ცნობილი შვედი მსახიობი, დოლფ ლუდნგრენი საქართველოში ლუდის „რაგნარი“ რეკლამაში გადასაღებად მიიწვიეს. მსახიობი, რომელიც ქართველ მაყურებელს რამდენიმე როლით ახსოვს, მათ შორის „როკიში“ განსახიერებული რუსი მოკრივის, ივან დრაგოს როლიცაა.
სწორედ ამ დღეებში თბილისის კინოთეატრებში მისი მონაწილეობით „ქრიდი 2“-ის პრემიერა იგეგმებოდა, რომელსაც დოლფ ლუნდგრენი ძმასთან ერთად დაესწრო და ქართველ მაყურებელს შეხვდა.
პრემიერა „კავეა გალერიაში“ გაიმართა, სადაც მიწვეული მაყურებელი ჯერ „ქრიდის“ მეორე ნაწილის პრემიერას დაესწრო. როკი და ადონის ქრიდი ივან დრაგოს შვილის, ვიქტორის დასამარცხებლად ემზადებიან. თავიდან როკის არ სურს, ადონისმა ვიქტორის გამოწვევას უპასუხოს და ბრძოლაში მიიღოს მონაწილეობა, მაგრამ მას შემდეგ, რაც ქრიდი ერთ შერკინებას მის გარეშე ჩაატარებს და დამარცხდება, როკი ისევ მისი მწვრთნელი ხდება… ივან დრაგოს კი როკის მიმართ საკუთარი ანგარიში აქვს გასასწორებელი.
მაყურებელთა შეხვედრაზე დოლფ ლუნდგრენმა ხუმრობით აღნიშნა, – „არ მინდოდა, ჩემს შვილს ასე ცუდად მოვქცეოდი“, ის, რასაკვირველია, ფილმს გულისხმობდა, სადაც ივან დრაგო შვილისგან ძალიან ბევრს ითხოვს…
მაყურებელმა დოლფს რამდენიმე კითხვა დაუსვა, შემდეგ კი მასთან ერთად ფოტოების გადაღების საშუალებაც მიეცა და ავტოგრაფის ჩამორთმევისაც.
რაც შეეხება ფილმს, თბილისის კინოთეატრებში „ქრიდი 2“-ის ნახვა უკვე შეგიძლიათ.