LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

8-წლიანი “ქართული ოცნება”: რა იცვლება წლიდან წლამდე არჩევნების წინ?

276
7765

ხალხი ირჩევს თავის კანდიდატს გულის და არა ტვინის კარნახით. არჩევნებს იგებენ და აგებენ ემოციების და არა ლოგიკის მიხედვით – ამერიკელი პოლიტიკური კონსულტანტის ჯოზეფ ნაპოლიტანის ეს სიტყვები იმაზე მეტად ერგება რეალობას, ვიდრე წარმოგვიდგენია.

 

ერთად ავიხდინოთ ქართული ოცნება – ასე დაიწყო 2012 წელს ყველაფერი.

“ქართულმა ოცნებამ” მიზანში მოარტყა, ხალხს სააკაშვილის ალტერნატივა დაანახა, თან ლამაზ ფერებში, ოცნებებში, უფასო ფულში და ასეთი არარეალური და ემოციური დაპირებებით ხალხს ძალიან დიდი იმედი მისცა.

ეს დაპირებები ყველას ახსოვს, მაგრამ არავის ახსოვს წინასაარჩევნო პროგრამა, რომელიც წესით არჩევანის გაკეთებისას ყველაზე მნიშვნელოვანი უნდა იყოს.

თუმცა, დღეს ასე არ ხდება – არჩევნებს იგებს, ემოცია, პერსონები და ფული.

ეს ყველაფერი ერთად 2012 წლიდან მხოლოდ “ქართულ ოცნებას” აქვს. სწორედ ამ კრიტერიუმების გამო ვერ შედგა მთავარ ოპოზიციურ ძალად ვერც ერთი პარტია და დღეს ოპოზიციად კვლავ მიხეილ სააკაშვილი და “ნაციონალური მოძრაობა” მოიაზრება. ეს ფაქტი კი “ოცნებას” ფესვებს კიდევ უფრო მყარად უდგამს.

ოქტომბრის გამარჯვებით ხელისუფლებაში მოვიდა ბიძინა ივანიშვილი – იმ დროისთვის და ალბათ ჩვენ რეალობაშიც ყველაზე “ძლიერი ფიგურა” და დაიწყო სხვა პერსონების შექმნა.

პირველი იყო ირაკლი ღარიბაშვილი შინაგან საქმეთა მინისტრის პოზიციაზე. 2013 წლიდან ის უკვე პრემიერად მოგვევლინა და თანდათან მისი ავტორიტეტიც იმატებს.

 

 

2013 წელი

ოცნებების ასრულების გაგრძელებისთვის და ამ გზაზე შემოიყვანა პრეზიდენტად “ოცნებამ” გიორგი მარგველაშვილი.

“ქართული ოცნება” ღიად მხარს უჭერდა გიორგი მარგველაშვილს, რომელსაც ახასიათებდნენ როგორც “ჰუმანურ, ევროპელ” პოლიტიკოსს და კარგ მეგობარს. ასე რომ, სხვა კანდიდატს გამარჯვების მინიმალური შანსიც კი არ ჰქონდა.

მარგველაშვილს საპრეზიდენტო კამპანია არ ჰქონდა, მას ჰქონდა პარტიული კამპანია. აქედან გამომდინარე, მისი დაპირებები იყო ზოგადი და არ მოიცავდა პრეზიდენტის ფუნქცია-მოვალეობებს.

შეიძლება არ გახსოვთ, რომ მაშინ, არჩევნებში მონაწილეობის სურვილი გამოთქვა საგარეო საქმეთა ყოფილ მინისტრმა, სალომე ზურაბიშვილმა, რომელსაც უარი ეთქვა საქართველოს მოქალაქეობის არქონის გამო. ეს პასაჟი საყურადღებოა იმის გამო, რომ “ქართული ოცნების” მთავარი ხაზი დავინახოთ, ისინი ყოველთვის უბრუნდებიან ფიგურებს, რომლებმაც თავი ბოლომდე არ ამოწურეს.

 

2014 წელი

თვითმმართველობის პირველივე არჩევნებიდან, ხელისუფლებამ დაიწყო დეცენტრალიზაციის

პროცესი. აქაც სწორი ლოზუნგებით და მიდგომებით. უნდა ითქვას, რომ დაწყებული პროცესები ამ დრომდე არ დასრულებულა.

მართალია დეცენტრალიზაცია ოფიციალურად მოხდა, თუმცა თვითმმართველობები რეალურად კლვავ ცენტრალური ხელისუფლების გავლენის და ჩრდილქვეშ არიან.

 

 

 

2016

“თავისუფლება, სწრაფი განვითარება, კეთილდღეობაა” – ასეთი იყო 2016 წლის მთავარი ლოზუნგი.

სავარაუდოდ, თქვენ არც ეს ლოზუნგი და არც მისი შესრულება გახსოვთ, სამაგიეროდ გახსოვთ, მრავალი შეუსრულებელი დაპირება. დაპირებები არ შესრულდა, მაგრამ გაგრძელდა ხაზი – პოლიტიკოსების შექმნისა.

სწორედ ამ წლიდან დაიწყო უკვე შემდგარ პოლიტიკოსად და ცალკე სახედ ჩამოყალიბება კახა კალაძემ.

მომდევნო წლებში ირაკლი ღარიბაშვილის და კალაძეს მსგავსად პოლიტიკოსად ჩამოყალიბება მხოლოდ გიორგი გახარიამ მოახერხა.

რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი ერთ წელიწადში არ მომხდარა. “ოცნების სტარატეგია” ასეთია – სახეებს, რომლებიც საზოგადოებაში გარკვეულ სიმპათიას იმსახურებენ, გარკვეული დროის შემდეგ, სხვა პოზიციებზე სინჯავენ. ზოგი ამართლებს – ზოგი ვერა. ზოგი ბრუნდება, ზოგიც არა, თუმცა ფაქტია ის, რომ ერთი პოზიციით ვერც ერთმა პოლიტიკოსმა ვერ შეძლო თავის დამკვიდრება.

 

2020

წელსაც იგივე ხაზი გრძელდება. “ოცნება” კვლავ აქტიურად იყენებს ხალხს, რომელსაც საზოგადოების გარკვეული ნაწილი ენდობა. კვლავ, მცირე დროით გაუჩინარების შემდეგ გამოჩნდა ივანიშვილი და ისევ მან ითავა ყველაფერი. ლოზუნგშიც ვაწყდებით ამ სიტყვას “კვლავ”.

კორონას გამო, ოდნავ შეიცვალა სიტუაცია – “ოცნების” გვერდით გამოჩნდნენ სხვა პირებიც, რომლებსაც საზოგადოება ენდობა და ფაქტობრივად ბოლო დროის გმირებად მოგვევლინნენ.

გამოკითხვები არ ჩატარებულა, თუმცა მათ მიმართ ნდობის ხარიხსი შესაძლოა, ბევრ წამყვან პოლიტიკოსებზე მაღალი იყოს.

ნებით თუ უნებლიედ ის ადამიანები, რომლებიც “კორონასგან მხსნელებად” მოგვევლინნენ, “ოცნების” კამპანიაში აღმოჩნდნენ. მოკლედ, უნებლიედ კორონამაც “ოცნების” წისქვილზე დაასხა წყალი.

ყველა ექიმი, რომელიც კორონავირუსის გავრცელების პერიოდში წინა ხაზზე იყო და ყოველდღიურად Covid-19-ზე გვესაუბრებოდა, ინფორმაციას გვაწვდიდა, გვაიმედებდა… გუშინ “ქართული ოცნების” პარტიულ ღონისძიებას ერთად დაესწრო. ბატონმა პაატა იმნაძემ იმაზეც მიგვანიშნა, რომ “ოცნებას” მხარს უჭერს.

ამ ადამიანებმა ბუნებრივად მოიპოვეს ხალხის ნდობა და პატივისცემა, მას შემდეგ კი ხან გვარწმუნებენ, რომ კორონავირუსის კარგი სტატისტიკა საქართველოში გახარიას დამსახურებაა, ხანაც ასეთ გარემოში გვევლინებიან. ფაქტია, ხელისუფლება იყენებს ამ ადამიანებს საკუთარი მიზნებისთვის და რეიტინგის ასამაღლებლად. სამწუხაროდ, თავის ნებით ან ნების საწინააღმდეგოდ ეს ადამიანებიც ამ თამაშში აღმოჩნდენ.

 

ვირუსი, რომ ხელისუფლების ირგვლივ ხალხის გამაერთიანებლად გამოიყენება წინასაარჩევნოდ ბიძინა ივანიშვილის გამოსვლის ტექსტიდანაც კარგად ჩანს.

“განსაკუთრებული მადლობა ჩემს ხალხს, რომელმაც მაღალი საზოგადოებრივი კულტურა აჩვენა, ენდო ხელისუფლებას და მის გარშემო გაერთიანდა. წვლილი შევიტანეთ იმაში, რომ საქართველო ვირუსისგან თავისუფალ მწვანე ზონად მოიხსენიება.

კრიზისმა დაანახა ყველას, რომ ქვეყნის მართვის სადავეები სანდო ხელშია და რომ „ქართული ოცნების“ ხელისუფლება ქვეყანაში არის სიმშვიდის, სტაბილურობის გარანტი, რაციონალური და პრაგმატული პოლიტიკის გამტარებელი“, – განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

„ჩვენ უნდა გავაორმაგოთ ძალისხმევა და არჩევნების დასრულებიდან მეორე დღესვე უნდა ვიშრომოთ ყოველდღიურად, რათა ჩვენი მიზნების განხორციელება უზრუნველყოთ.

 

ეს მიზნებია:

  • სამუშაო ადგილები და ეკონომიკის გაძლიერება, კეთილდღეობა. არ არსებობს ქვეყნის კეთილდღეობა, თითოეულ ოჯახში კეთილდღეობის გარეშე;
  • ქვეყნის დეოკუპაცია და ზრუნვა ჩვენს დევნილებზე, ყველაფრის გაკეთება, რათა მშვიდობიანად დავაბრუნოთ ისინი მშობლიურ სახლებში;
  • ჩვენი შვილები, ახალგაზრდობა და მათი განათლება;
  • ზრუნვა ჩვენს მოქალაქეზე, ჯანდაცვის და სოციალური დაცვის სისტემის კიდევ უფრო გაძლიერება:
  • ჩვენი ღვაწლმოსილი მოხუცები და მათი, ღირსეული სიბერე;
  • კანონის უზენაესობა, სამართლიანობა, ადამიანის უფლებები:
  • ბოლოს, როგორც ყველაფრის შედეგი, ღირსეული წევრობა დიდ ევროპულ ოჯახში ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებთან ერთად.

 

პოლიტოლოგმა რამაზ საყვარელიძემ, “ფორტუნასთან” განაცხადა, რომ გასული წლებისგან განსხვავებით, მისი აზრით, წელს მმართველი პარტია ეკონომიკასა და განათლებაზე აკეთებს აქცენტს.

“ეკონომიკაზე აქცენტის გაკეთება საქართველოში ისედაც პოპულარულია, თუმცა განათლებაზე პედალირება არც ისე ხშირია.
შეიძლება გვეღირსოს და უფრო მაღალინტელექტუალური წარმოებისკენ წაიწიოს ქვეყანამ. პატარა ქვეყანა ვართ, მძიმე მრეწველობის განვითარების ნაკლები შანსი აქვთ. კომპიუტერულ და ელექტროენერგიაზე აგებულ წარმოებაზე. ამას გულისხმობდა თუ არა თავის გამოსვლაში მმართველი პარტია, დრო დაგვანახებს”, – ამბობს რამაზ საყვარელიძე “ფორტუნასთან” და განმარტავს, რომ ეს პირველი ნაბიჯებია, მომავალში ლოზუნგებიც და საუბრებიც იმის მიხედვით შეიცვლება, რა იქნება აქტურალური იმ დროს ქვეყანაში.

რაც შეეხება კანდიდატებს, წელს გამოიკვეთა ერთი მთავარი ხაზი, მათ ვინც მმართველი ძალის აზრით წარმატებული იყო, ახალი შანსი მიეცა.

ყოფილი მინისტრების მაჟორიტარებად წარდგენას და წარმატებული გამგებლებისთვის კიდევ უფრო მეტი შანსის მიცემას სწორ სტრატეგიად აფასებს რამაზ საყვარელიძე. ის არ ფიქრობს რომ “ოცნებას” ხალხი აღარ ჰყავს და სწორედ ამიტომ იყენებს სიაში ძველ სახეებს.

“ეს სტრატეგია დადებითად უნდა შევაფასოთ. ისინი თან ძველი და გამოცდილი კადრები არიან, თან პარლამენტში ახალ სახეებად მოგვევლინებიან. რომ ამბობენ, ახალი სახეების შემოყვანა უნდა მოხდესო, ვინ უნდა შემოიყვანონ? ახალგაზრდა გოგო-ბიჭები?” – კითხულობს რამაზ საყვარელიძე.

რაც შეეხება სიაში სპორტსმენების რაოდენობას, ექსპერტი ამბობს, რომ ეს ყველა ქვეყანაში ასეა – ხალხს ვინც უყვარს პოლიტიკაშიც ის მოჰყავთ, მაგრამ სხვა წლებისგან განსხვავებით, რამაზ საყვარელიძის თქმით, აქაც 2020 წლის არჩევნების მთავარი ხაზი დაცულია და სპორტსმენებსაც კი პარლამენტში მუშაობის გამოცდილება აქვთ.

ეს სახეები “ოცნების” შექმნილია და ნამდვილად “გოგო-ბიჭობიდან” მოდიან. მათ ვინც დროს გაუძლო – ღარიბაშვილმა, კალაძემ და გახარიამ; კვლავ ვხედავთ მმართველ გუნდში. 2020 წელმა შესაძლოა ასეთი კიდევ რამდენიმე პოლიტიკოსი შექმნას – პარტიამ წელს ამის შანსი დავით სერგეენკოს და კახა კახიშვილს მისცა.

პოლიტიკოსების შანსებს ვხედავთ, შეიძლება მომავალ წლებში, რამდენიმე ისეთი ახალი ფიგურა ვიხილოთ, რომელზეც პოლიტიკური ძალა გარკვეულ საყრდენს გააკეთებს და ბურჯს [ბიძინა ივანიშვილს] “ტვირთის” ზიდვაში შეეშველება.

8 წლის შემდეგ კვლავ გასულ 9 წელზე, მოუშუშებელ ტკივილებზე საუბრით და იგივე დაპირებები ხალხის წინაშე გამოსვლით, რამდენად აქვს შანსი მმართველ ძალას, ან რამდენად მისცემენ ისინი ქვეყანას განვითარების შანსს, ამას მომავალი გვიჩვენებს. გვიჩვენებს, რამდენად შერჩა ხალხს იგივე ემოცია, რამდენად მუშაობს “სისხლიანი 9 წლის” რიტორიკა და მოუშუშდა თუ არა ხალხს “ჭრილობები.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები