კარანტინის პერიოდს ადამიანების უმეტესობა ერთ ან რამოდენიმეოთახიან ბინაში ატარებს, თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ მათ არ შეუძლიათ მოგზაურობა მსოფლიოს ულამაზეს ციხესიმაგრეებსა და სასახლეებში. არსებული რეალობის გათვალისწინებით, შესაძლებელი გახდა ვირტუალური ტურების მეშვეობით არაერთი უძველესი და ტურისტებისათვის საინტერესო სასახლის დათვალიერება. ვირტუალური ტურების მეშვეობით ვერსალში, ბუკინგემის სასახლეში თუ თეთრ სახლში პირდაპირ საკუთარი მისაღები ოთახიდან ან საძინებლიდან შეგიძლიათ მოხვედრა.

წარმოგიდგენთ 12 სასახლეს, ციხე-სიმაგრეს და ულამაზეს შენობას, რომელთა დათვალიერებაც ალბათ ნებისმიერი მოგზაურის ოცნებაა. ამ ოცნებების ახდენა კი ახლა უფასო ვირტუალური ტურების მეშვეობითაა შესაძლებელი.

უინძორების სასახლე, დიდი ბრიტანეთი
მსოფლიოში უძველესი სასახლე, რომელშიც დღესაც ცხოვრობენ სწორედ ის ადგილია, სადაც კარანტინის დღეებს დედოფალი ელისაბედ II ატარებს. თავისი მიმართვაც ბრიტანელი ხალხისათვის დედოფალმა სწორედ სასახლეში ჩაწერა. უინძორების სასახლის დათვალიერება ამ ლინკზე გადასვლით არის შესაძლებელი.

ბუკინგემის სასახლე, დიდი ბრიტანეთი
დედოფალ ელისაბედ II-ის ოფიციალური რეზიდენცია ლონდონის ცენტრში, ერთ-ერთ ხალხმრავალ ქუჩაზე მდებარეობს. სასახლე ტურისტებისათვის ზაფხულობით, რამოდენიმე კვირით იხსნება, როდესაც მისი უდიდებულესობა დასასვენებლად მიემგზავრება. ამ ეტაპზე სასახლე ბუნებრივია დაკეტილია, მაგრამ მისი დათვალიერება ამ ვირტუალური ტურის მეშვეობითაა შესაძლებელი.

ვერსალი, საფრანგეთი
საფრანგეთის მეფეების რეზიდენცია მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე შთამბეჭდავი და უზარმაზარი ნაგებობაა. ვერსალში 2300 ოთახია და შესაბამისად, მის დასათვალიერებლად ძალიან დიდი დროა საჭირო, თუმცა ვირტუალური ტურის საშუალებით შეგიძლიათ თვალი გადაავლოთ ამ საოცარი ნაგებობის ყველაზე გამორჩეულ ოთახებს.

ბლარნის ციხე-სიმაგრე, ირლანდია
რასაკვირველია ვირტუალური ტურის დროს თქვენ ვერ შეძლებთ ემთხვიოთ ბლარნის ციხე-სიმაგრის ზედა ნაწილში მოთავსებულ საყოველთაოდ ცნობილ ბლარნის ქვას, რომელსაც ლეგენდის თანახმად შეუძლია მჭერმეტყველების ნიჭით დააჯილდოვოს ნებისმიერი, ვინც შეეხება. თუმცა სამაგიეროდ, შეგიძლიათ დათვალიეროთ სასახლე და მისი ბაღები.

ედინბურგის სასახლე, შოტლანდია
ედინბურგის უძველესი სასახლე ქალაქის ერთ-ერთი სავიზიტო ბარათია, რომელიც განსაკუთრებით საინტერესოა საშინელებათა ჟანრის და მოჩვენებების ისტორიათა მოყვარულთათვის. სასახლე მე-12 საუკუნეშია აგებული და ედინბურგის სიმბოლოდ მიიჩნევა. მიუხედავად იმისა, რომ ის ახლა დაკეტილია, მაინც შეგიძლიათ სასახლეს ესტუმროთ ამ ვირტუალური ტურის საშუალებით.

ჰოლირუდი, შოტლანდია
მე-16 საუკუნის ულამაზესი ნაგებობა შოტლანდიაში ბრიტანეთის მონარქის ოფიციალური რეზიდენცია გახლავთ, მისი სახელწოდება კი შოტლანდიური სიტყვებიდან Haly Ruid (წმინდა ჯვარი) მომდინარეობს. ჰოლირუდის სასახლე შოტლანდიის დედაქალაქ ედინბურგში მდებარეობს, მისი დათვალიერება კი შეგიძლიათ ამ ლინკის საშუალებით.

პრაღის სასახლე, ჩეხეთი
მე-9 საუკუნეში, მდინარე ვლტავას დასავლეთ სანაპიროზე აგებული ულამაზესი სასახლე დღეისათვის ჩეხეთის პრეზიდენტის ოფიციალური რეზიდენციაა. ვირტუალური ტურის საშუალებით შეგიძლიათ სასახლის შიგნით იმოგზაუროთ, ეწვიოთ წმინდა ვიტუსის კათედრალურ ტაძარს, სასახლის მზიან ტერასებს და საყოველთაოდ ცნობილი „ოქროს შესახვევის“ (Golden Lane / Zlatá ulička) პატარა სახლებს.

შონბრუნის სასახლე, ავსტრია
ერთ დროს ავსტრიის სამეფო ოჯახის რეზიდენცია, როკოკოს სტილის ულამაზესი სასახლე შონბრუნი ავსტრიის მასშტაბით პირველ ადგილზეა იმ ადგილებს შორის, რომლებსაც ტურისტები ყველაზე ხშირად სტუმრობენ. ულამაზესი სასახლის ინტერიერის და ექსტერიერის დათვალიერება ამ ონლაინ-ტურით შეგიძლიათ.

სინტრას ნაციონალური სასახლე, პორტუგალია
სინტრას ულამაზესი სასახლე მთიდან გადმოჰყურებს პორტუგალიის დედაქალაქს. სინტრა წარსულში სამეფო რეზიდენცია იყო და ბუნებრივია, ძალიან დახვეწილი და ლამაზი შენობათა კომპლექსია. მისი დათვალიერება აქ არის შესაძლებელი.

აკასაკა, იაპონია
იაპონიის დედაქალაქ ტოკიოში მდებარე ულამაზესი სასახლე აკასაკა ერთ-ერთია იმ სასახლეებიდან, რომელიც ონლაინ-სტუმრებს იღებს. აკასაკას საიმპერატორო სასახლე იაპონიის ტახტის მემკვიდრის რეზიდენციაა.

ჰარიჰარას სასახლის ნანგრევები, ინდოეთი
მეფე ჰარიჰარას სასახლე ერთ-ერთია ჰამპის ღირსშესანიშნაობათაგან, რომლებიც „იუნესკოს“ კულტურული მემკვიდრეობის ფონდშია შესული. ამ დროისათვის მე-14 საუკუნეში აგებული სასახლისაგან მხოლოდ ნანგრევებია შემორჩენილი, თუმცა ისინი ძალიან შთამბეჭდავია და ბევრ ტურისტს იზიდავს. ონლაინ-ტურის საშუალებით შეგიძლიათ დაათვალიეროთ სასახლის ნანგრევები და შემოგარენი.

თეთრი სახლი, აშშ
ამერიკის პრეზიდენტის რეზიდენცია რასაკვირველია სასახლე არ არის, თუმცა შეგვიძლია ამ სიაში თამამად შევიყვანოთ. თეთრი სახლი მუდამ იწვევს ინტერესს, მაგრამ მისი ინტერიერის და ექსტერიერის დათვალიერების საშუალება ყველას არ აქვს. ვირტუალური ტური კი ამ ოცნების ასრულებაშიც დაგეხმარებათ.

 

მსგავსი თემები