LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

2024 წლიდან ნერგების სერტიფიცირება სავალდებულო იქნება

89
ხის-ნერგი

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრომ ახალი დადგენილება მიიღო, რომლის თანახმადაც, 2024 წლიდან, კერძო სანერგე მეურნეობებისთვის სავალდებულო ხდება სარგავი მასალების სერტიფიცირება. ინიციატივა განხორციელდა ევროკავშირის EU4Business პროგრამის ფარგლებში, გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) უშუალო ჩართულობით.

2024 წლისთვის, სავალდებულო ხდება ევროპული CAC (Conformitas Agraria Communitatis) სტანდარტი, კლასიფიკაციის სისტემა, რომლის მიხედვითაც, შესაძლებელი იქნება საქართველო-ევროკავშირის ასოცირების ხელშეკრულების შესაბამისად მოხდეს ნერგების წარმოება და გაყიდვა. დადგენილება აწესებს სანერგე მეურნეობებისთვის აკრედიტაციის მოთხოვნებს, რომლებიც წარმოებისა და მარკეტინგის პირობებს დაარეგულირებენ მცენარეებისა და მცენარეთა სარგავი მასალებისთვის. დადგენილება ფარავს ორ ძირითად ასპექტს სერტიფიცირების სისტემის დასანერგად: ხარისხის კონტროლის მექანიზმების დაცვას მცენარეთა სარგავი მასალების წარმოების პროცესში და მასალებზე ფიტოსანიტარულ პროცედურებსა და კონტროლს.

„ევროკავშირისა და FAO-ს მხარდაჭერით მივიღეთ დადგენილება, რომელიც საშუალებას მისცემს კერძო სანერგეებს, კომერციულად აწარმოონ მინიმალური, დადგენილი სტანდარტის შესაბამისი სერტიფიცირებული ნერგები, რაც მნიშვნელოვანია საქართველოს კერძო სექტორის ევროპულ სტანდარტებთან დასაახლოებლად,“ – განაცხადა საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველმა მოადგილემ, გიორგი ხანიშვილმა.

„ხარისხიანი და მიკვლევადი სანერგე მასალების წარმოება მნიშვნელოვანია სოფლის მეურნეობის სექტორის განვითარებისთვის, განსაკუთრებით, ღვინის, ხილისა და თხილის წარმოების სექტორებისთვის. ამ პროექტის ფარგლებში, ევროკავშირი და FAO ტექნიკურ დახმარებას უწევენ კერძო სანერგე მეურნეობებს, რათა მათ ახალი სტანდარტების დაკმაყოფილება შეძლონ. ეს ნერგების წარმოების მიმართულებით გადადგმული პირველი მნიშვნელოვა ნიბიჯია, რაც, სამომავლოდ, ქვეყნისთვის საექსპორტო შესაძლებლობებს გაზრდის“, – განაცხადა ხავიერ სანს ალვარესმა, FAO-ს პროგრამის კოორდინატორმა.

ინიციატივა განხორციელდა ევროკავშირის პროექტის ,,ევროკავშირის ინოვაციური პროექტი კერძო სექტორის კონკურენტუნარიანობისთვის საქართველოში’’ დახმარებით. პროექტი 2018 წელს დაიწყო და მას ახორციელებენ FAO და გაეროს სხვა სააგენტოები (UNDP, IOM, UNIDO). მისი მთავარი მიზანია მეწარმოების და ბიზნესის გაძლიერება საქართველოს მთავრობის და ადგილობრივი უწყებების შესაძლებლობების გაძლიერების გზით, რათა მათ განავითარონ და აამუშაონ კლასტერები და დაეხმარონ კომპანიებს პირდაპირი სტრატეგიული ინვესტიციებით.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები