგილებისას თან უნდა ჰქონდეს პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი.

6. იმ შემთხვევაში თუ არ მაქვს პირადობის დამადასტურებელი მოწმობა?

ასეთ შემთხვევაში იქონიეთ ნებისმიერი სხვა დოკუმენტი რომლითაც შესაძლებელია თქვენი პიროვნების იდენტიფიცირება. მაგალითად, მართვის მოწმობა.

7. კომენდანტის საათის დროს შემიძლია შინაური ცხოველის გასეირნება?

კომენდანტის საათის დროს აკრძალულია გადაადგილება.

 8. მაქვს ეკონომიკური საქმიანობის უფლება, თანამშრომლები სამსახურში როგორ ვატარო?

თანამშრომლების ტრანსპორტირება სახლიდან და უკან უნდა უზრუნველყოთ თავად, მიკროავტობუსის, ავტობუსის მეშვეობით, რომლებზეც არ ვრცელდება 3 კაციანი შეზღუდვა. ტრანსპორტირების შესახებ თანხმობა უნდა აიღოთ მუნიციპალიტეტებიდან. აღნიშნული არ ეხება თანამშრომლების გადაყვანას მსუბუქი ავტომანქანებით, რაზეც ვრცელდება 3 კაციანი შეზღუდვა.

9. ითვლება თუ არა ბავშვი 3 კაციან შეზღუდვაში?
დიახ.

 10. ვრცელდება თუ არა 3 კაციანი შეზღუდვა მიკროავტობუსებსა და ავტობუსებზე?

მთელი ქვეყნის მასშტაბით საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობა შეჩერებულია.

დაშვებულია იმ შემთხვევაში თუ საგანგებო მდგომარეობის მოქმედების პერიოდში ნებადართული საქმიანობის განმახორციელებელი კომპანია თავად უზრუნველყოფს თანამშრომლების ტრანსპორტირებას სახლიდან და უკან, მიკროავტობუსის/ავტობუსის მეშვეობით. ამასთან, ასეთმა კომპანიებმა ტრანსპორტირების შესახებ თანხმობა უნდა აიღონ მუნიციპალიტეტებიდან.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები