ზუგდიდში, „საქართველოს ბანკზე“ თავდასხმის საქმეზე დაკავებული ბადრი ესებუას ადვოკატი პროკურატურას უნდობლობას უცხადებს და ამბობს, რომ ბადრი ესებუა ციხეში უდანაშაულოდ ზის.
ალექსანდრე კობაიძის თქმით, 43 დაზარალებულიდან ვერცერთმა ვერ ამოიცნო თავდამსხმელი.
„მიუხედავად იმისა, რომ 43 დაზარალებულია, ამ 43 დაზარალებულიდან არცერთი ადამიანია არ საუბრობს ბადრი ესებუაზე, არანაირად არ უთითებს რაიმე ფორმით, რომ ბადრი ესებუამ ჩაიდინა აღნიშნული დანაშაული. მტკიცებულებების სიმწირიდან გამომდინარე მხოლოდ და მხოლოდ სახელმწიფოს მოსაზრებაა, რომ ბადრი ესებუამ ჩაიდინა აღნიშნული დანაშაული. მასალებში არსებობს ე.წ. ოპერატიული ინფორმაცია, რაც არ არის პირდაპირი მტკიცებულება, რის საფუძველზეც შეიძლება გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანა. არანაირი მტკიცებულება არ არსებობს, ერთადერთი ე.წ. ოპერატორთან ზარია, სადაც ადამიანი ბანკში რეკავს და სესხთან დაკავშირებით საუბრობს. პირდაპირი მტკიცებულება, რომ დავუშვათ ვიღაც ხელს ადებს, ან დნმ – მსგავსი, რამ საქმეში არ არსებობს“, – განაცხადა ალექსანდრე კობაიძემ.
ადვოკატ ნიკა მემანიშვილის განცხადებით კი ბადრი ესებუა თავდაცვის სამინისტროდან, სოციალურ ქსელში მაჩალიკაშვილის საქმესთან დაკავშირებით გამოთქმული აზრის გამო, გაათავისუფლეს და დევნიდნენ, რადგან გაჩნდა ინფორმაცია, რომელსაც მაჩალიკაშვილის საქმის თავდაყირა დაყენება შეეძლო.
„სახელმწიფო ბადრი ესებუას სჯის, იმის გამო რაც არ ჩაუდენია. მას დაუჭირეს ძმა და ამ საქმეს არაფერი საერთო არ აქვს მართლმსაჯულებასთან და ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ბადრი ესებუას ინტერესები დავიცვათ. ბადრი ესებუას ჰქონდა ინფორმაცია, რომლის გამოც ის გაათავისუფლეს თავდაცვის სამინისტროდან. მას დევნიდნენ და იმდენად მნიშვნელოვანი იყო აღნიშნული ინფორმაცია, რომ მას შეახოცეს ხელი. ის არ იმყოფებოდა იმ დროისათვის ზუგდიდში, როდესაც ბანკის ძარცვა მოხდა. მას ეშინოდა, რომ სახელმწიფო დასჯიდა და შესაბამისად, არ ჩნდებოდა საზოგადოებაში, თუმცა იმის თქმა, რომ ის იმალებოდა არ არის მართებული.
ბადრი ესებუამ მაჩალიკაშვილის საქმესთან დაკავშირებით თავისი აზრი დააფიქსირა სოციალურ ქსელში, ამის გამო ის იდევნებოდა და ის გაათავისუფლეს თავდაცვის სამინისტროდან. არა ერთხელ მივიდნენ და სთხოვეს, რომ მსგავსი ქმედებისგან თავი შეეკავებინა.
რამდენად მნიშვნელოვანი ინფორმაციის მატარებელი იყო ბადრი ესებუა და რატომ შეიძლებოდა დაესაჯა სახელმწიფოს, ეს საზოგადოებისთვის უახლოეს მომავალში გახდება ცნობილი, მათ შორის, ბადრი ესებუასგან“, – განაცხადა ნიკა მემანიშვილმა.