LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„6-7 წლამდე ბავშვი სპორტით არ უნდა იყოს დაკავებული” – ბავშვთა ორთოპედი მანანა ღუდუშაური

594
mananagudushauri2019

ბავშვთა ორთოპედმა მანანა ღუდუშაურმა გადაცემაში „პირადი ექიმი – მარი მალაზონია“ ბავშვის ხერხემლის ნორმალურ განვითარებაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ადრეულ ასაკში ბავშვის სპორტით დატვირთვა მიზანშეწონილი არაა.

„როდესაც ჯანმრთელია ხერხემალი, რა თქმა უნდა სპორტის ყველა სახეობაზე შეუძლიათ ბავშვებს სიარული. მე არ ვარ მომხრე იმის, რომ ძალიან პატარა ასაკის ბავშვები შეჰყავთ ცეკვაზე და სპორტზე. 4-5 წლის ბავშვები დადიან სპორტზე. 6-7 წლამდე ბავშვი სპორტით არ უნდა იყოს დაკავებული, ჩვეულებრივი, პატარა, მსუბუქი ვარჯიშებით შეიძლება. თუ აღინიშნება ხერხემლის გადახრა, სქოლიოზი, მაშინ 16 წლამდე, სანამ ხერხემლის გამრუდების საფრთხე არსებობს, თავი უნდა შევიკავოთ დიდი დატვირთვისგან. ამ დროს ხერხემალი იმდენად დატვირთულია, რომ ჩვენ ბავშვებს ვუნიშნავთ დღეში 1-2 საათიან განტვირთვას, წოლას მაგარ საწოლზე. მშობლებს აქვთ ასეთი გამონათქვამი: „დადის ცეკვაზე ბავშვი და ტანდეგობა მშვენიერი აქვს.“ მხრები გადაწეული აქვს ბავშვს და რომ შეხედავ, იფიქრებ, რომ არ არის სქოლიოზი, მაგრამ იყო იქ საწყისი და ამ დატვირთვამ კიდევ მეტად გაამწვავა.

ის სპორტი, სადაც ტერფია წამყვანი: ფეხბურთი, კალათბურთი, ფრენბურთი, რაგბი 12-13 წლამდე ​არ არის რეკომენდებული, როდესაც ბრტყელტერფიანობაა. ეს ისედაც ვლიდნება, როდესაც ასეთი ბავშვი დაიწყებს ფეხბურთზე ან რომელიმე ამ სპორტზე სიარულს, მანიფესტირება ხდება ძალიან სწრაფად. ბავშვს ტკივილები აქვს წვივის არეში, განსაკუთრებით ქუსლის არეში. ადრე უფრო კატეგორიული ვიყავი ამასთან დაკავშირებით. ის, რაც ძალიან უნდა ბავშვს, რომ აკეთოს, იმის აკრძალვა არ შეიძლება, უბრალოდ ადაპტაციას მოითხოვს 11-12 წლამდე,“ – აღნიშნავს ორთოპედი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები